აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტებს ზღუდავს, ანალიტიკოსები ამ კონტექტში მოიაზრებენ, როგორც საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებების შეჩერებას, ისე "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" დახურვას.
ამასთან, აშშ ასევე ტოვებს საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც უკრაინის ომის კონტექსტში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებით იყო დაკავებული. საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე კი, კვლავ პასუხგაუცემელია ამერიკის ნატო-ში დარჩენის საკითხი.
როგორც ანალიტიკოსები "რეზონანსთან" ამბობენ, ტრამპი თავისი პოლიტიკური კურსით იზოლაციონისმიზკენ იხრება, თუმცა, შესაძლოა ეს იყოს "შერჩევითობის პრინციპით", რომელიც პრიორიტეტად ისახავს კონკრეტულ რეგიონებს და სახელმწიფოებს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ აშშ ცალკე პოლუსად იქნება წარმოდგენილი და არა ერთიანი დასავლეთის კონტექსტში, შესაძლოა მისი ჰეგემონობა ამით შემცირდეს, რაც ანტიდემოკრატიული ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს და ეს საქართველოსთვისაც კარგი არაა.
საით მიდის აშშ-ს საგარეო პოლიტიკა
როგორც სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, ტრამპი ცდილობს თავისი ნაბიჯები იზოლაციონისტური პოლიტიკის კონტექსტში გაატაროს, თუმცა, საგარეო პოლიტიკური აქტივობა ამით არ შემცირდება.
"ტრამპი ცდილობს ეს ნაბიჯები იზოლაციონისტური პოლიტიკის კონტექსტში გაატაროს, თორემ მემგონი ამერიკის საგარეო პოლიტიკური აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება. უკრაინის მიმართულებთ ტრამპი მიხვდა, რომ ფიასკო განიცადა, რაც დამანგრეველია წინასაარჩევნო დაპირებებიდან გამომდინარე. ახლა ის ცდილობს, რომ პრიორიტეტები სხვა მიმართულებებით გადაიტანოს.
"ტრამპს თავისი პირველი ვადის პერიოდში შერჩევითი საგარეო-პოლიტიკური დოქტრინის პრინციპი ჰქონდა და დიდი ალბათობით ამ პრინციპს მეორე ვადითაც გააგრძელებს. მან თავიდანვე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო - აღმოსავლეთ ევროპული მიმართულება, სადაც საუბარია უკრაინის ომის პერიპეტიებზე. ეს მიმართულება ფაქტიურად უკვე ჩააგდო, დაკარგა ინტერესი და გადავიდა ახლო აღმოსაველთის მიმართულებაზე და სპარსეთის ყურეზე, ასევე აზერბაიჯანისკენ.
"იუტკოფი, რომელიც ტრამპმა რუსეთის საკითხებში მომლაპარაკებლად დანიშნა, მოსკოვის ვიზიტის მერე ბაქოში ჩავიდა, რაც საინტერესო მოვლენაა. მეორეც, აშშ-ს ადმინისტრაციამ შესთავაზა, რომ აბრაამისტულ შეთანხმებას აზერბაიჯანიც შეუერთდეს, რაც უკვე ნიშნავს, რომ ამერიკისთვის კავკასიის რეგიონიც პრიორიტეტი ხდება. ესაა ნეოიზოლაციონისტური პოლიტიკური კურსი, ოღონდ შერჩევითობის პრინციპით.
"როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს, რომ კავკასიის რეგიონი მიაბას ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას, სადაც აზერბაიჯანია, იქ საქართველოც და სომხეთიცაა. სომხეთის და აზერბაიჯანის პოლიტიკურმა ლიდერება უფრო ხშირად დაიწყეს ვიზიტები ვაშინგტონში. ერთი მემგონი "ქართული ოცნების" ლიდერშიპი ვერ ჩადის აშშ-ს ადმინისტრაციასთან და აქ აშშ-ს ელჩი ხვდება მათ ლიდერშიპის და მარტო ამ დონეზე დაიყვანეს ურთოერთობა.
"როგორც ჩანს, ამერიკის ინტერესი საქართველოს მიმართ იქნება საკმაოდ მაღალი, ალბათ მაის-ივნისში ქართული საკითხი იქნება ყველზე მნიშვნელოვანი. იმიტომაც მოხდა მეგობარი აქტის განხილვის გადატანა 27 მარტს, რომ ამერიკას სურს, რომ სერიოზულად მოეპყროს მის მიღებას და შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს დღევანდელ პრორაშისტულ ხელისუფლებაზე.
არ გამოვრიცხავ, ტრამპი ეცადოს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის ლოკაცია ვაშინგტონში გადაიტანოს და თუ ხელი იქ მოეწერა, ეს კიდევ უფრო მაღლა ასწევს ამერიკის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას. ტრამპის პირველ ვადაში კავკასიის ნასახიც კი არ იყო. უკრაინის მერე ტრამპი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ვექტორებზე გადაერთვება.
"მოგეხსენებათ "რადიო თავისუფლება","ამერიკის ხმა", "იუესაიდი" წარმოადგენდა ამერიკის საგარეო პოლიტიკის მთავარ ინსტრუმენტებს და მთავარ დასაყრდენ ძალას, ეს იყო მისი რბილი ძალა. დღეს ტრამპი ამას რადიკალურად ცვლის და რა ახალ ინსტრუმენტებს შემოგვთავაზებს, ამას დრო გვიჩვენებს. ამასთან, ამ ორი მნიშვნელოვანი პორტალის გაუქმებით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ეკონომიას გააკეთებს, ამასთან არაა გამორიცხული მასკის დახმარებით სხვა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოიყენოს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა აშშ თავისი პოლიტიკით იზოლაციონისმისკენ იხრება, რაც ახალისებს ანტიდემოკატიულ ძალებს მსოფლიოში.
"აშშ-ს დღევანდელი ხელისუფლების დიდი შეცდომაა ამ მედიაპლატფორმების და "იუესეიდის" დახურვა, რადგან ეს მსოფლიოში ამერიკის გავლენის ზრდას შეუძლის ხელს. ისედაც არის გარკვეულ ქვეყნებში ანტიამერიკული განწყობები და კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
აშშ საერთაშორისო დახმარებაზე 50 მილიარდამდე დოლარს გამოყოფდა, ამ დროს მაშშ-ს ბიუჯეტი 3 ტრილიონს აღემატება, ხოლო მშპ სადღაც 30 ტრილიონია და დიდ ფინანსურ დანაკარგს არ განიცდიდა.
"რადიო თავისუფლებამ" და "ამერიკის ხმამ" დიდი როლი შეასრულეს ცივი ომის დასრულებაში, რადგან აშშ-ს მხრიდან საინფორმაციო კამპანია მიდიოდა, ამ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ რადიოებს საბჭოთა ხელისუფლება ახშობდა, რომ მოსახლეობას სიმართლე არ გაეგო, თუმცა სიმართლემ მოსახლეობის გარკვეულ ფენებამდე მაინც მიაღწია, ახლა ტრამპისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
"ახლა აშშ თავისი პოლიტიკით იზოლაციონისმისკენ იხრება, რუსეთ-უკრაინის ომის მერე მსოფლიო სამპოლუსიანი გახდა, ერთის მხრივ რუსეთი და მისი თანამოაზრე ანტიდემოკრატიული ქვეყნები, მეორეს მხრივ დასავლეთის დემოკრატიული სამყარო - აშშ-ევროპა და მათი პარტნიორები და მესამე მიუხმრობლობის მოძრაობის წევრები, ახლა კი ოთხპოლუსიან სამყაროსკენ მივდივართ, ცალკე პოლუსად ყალიბდება აშშ და ცალკე პოლუსად ევროპა და მისი სტრატეგიული პარტნიორები.
"ამერიკა ცალკე პოლუსად დარჩება, თუმცა მისი ჰეგემონობა ამით შემცირდება და ტრამპი ამ პროცესს გარკვეულწილად აჩქარებს. თითქოს ეკონომიკური მიმართულებაა პრიორიტეტი, მაგრამ ამ მხრივად სწორი ნაბიჯები არ არის გადადგმული. ამერიკის დასუსტება დემოკრატიულ საზოგადოებას არ აწყობს და მათ შორის არც საქართველოს, ეს ანტიდემოკრატიული ძალების წისქვილზე ასხამს წყალს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რა ნაბიჯებს დგამს ტრამპის ადმინისტრაცია
ამერიკული მედიის ინფორმაციით, „ამერიკის ხმის" სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან მიიღეს ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები, მათთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადი ელფოსტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.
პარალელურად, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მიიღო „რადიო თავისუფლების" გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, რომელიც დილით გაეგზავნა მენეჯმენტს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების" ფედერალური გრანტები.
„გრანტი აღარ შეესაბამება სააგენტოს პრიორიტეტებს. შესაბამისად, პრეზიდენტის 2025 წლის 14 მარტის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს სააგენტოს, აღმოფხვრას ყველა არასავალდებულო აქტივობა, სააგენტო წყვეტს გრანტს", - აღნიშნულია წერილში.
შეტყობინების თანახმად, „რადიო თავისუფლებას" უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში. ორგანიზაციას ასევე მოუწოდებენ, რომ დროულად დააბრუნოს ყველა გამოუყენებელი თანხა, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღო.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას", „რადიო თავისუფლებას" და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს.
„ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს ასევე მოიცავს პერსონალის შემცირებას.
„ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, „ამერიკის ხმის" გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-სა და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას.
ამასთან, 10 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ვაშინგტონი ოფიციალურად აუქმებს USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს.
„5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი იხარჯებოდა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აზიანებდა კიდეც) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.
"კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროგრამების დარჩენილი 18%-ის (დაახლოებით 1000 კონტრაქტი) უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება განხორციელდეს. მადლობა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და ჩენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომელმაც მრავალი საათი იმუშავა ამ დიდი ხნის საჭირო და ისტორიული რეფორმის მისაღწევად", - წერს მარკო რუბიო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე