ნატალია ჯვარიძე
(05.03.2025)

„ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას.

ამასთან, ევროკავშირში ამბობენ, რომ ისინი მზად არიან განახორციელონ შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.

„სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის - მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს: რა განაპირობებს მათ ასეთ ჭარბ ენთუზიაზმს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება? პოსტსაბჭოთა ბალტიისპირული ქვეყნების ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიციაა, რომ სანქციები პასუხია საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაზე".

რეალობასთან აცდენას რომ თავი დავანებოთ (რეალობა, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებსა თუ მყარ ციფრებს ეყრდნობა), თუ მართლაც ქართულ დემოკრატიაზე შესტკივათ გული, მაშინ რატომ უჭერდნენ მხარს ასეთი თავგამოდებით სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა არა მარტო პოლიტიკურ თავისუფლებებს, არამედ ადამიანის ყველანაირ უფლებებსაც?

რატომ მფარველობენ მას დღემდე და კანონიერი სასჯელისგან მის დახსნას ცდილობენ? როგორც ჩანს, დემოკრატიაზე ზრუნვა პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისათვის არა მიზეზი, არამედ მხოლოდ საბაბია, რომელიც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე წნეხის განსახორციელებლად სჭირდებათ.

ან იქნებ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ მოსწონთ ნატო-სთან ან საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგთან დაკავშირებით? იქნებ უკმაყოფილონი არიან იმ როლით, რომელსაც საქართველო ასრულებდა და ასრულებს მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო ძალისხმევაში?

ვნახოთ ციფრები, თუ რა წვლილი შეიტანა და რა მსხვერპლი გაიღო საქართველომ უკანასკნელ ათწლეულში და შევადაროთ ბალტიის ქვეყნების კონტრიბუციას საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის მისიებში.

აქაც აშკარაა, რომ, როცა საქმე რეალურ ნაბიჯებს და რეალურ საქმეს უკავშირდება, მათი ძალისხმევა ახლოსაც კი ვერ მოვა ქართველი ხალხის წვლილთან. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში კარგად ჩანს, რომ, აქამდე, სადაც საბრძოლველი და საერთაშორისო უსაფრთხოება დასაცავი იყო, ჩვენი მონაწილეობა 20-ჯერ აღემატებოდა მათსას. თან ეს იმ პირობებში, როცა ისინი ნატოს წევრები არიან, ჩვენი კი - არა.

იქნებ იმას გვსაყვედურობენ, რომ უკრაინას თავად დაეხმარნენ, საქართველომ კი მოხალისეები ოფიციალურად არ გაგზავნა უკრაინაში და ამით თავიდან აირიდა სისხლისმღვრელ ომში ჩართვა?

არც ამაში უნდა იყოს საქმე, რადგან ჯერჯერობით უკრაინის ფრონტზე ოფიციალურად გაგზავნილი არც ერთი ბალტიისპირული ოცეულიც კი არავის შეუნიშნავთ. ამ გამოცანაზე რეალური პასუხი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლაში, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გვიკარნახა, როდესაც თქვა, რომ საქმე უკრაინაში კი არა, რუსეთშია. აშკარაა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთი რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ყველა საშუალებას იყენებს ამ საფრთხის გასანეიტრალებლად თუ არა, შესამცირებლად მაინც.

„ყველა საშუალებაში", როგორც ჩანს, საქართველოც მოიაზრება, როგორც ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ქცევას რომ დავაკვირდეთ, დავინახავთ, რომ სააკაშვილს, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, ყველანაირად მხარს უჭერდნენ და აქეზებდნენ, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კი, რომელიც მშვიდობისა და საქართველოს რეალური ინტერესების დაცვისკენაა მოწოდებული, ყველანაირად ესხმიან თავს და, ბოლოს, სანქციების გაუგებარ დაწესებამდეც კი მივიდნენ.

გამოდის, რომ ყველაფრის მიზეზი რუსეთია. გამოდის, რომ ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებთ და ნაღმივით ავიფეთქებთ თავს, რომ რუსეთი დავაზიანოთ და ბალტიისპირეთს საფრთხე ავარიდოთ. ამ მიზანს რომ მიაღწიონ, მზად არიან, ყველანაირ ბერკეტს მიმართონ, მათ შორის ევროინტეგრაციაში ხელის შეშლასაც. თუ ვინმეს ამქვეყნად მეგობრობის ანაბანა ესმის, ქართველები ვართ. ნამდვილი მეგობრობა უანგაროა.

თუმცა, სამწუხაროდ, ანგარებიანი მეგობრობაც არსებობს. ჯოჯოხეთში ცალკე ადგილია გადანახული მათთვის, ვინც მეგობარს საკუთარი ტყავის გადასარჩენად გაწირავს",-წერს პაპუაშვილი.

ამასთან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ბალტიისპირეთის ქვეყნების მოტივი არის ერთადერთი - რამენაირად, შესაძლო რუსული აგრესია არ წავიდეს მათი მიმართულებით და რუსული აგრესიის ძალა, ვექტორი გადმოწეული იყოს კავკასიის, საქართველოს მიმართულებით".

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები „მაქსიმალურად იყვნენ სხვადასხვა დროს ჩართული საქართველოში იმგვარი პოლიტიკის გატარებაში, რაც ხელისუფლებაში მოიყვანდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2008 წლის ისტორიას ხელმეორედ გაიმეორებდა".

გარდა ამისა, ის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სანქციებს ფასი არ ექნება.

„ფასი აქვს სამართლიანობას. უსამართლობას, რაც არ უნდა მძიმე და ბრუტალური იყოს, არ აქვს ფასი. როცა ასეთ მავნე პოლიტიკას ეწევი, რა თქმა უნდა, ასეთ სანქციებს არანაირი ფასი არ აქვს. ამას ქართული საზოგადოება, საბოლოო ჯამში, ხედავს. ხალხს ბევრ რამეზე თვალი აეხილა ამ ორმაგი, სამმაგი და ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის"სპეციალურ კორესპონდენტს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს, რომ მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების" რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.

ამის გამო, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს: ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს;

ევროკავშირი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას;

ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მონიტორინგს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე; ცოტა ხნის წინ, (ევროპულმა) საბჭომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე", - აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

რატომ არის სანქციების ავანგარდში ბალტიისპირეთი და შეთანხმებულეია თუ არა პოზიცია ევროკავშირთან

ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციების აქტიური დაწესება განპირობებულია იმით, რომ ისინი ხედავენ „ქართული ოცნება" პრორუსულია და როგორც რუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგეები ებრძვიან.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ამ საკითხზე შეთანხმება აუცილებელი არაა.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქცების ავანგარდში ყოფნა ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს სახელმწიფოები განსაკუთრებით ახლოს იყვნენ საქართველოსთან და შედარებით კარგად იციან ქვეყანაში არსებული სიტუაცია და საერთოდ ყველაზე მეტად არიან აქტიურები რუსეთთან მიმართებაში. რადგან ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება" ატარებს პრორუსულ პოლიტიკას, უფრო აქტიურად ცდილობენ ამ პრორუსული პოლიტიკის ხელის შეშლას.

როგორც ვხედავთ, „ოცნების" პასუხი სიტყვის ბანზე აგდებაა და ის, რომ მათ ამ სანქციების არ ეშინიათ. საპასუხო სანქციები არავისთვის დაუწესებიათ. ამ საკითხების ევროკავშირთან შეთანხმება ბალტიისპირეთის ქვეყნებს არ სჭირდებათ. სრული უფლება აქვთ თავად დააწესონ ისეთი სანქციები, როგორსაც საჭიროდ თვლიან. ევროკავიშირის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს ისე იმოქმედონ საკუთარ ქვეყანაში, როგორც სურთ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით კი, ბალტიის ქვეყნები აქტიურობა ევროკავშირისგან მოდის.

„საქართველო სარკისებურად არ უპასუხებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ამ უნამუსო სავიზო სანქციებს, ისევე, როგორც თავის დროზე არ უპასუხა ზელენსკის ხელისუფლების უზნეო და დაუმსახურებელ სანქციებს საქართველოზე.

ხალხებს შორის მეგობრობას ვერაფერი შეაჩერებს, იმის მიუხედავად რიგაში, ვილნიუსში თუ ტალინში რომელი უპასუხიმგებლო ხელისუფალი იქნება. ისინი დროებით არიან და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ხალხებშორის ისტორიულ კავშირებასა და მეგობრობაზე.

რაც შეეხება ბალტიის ქვეყნების ასეთ აქტიურ, ანტიქართულ ქმედებებს, აქ არის ერთი მთავარი რამ ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი ხალხისთვის, მათ ხელისუფლებებმა მრავალი წლის განმავლობაში გამოაცხადეს, რომ ისინი არიან ევროკრატიის, ბრიუსელი მაღალჩინოსნების მსახურნი, ყველაფერს უსრულებენ და მათთვის სუვერენიტეტი არაფერს წარმოადგენს.

ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ძალიან სასაცილოა სავიზო სანქციები და მეტყველებს იმაზე, თუ როგორი უნიათოები და უხერხემლოები არიან ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, ისინი შეთანხმებულები არიან ევროკავშირთან.

გადავხედოთ, ევროკავშირის პირველი დიპლომატი კაია კალასი, რომელის ქმარიც დღემდე რუსეთში მოღვაწეობს ბიზნესის კუთხით, რასაც ის და რომელიმე ცალკეული ევროკომისარი იტყვის, ზუსტად იმას ასრულებენ. არ ჩანს, რომ ბალტიის ქვეყნები დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე