ჩიხში შესული საპროტესტო პროცესის ფონზე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც ლიდერის ჩანაცვლებაა საჭირო, თუმცა ვერ ასახელებენ ისეთ კანდიდატს, რომელიც შეძლებს როგორც შიდა, ასევე საგარეო პროცესების მართვას. ამავე დროს, ბევრი ოპოზიციაში ხვდება, რომ აუცილებელია ისეთი ფიგურა, ვინც აქციებს ჩაუდგება სათავეში.
„სალომე ზურაბიშვილის ჩამნაცვლებელი პოტენციურად შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ბოლო თვეებში როგორც ამ პოლიტიკოსებმა გამოაჩინეს თავები, ასეთი სრულფასოვანი კონკურენტი არაა", - განაცხადა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი ყოფილი პრეზიდენტი არც არის ისეთი წამყვანი ფიგურა, რომ პროცესები მართოს: „მას ერთხელ ჰქონდა შანსი, რომ ხალხის ყურადღება მიეზიდა, როცა თქვა „ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან". ახლა სიტუაცია სხვაა".
იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციურ სპექტრში არ ჩანს ისეთი, ვინც სალომე ზურაბიშვილის ჩამნაცვლელად მივიჩნიოდ.
„ოპოზიციაში შეიძლება პოტენციურად არის ისეთი, ვინც შეიძლება სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლოს და ლიდერობა შეძლოს, თუმცა იმ რეპრეზენტაციით, რაც ბოლო დროს პოლიტიკოსებს შორის ხდება, ამის საფუძველზე ყველაზე მეტი კეთილგანწყობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ არის. ყველაზე უფრო მეტი გამაერთიანებელი ძალა ზურაბიშვილშია და პრინციპში, ამას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა კეთილგანწყობის პოზიტიურ ველში ხვდება.
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ჩამნაცვლებელი პოტენციურად არსებობდეს, რომელიც შეძლებს შიდა და საგარეო პროცესების მართვას, მაგრამ ამ პოტენციას გამოვლინება სჭირდება. ბოლო თვეებში როგორც ამ პოლიტიკოსებმა გამოაჩინეს თავები, ასეთი სრულფასოვანი კონკურენტი არაა", - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძის აზრით, ოპოზიციაში არავინაა, ვინც შეძლებს საგარეო და შიდა პროცესების მართვას.
„არის ვინმე ვისაც შეუძლია შიდა და საგარეო პროცესების მართვას? მე ვერ ვხედავ და მგონი მოსახლეობაც ვერ ხედავს. ასეთი ვინმე, რომ იყოს, მისი გამოჩენა აქციებზე ხალხს დააინტერესებდა და მიიზიდავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიების ფიგურები რომც გამოჩნდნენ აქციებზე, პირიქით ხალხი მათ დანახვაზე გარბის. ამ სიტუაციაში როგორ ვთქვა, რომ ვინმეს ხალხის მიზიდვის უნარი აქვს?" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ფიქრობს, როიმ სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე.
„სალომე ზურაბიშვილი არ არის ისეთი წამყვანი ფიგურა, რომ პროცესები მართოს. მას ერთხელ ჰქონდა შანსი, რომ ხალხის ყურადღება მიეზიდა, როცა თქვა „ქაჯები კი არ მოდიან, მიდიან". მაშინ ყოველგვარი დაპატიჟების, მუქარების და იძულების გარეშე გავიდა ხალხი იპოდრომზე მის შესახვედრად. რაღაც ქარიზმატული ელემენტი გაჩნდა და ხალხმა რეაქცია მისცა. თუკი ასეთი ელემენტი არ არის, რამდენიც არ უნდა უძახონ ხალხს არ გამოვა. ნუ, რაღაც რაოდენობა კი, მაგრამ ისეთი არა, რომ პოლიტიკურ პროცესზე გავლენა მოახდინოს."
იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა შესუსტდა და აღარ არის ჩართული შიდა მიმდინარე პროცესებში ისე აქტიურად, როგორც იყო. თუკი სალომე ზურაბიშვილი ისევ აქტიურად აგრძელებს მუშაობას, ოღონდ კულუარებში და ფარდის მიღმა, უმჯობესია, რომ „ეს ფარდა უფრო გამჭვირვალე გახდეს" და საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული იყოს პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ.
„მე ერთი რამ უნდა ვთქვა, რაც შესამჩნევია ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ბევრ ადამიანთან მისაუბრია ამასთან დაკავშირებით და მათაც გამოუთქვამთ წუხილი. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა შესუსტდა, შენელდა. არ ვგულისხმობ საერთაშორისო აქტიურობას მაინცდამაინც, ვგულისხმობ შიდა აქტიურობას. ის აღარ არის ჩართული შიდა მიმდინარე პროცესებში ისე აქტიურად, როგორც იყო. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი, ახალ შეთანხმებაზე მუშაობა და დროებითი პაუზა აიღო სალომე ზურაბიშვილმა, თუ არის უთანხმოება პოლიტიკურ პარტიებთან.
მე უბრალოდ ვურჩევდი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ თუ მუშაობა მიმდინარეობს, საჭიროა ამ მუშაობის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შემოტანა. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში და არ უნდა იყოს ინკოგნიტო ან კულუარული პროცესი, რომლის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.
მე ვხედავ პრინციპულ განსხვავებას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტიურობას შორის, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, არა თუ ბოლო თვეებში და კვირებში, ბოლო დღეებშიც კი და ვხედავ მისი პოლიტიკური აქტიურობის ხარისხს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ არის და ეს განსხვავება არის საგრძნობი და აშკარა. მე პირადად და ოპოზიციურად განწყობილ ბევრ ამომრჩეველს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს აქტიურობა არ შენელდებოდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აქტიურობა იმავე ტემპით გრძელდება, ოღონდ ეს აღარ ჩანს მედიაში იმიტომ, რომ ის არ არის ოფიციალური პირი, საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე ამის ნაკლებად მჯერა იმიტომ, რომ არსებობს საზოგადოების წინაშე რეპრეზენტაციის უამრავი საშუალება, კლასიკური მედია, სოციალური მედია და ა.შ. მე ვხედავ, რომ აქტიურობა შენელდა და არ ვიცი ეს ზუსტად რას მივაწერო. თუ ფარდის მიღმა მუშაობა ისევ აქტიურად მიმდინარეობს, ჯობია, რომ ეს ფარდა უფრო გამჭვირვალე გახდეს და საზოგადოება უფრო მეტად ინფორმირებული გახდეს პრეზიდენტის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი ბოლო კვლევის თანახმად, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩევლების საერთო შერჩევის ფონზე აქვს კეთილგანწყობის მაღალი მაჩვენებელი, არის სალომე ზურაბიშვილი. ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფში სხვა პოლიტიკოსების მიმართაც არსებობს პოზიტიური განწყობები, მაგრამ საერთო მოსახლეობის განწყობებს თუ გავითვალისწინებთ, ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს დადებითი განზომილება არის სალომე ზურაბიშვილი. ამ ბონუსის გაფანტვას, დაკარგვას არ ვურჩევდი მე პირადა სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე