ნაწილი ოპოზიციისა კატეგორიულ უარს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ნაწილი კი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, „უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ", ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება პროცესში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ექსტრემისტულ პარტიებში" იგულისხმება ის ძალები, ვინც „ღიად, თუ ფარულად კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოითხოვს". ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" სამართლებრივი შეფასების პროცესი ადგილობრივ არჩევნებს უბრალოდ დაემთხვა და „არანაირ თანხვედრაში არაა", თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტამდეც კი მივიდეს პროცესი და პარტია აიკრძალოს.
"ექსტრემისტული პარტია არის განსაზღვრებით ის პარტია, რომელიც ღიად თუ ფარულად კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას მოითხოვს. სამწუხაროდ, მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვიგია, რომ პარლამენტის შენობის გარეთ მოწყობილ აქციებზე ნაცტელევიზიებიდან თუ სხვადასხვა საჯარო სივრციდან არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკოსების, არამედ მათი მომსახურე არასამთავრობოების წარმომადგენლებისგან, რომ ლეგიტიმური მთავრობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო და ძალაუფლება ხალხს გადასცემოდა - რაღაც ასეთი კომუნისტური ლოზუნგები იყო, ამას აუცილებლად რეაგირება სჭირდება.
"ნაცმოძრაობის" წარსული დანაშაულები, პირველ რიგში სამშობლოს ღალატს ეხება - 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ოკუპაციის აშკარად და მოღალატეობრვად წაქეზება და სხვა სისტემური დანაშაული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამას კომისია პარლამენტის დონეზე გამოიძიებს და უდიდესი ალბათობით, შემდგომი სისხლის სამართლებრივი რეაგირებისთვის მასალები პროკურატურას გადაეცემა. თავად კომისიის წევრებმა და სამუშაო ჯგუფების მონაწილეებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ უყურებენ არანაირ საარჩევნო კალენდარს იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული საქმე უნდა იყოს გამყარებული ძალიან სოლიდური მტკიცებულებებით და ეს ასეც იქნება.
"შესაბამისად, როდის დაამთავრებენ ისინი მუშაობას, ზაფხული იქნება, შემოდგომა, თუ ამ წლის რომელიმე სხვა თვე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არანაირ პარალელურ რეჟიმში და თანხვედრაში არ მიდის საარჩევნო პროცესებთან. ის ცალკე სხვა მომენტია, მაგრამ როგორც კი დამთავრდება მათი მუშაობა და გამოიკვეთება პოლიტიკურ-მორალური დანაშაული წინა ხელისუფლების ჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია იქ დადგება პროკურატურის რეაგირების საჭიროება და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი პარტია უნდა აიკრძალოს, როგორც ხდება ნებისმიერ ქვეყანაში.
"ანტიქართულ ძალებს წინ ძალიან დიდი თავგადასავლები ელით. მათი მხრიდან ძალიან სასაცილოა ე.წ. მორიგი ბოიკოტი, რომ ვითომ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. ერთია, რომ მოახლოებულ მართლმსაჯულებას გრძნობენ და მეორეა, რეიტინგები კიდევ უფრო დაუვარდათ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც პაპუაშვილმა განაცხადა, სავსებით სამართლიანია, ეს საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრიცაა, რომ ანტიქართული ძალები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა მოქმედებდნენ. მეტიც, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ლორა თორნტონს საერთოდ უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. დიახაც, არა მხოლოდ ანტიქართულ და ანტისახელწიფოებრივ ამერიკელ ლორა თორნტონს, არამედ სხვა დასავლელ პოლიტიკურ აქტორებსაც, რომლებიც ღიად და დაუფარავად მტრობენ ჩვენ სახელმწიფოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეკეტოთ საქრათველოს საზღვარი და გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად. კმარა ამდენი ტიქსიკური პარაზიტის ატანა საქართველოს მიწა-წყალზე", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, საკუთარი განცხადებების მიუხედავად თვითმმართველობისა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება და ასეც მოხდება. უმჯობესი იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ეს რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდწილად გათავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია გახარიას მარგინალური ჯგუფი, იმედია, ისინიც გავლენ პარლამენტიდან. სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც კარგი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე