ნატალია ჯვარიძე
(08.03.2025)

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა უცხოელი ელჩები, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების სასამართლო პროცესებს ესწრებინ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევაა და ასევე მიანიშნა, რომ ელჩები ამით საერთაშორისო კონვენციებს არღვევენ. რამდენად რელევანტურია ეს ბრალდებები და აქვს თუ არა ამას რაიმე სამართლებრივი საფუძველი?

„ნებისმიერ პირს, მნიშვნელობა არ აქვს ის საქართველოს მოქალაქეა თუ სხვა ქვეყნის, თანამდებობის პირია, თუ არაა, ყველას აქვს უფლება დაესწროს სასამრთლოს სხდომას", - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ამ საკიტხზე „რეზონანსთან" საუბრისას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ელჩების მიერ სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენის შესახებ საუბრობს: „სასამართლოზე მათი დასწრება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენა. ამას მგონი დიდი ჩაღრმავებული ანალიზი არ სჭირდება".

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში პირდაპირი პოლიტიკური ჩარევაა.

„ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ეს არის დღესავით ნათელი. მე ყველას მოვუწოდებ, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, მისი პრინციპები. ასევე დაიცვან კონვენციები, რომლითაც არიან შებოჭილი უცხოელი ელჩები, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. დღემდე, სამწუხაროდ, ეს პრინციპები და კონსტიტუციური ნორმები დაცული არ არის. იმედია, მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის საპასუხოდ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ კუბერნატმა განცხადებაც გააკეთა და „იქსზე" დაწერა, რომ „ჩეხეთის საელჩო დაესწრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას- საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს"

„ჩეხეთის საელჩო დაესწრო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას. გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის TRANSITION პროგრამის მეშვეობით დახმარებას. საქართველოში სამართალი არ შეიძლება შერჩევითი იყოს!" - წერს კუბერნატი.

ირღევა თუ არა დიპლომატიური ეტიკეტი

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მოსაზრება, რომ ელჩები ამით რაიმეს არღვევენ, ან ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სასამართლოზე, ყოვლად არასამართლებრივია.

„რა კონვენციებს არღვევს - თქვას კობახიძემ, რადგან მე არ ვიცი. რაც შეეხება სასამართლოზე დასწრებით ზემოქმედებას, მოდით ვთქვათ ასე - კონსტიტუციით და კანონის თანახმად, სასამრთლო სხდომები საჯაროა, თუ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვის თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს - მნიშვნელობა არ აქვს ის საქართველოს მოქალაქეა თუ სხვა ქვეყნის, თანამდებობის პირია, თუ არაა - ყველას აქვს უფლება დაესწროს სასამრთლოს სხდომას.

„ასე რომ, ეს შეფასება, თითქოს ელჩები ამით რაიმეს არღვევენ, ან ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას სასამართლო სხდომაზე, ყოვლად არასამართლებრივი და გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ პირის მხრიდან,რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს უწოდებს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ვინაიდან პრემიერმა ელჩებზე ეს განაცხადა მას საამისო არგუნენტებიც ექნება.

„ეს საკითხი უფრო სამართლის სპეციალისტების კომპეტენციაა და ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელ კონვენციას და რომელ მუხლს არღვევენ ეს დიპლომატები. რადგანაც პრემიერი საუბრობს ამაზე, როგორც ჩანს, მას საამისოდ აქვს არგუმენტები. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ხელისუფლება მეტ სიცხადეს შეიტანს ამ საკითხში და ზუსტად ეტყვის მოქალაქეებს, კონკრეტულად რა კონვენციის მუხლი და რა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვიეს ელჩებმა სასამართლოზე დასწრებით", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

შესაძლო ზეწოლა სასამართლოზე

ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ელჩების მხრიდან სასამართლო პროცესზე დასწრება პირდაპირ თუ არა, ირიბად მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ქართულ მართლსაჯულებაში ერევიან და ცდილობენ სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენას.

„ჩემი აზრით, ასეთი დემონსტრაციული დასწრებები სასამართლო სხდომებზე არის გარკვეული ზემოქმედების მექანიზმი, რადგან როცა მოსამართლე ხედავს, რომ იქ ესწრება რომელიმე ქვეყნის ელჩი, რა თქმა უნდა, შესაძლოა ეს სიტუაცია თეორიულად მაინც ბოჭავდეს მას. ამიტომაც, ვფიქრობ, აქ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - არღვევს ელჩი საერთაშორისო კონვენციას? არღვევს მასპინძელ ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობის ეტიკეტს და გადის ჩარჩოებიდან? ის უნდა დაიბარონ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება. მარტო მიკროფონებთან გამოსვლა, ვიშ-ვიში და დამუნათება, რომ ისინი არღვევენ კონვენციას, ამის იქით საქმე არ მიდის და ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდება.

„ჩემი აზრით, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინსტროს განცხადება, რომ თურმე მეასე დღეა პროტესტის და საქართველოს ხელისუფლებას კარნახობენ რა უნდა გააკეთოს, ეს არის პირდაპირ თუ ირიბად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. იქაც ხდება მიტინგები, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ხომ არ კანახობს რა უნდა გააკეთონ? ეს არის ერთგვარი დიდი სურათის ნაწილი, რათა, როგორც ჩანს, იმ კონგლომერატს, რასაც ჰქვია ევრობიუროკრატია, რასაც ხელისუფლება უწოდებს, სურს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას" როგორმე პოზიციები შეურყიოს.

„სასამართლოზე მათი დასწრება პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს არის სასამართლოზე ზემოქმედების მოხდენა, ამას დიდი მგონი დიდი ჩაღრმავებული ანალიზი არ სჭირდება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე