ნატალია ჯვარიძე
(07.03.2025)

„საინტერესოა, ვისი ფულით დადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა. მან ოპოზიციონირების ესტონეთში ვიზიტზე აღნიშნა, რომ ისინი იმ დედაქალაქებში არიან, რომლებიც საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ.

„მიზანი არის ნათელი, რაც ამ სამ ქვეყანას, მათ ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვს, არის კანონიერი ხელისუფლების შეცვლა და როგორც ჩანს, სურვილია, მოვიდეს ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ივლის მათ ჭკუაზე. მე ამაზე დავწერე კიდეც, რომ მიზანი სულ სხვაა. ამ სამი ქვეყნის ხელისუფლებებს საქართველოს მიმართ აქვთ ერთადერთი ინტერესი. ეს ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიყოთ იარაღი და ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან მიმართებით და იმის ნაცვლად, თამამად დადგნენ, ამ შიშებს გაუმკლავდნენ, თუ ბრძოლა უნდათ, იბრძოლონ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების ხელით აიცილონ ეს, ყურადღება გადაატანინონ რუსეთს სხვა საკითხებზე."

პაპუაშვილის თქმით, „საინტერესოა, ვისი ფულით დადიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთი უცხო ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ".

„გახსოვთ, თავის დროზე ლუსტრაციის კანონის მიღება უნდოდა ხალხს, რათა გამოვავლინოთ, უცხო ქვეყნის გავლენას ვინ ახორციელებს საქართველოში. თავად ლუსტრაციის მოსიარულე კანონები არიან - პირდაპირ ჩანს, რომ არიან ზუსტად იმ დედაქალაქებში, რომლებიც ცდილობენ საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლას და ჩანაცვლებას მათთვის სასურველი მარიონეტული ხელისუფლებით. სხვათა შორის, სხვა საკითხია, ვისი ფინანსებით დადიან, ესეც საინტერესოა. ამაზე ილაპარაკონ, ქართველი პოლიტიკოსები რომ არიან და სხვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ. აჩვენონ საზოგადოებას გამჭვირვალედ ან ბილეთი როგორ იყიდეს, ან იქ განთავსება ვინ გადაიხადა, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ ტურებში, რათა ზოგიერთ უცხო ხელისუფლებას საქართველოში კანონიერი ხელისუფლების შეცვლაში დაეხმარონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს: „არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ თავდამსხმელები „ოცნებასთან" აფილირებული პირები იყვნენ".

„არანაირი კომენტარი არ შემიძლია ამაზე გავაკეთო. თავის დროზე ვთქვი და შევაფასე კიდეც. რაც შეეხება იმას, შემდეგ რა მიდის, რა არ მიდის, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებში, მაგრამ როცა ჰკითხეს, საიდან გაქვს ეს ეჭვიო, აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა და არანაირი სხვა ხელმოსაკიდი ფაქტი არ ჰქონდა. ასე რომ, სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით იქმნება საქართველოში და რომლის თანამონაწილეც არის, მათ შორის ქალბატონი სალომე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები", - უპასუხა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულება აჩვენებს ერთ რამეს, რომ ძალადობის, იმ დეზინფორმაციის და პროპაგანდის მხარდაჭერაა, რომელიც ვრცელდება.

„ზუსტად ასე განვიხილავ მე, მათ შორის, მის ყოფნას ყვარელში, იმ ორგანიზაციაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ უცხო ქვეყნების მოქმედებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სირცხვილია, როდესაც ეროვნებით, მოქალაქეობით ქართველი ადამიანი ხარობს, რომ ლაშა ტალახაძეს უწესებს სანქციებს რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა საგარეო საქმეთა მინისტრი. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ელჩის ვიზიტი ყვარელში, ზუსტად ამისი ჩვენება იყო, რომ ის ამხნევებს იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების მოქმედებას მიესალმებიან, აგულიანებს, აფინანსებს, ახალისებს და საბოლოო ჯამში, ამით აზიანებს საქართველოს - როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ამ ყველაფერს უყურებს როგორც მცდელობას, დაზიანდეს ქართული საზოგადოება.

„ხანდახან თვითონ რომ ირონიით საუბრობენ, თითქოს ყალბი ბრალდებაა, რომ ქართველობას გვაკარგვინებენ. აბა სხვა რა არის? სხვა რა არის, როდესაც ადამიანი ხარობს, რომ ლაშა ტალახაძეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ასანქცირებს. აი, სხვა რა არის, თუ არა დაკარგვა ყოველგვარი კავშირისა საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ქვეყანასთან, საკუთარ საზოგადოებასთან და ასეთ უსამშობლობას ახალისებს, მათ შორის ასეთი ქცევები, როდესაც ტაშს უკრავენ, აფინანსებენ და გვერდში უდგებიან მათ, ვინც ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, პრესის თავისუფლების გარეშე არ არსებობს დემოკრატია".

პაპუაშვილის შეფასებით, ასეთი განცხადებები აჩვენებს, რამდენად არ სცემენ პატივს კანონის უზენაესობას და დემოკრატიას ქვეყნები, რომლებიც სიტყვით ამას ქადაგებენ.

„კანონის უზენაესობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. როგორც ჩანს, შესაძლოა, მათთვის კანონის უზენაესობა სხვა ქვეყნებში იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც საკუთარ ქვეყნებში. ეს გამოჩნდა კიდევაც მაშინ, როდესაც ბელგიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ითხოვენ კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლებას და კრიმინალი კეზერაშვილის მედია გურუდ შერაცხვას. ასე რომ, ბელგიის მთავრობის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია ევროპარლამენტის რეზოლუციიდან, სადაც მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კრიმინალების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ასე რომ, ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას კანონის უზენაესობის მიმართ სხვა ქვეყნებში. როგორც ჩანს, ზოგიერთ ხელისუფლებას ქართველი ხალხისთვის არ ემეტება კანონის უზენაესობა, დემოკრატია, არჩევნები. ზოგს სურს, ის, რაც მათთვის და იუპიტერისთვის კარგია, ჩვენ ალბათ ხარები ვართ და არ გვაქვს უფლება, გვქონდეს მართლწესრიგი და კანონმდებლობა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას ერთი დანიშნულება აქვს, ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებზე და მოსამართლეების დაშინება. მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო წესრიგის წესებზე დაფუძნებული უხეში დარღვევა.

„ბოლო პერიოდში ვხედავთ სასამართლო სხდომებზე ელჩების დასწრებას. გუშინ ვნახეთ, რომ ლიეტუვის ელჩი იმყოფებოდა სასამართლოზე. იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც რამდენიმე მოსამართლე, მათ შორის ლამის მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დაასანქცირა. ეს ელჩი შემდეგ მიდის და ჯდება იმ სასამართლო პროცესზე იმ მოსამართლესთან, რომელსაც მისი ხელისუფლება შემდეგ ასანქცირებს. ისინი არც იურისტები არიან, არც ქართული ესმით და არ მგონია, თარჯიმანი ასე სწრაფად უთარგმნიდეს რამეს, რომ პროცესიდან რაიმე შინაარსი გამოიტანონ. შეუძლიათ, სხვა მხრივაც მიიღონ ეს ინფორმაცია. ამ პროცესს თუ შევხედავთ, ელჩების დასწრებას სასამართლო პროცესზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება. ეს არის ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ მათ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე