ოპოზიციისგან გაიჟღერა იდეამ, რომ ორი - ადგილობრივი თვითმმართველობის და ახალი საპარლამენტო არჩევნები ერთად ჩატარდეს. "ქართულ ოცნებაში" კი საპასუხოდ ამბობენ, რომ ოპოზიციის "ხასიათის" მიხედვით ქვეყანაში "საკონსტიტუციო პროცესს ვერ შეცვლიან",
ანალიტიკოსები "რეზონანსთან" ფიქრობენ, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს, "ოცნება" კი ამას კატეგორიულად გამორიცხავს.
"ქართული ოცნების"დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" კონსტიტუციაში გაწერილი გეგმის მიხედვით იმოქმედებს და თუ ოპოზიცია თვლის, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკანონოა, რის გამოც ორი არჩევნების ერთად ჩატარებას ითხოვს, მაშინ კონკრეტული არგუმენტი უნდა მოიტანონ.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის მიხედვით ვიმოქმედოთ, როგორც არის კონსტიტუციით და კანონით გაწერილი ისე ვიმოქმედოთ, რამდენ ჯერზე ოპოზიციას რამდენი აზრი გაუელვებს თავში და რამდენი ხასიათი შეეცვლებათ, იმისდა მიხედვით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში საკონსტიტუციო პროცესს და არჩევნების პროცესს ვერ შევცვლით.
"კანონის მიხედვით უნდა ჩატარდეს ყველაფერი, თუ სადმე უკანონობაა, მაშინ ამ უკანონობასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი უნდა მოიტანონ და არა ის, რომ არ მაწყობს შედეგი და ამიტომ ახლიდან ჩავატაროთ", - განაცხადა ქადაგიშვილმა "რეზონანსთან".
"ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა, გვესაუბრა იმაზე, რომ თუ ამ არჩევნების დრო მოდის, შეიძლება ორი არჩევნები ჩატარდეს ერთად. თუ ხელისუფლებას სურს, რომ კონსტრუქციულად განვითარდეს ქვეყანაში პროცესი, ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი სურვილია, ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ გამოვა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ერთი ამოცანა - შეიქმნან კომფორტი, გაიხანგრძლივონ ხელისუფლების ვადა, იფიქრონ, რა მოეწონება ივანიშვილს და ა.შ." , - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა "პალიტრანიუსთან".
"ასეთ პირობებში ოპოზიციის შანსები კიდევ უფრო დაეცემა"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ არათანმიმდევრული განცხადებების პირობებში, ოპოზიციას რაიმე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება გაუჭირდება და რეიტინგს უფრო დაკარგავს.
"ოპოზიციაში არათანმიმდევრულად და არაადეკვატურად ხან ამბობენ, რომ არსებულ საარჩევნო სისტემას და მართლსაჯულებას არ ენდობიან და ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, სანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლების "დემონტაჟი" არ მოხდებაო, ხან ამბობენ, რომ არსებულ პირობებში ადგილობრივ არჩევნებში ჩაერთვებიან, ხან იმეორებენ იმ აუსრულებელ ოცნებას, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჰქვია.
"ასეთ პირობებში, რომელიც წლებია გრძელდება, შეუძლებელია რაიმე პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება ნებისმიერ არჩევნებში. ეს წყლის ნაყვა გაგრძელდება და 2024 წლის ოქტომერში ოპოზიციის მიერ მოპოვებული პროცენტები კიდევ უფრო დაეცემა. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ხედავს, თუ რა სავალალო და გამოუვალ მდგომარეობაში არიან ნაცოპოზიციონერები.
"ქართულმა ოცნებამ" ხაზგასმით არაერთგზის თქვა, რომ გამორიცხულია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ლეგიტიმური, თავისუფალი და დემოკრატიული, რაღაც ნებისმიერი ინსინიუაცია გინდ რადიკალებისა და გინდ მათი ევროპელი მფარველებისგან არაფერს ნიშნავს. ადგილოვრივი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თანხვედრად ჩატარება გამორიცხულია, იქნება თვითმმართველობის არჩევნები, სადაც რადიკალური ოპოზიციის შანსები კიდევ უფრო დაეცემა", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
"ტექნიკურად შესაძლებელია"
კონსტიუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ორი არჩევნების ერთად ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია მხარეების შეთანხმების საფუძველზე.
"ტექნიკურად შესაძლებელია, ოღონდ ვინ ჩაატარებს არჩევნებს ეგ არის პრობლემა. თუ არჩევნები ისევე ჩარტარდა, როგორვ გასული წლის ოქტომბერში, მაშინ შედეგიც ანალოგიური იქნება. გარანტია იმისა, რომ არჩევნები წესიერად გაიმართება, არ არის. აქ მთავარია საპარლამენტო არჩევნები - ეს არის ყველაფრის განმსაზღვრელი და ადგილობრივი არჩევნები კი შეიძლება მასთან ერთად, ან მის შემდეგ, მაგრამ მანამდე(პარლამენტის არჩევნებამდე) არ უნდა იყოს, რადგან გარანტრებულად ოქტომბრის არჩევნების ანალოგიური შედეგი იქნება და კიდევ უფრო მძიმე იქნება ოპოზიციისთვის.
"როცა მორიგ არჩევნებზეა საუბარი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღი კოსნტიტუციითაა განსაზღვრული. საპარლამენტო არჩევნები არის ოქტომბრის თვის ბოლოს, ადგილობრივი არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში. თუ ორივე მორიგია, ერთდროულად ვერ ჩატარდება, ახლა წლებში კი აცდენილია, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთსა და იმავე წელს მოუწიოს, ასეთ შემთხვევაში, ადგილობრიოვი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის დასაწყისში უნდა გაიმართოს, ოქტომბრის ბოლოს კი, საპარლამენტო არჩევნები, თუ არ შეიტანენ ცვლილებას საარჩევნო კოდექსში და არ შეცვლიან ადგილობრივი არჩევნების ვადას.
"მაგრამ ახლა საპარლამენტო არჩევნების მორიგ არჩევნებზე კი არა, არამედ აქ ლაპარაკია ახალ არჩევნებზე, ამჟამად ქვეყანა კონსტიტუციური რეჟიმიდანაა გასული, შესაბამისად, რაიმე ნორმა, ან კონსტიტუციით, ან კანონით, თუ როდის, როგორ, ვინ უნდა დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები უბრალოდ არ არსებობს. ასეთი არჩევნები შეიძლება გაიმართოს მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უნდა მოხდეს ფაქტობრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა შეთანხმება იქნება და იქნება თუ არა საერთოდ შეთანხმება, ეს უკვე მეორე საკითხია, წინასწარ ვერავინ გეტყვით როგორ უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. ადგილობრივ არჩევნებს კი კონსტიტუციის თანახმად ნიშნავს პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენთან დღეს პრეზიდენტის ლეგიტიმურობის საკითხიც პრობლემურია და თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, მის მიერ გამოცემული აქტიც არალეგიტიმური იქნება, ამიტომ მთავარი პრობლემა ახლა ქვეყნის კონსტიტუციურ რეჟიმში დაბრუნებაა",- განაცხადა ხმალაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე