თამთა ჩაჩანიძე
(05.03.2025)

კიევი მზადაა, როგორც იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოსაწერად, ისე აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობის ქვეშ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისთვის მშვიდობის მისაღწევად. 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა და განაცხადა, რომ ეს პაუზა იქამდე გაგრძელდება, სანამ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის ლიდერები "მოწადინებულები არიან მშვიდობისათვის".

აშშ-ს პრეზიდენტმა 4 მარტსვე კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დილით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. თავად ზელენსკიც წერს, რომ სიტუაციის გამოსწორების დროა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოზიციის შეცვლას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ სამხედრო დახმარება გაგრძელდეს და არ აისახოს ფრონტზე, ამასთან, ის, რომ ტრამპის გეგმა თავის თავში მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებსაც, რადგან ის საბადოები, საიდანაც იშვიათი მინერალები მოიპოვება, ნაწილობრივ ფრონტის ხაზთანაა.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამხედრო დახმარება მხოლოდ დაპაუზებულია თუმცა, როდის განახლდება პროცესი, ამ მომენტისთვის უცნობია. დახმარების შეჩერებისთანავე დაიწყო პროგნოზები სამხედრო ანალიტიკოსების მხრიდან, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს წინააღმდეგობას უკრაინა იმ რესურსით, რაც დღეს აქვს.

საერთაშორისო პრესაც წერდა, რომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით შეექმნებოდა, რადგან რაკეტების მარაგის ამოწურვის მერე, რუსეთის იერიშებისგან ძველებურად თავს ვეღარ დაიცავდა და მსხვერპლი გაიზრდებოდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ზელენსკის მოუწოდებდნენ, რომ დაბრუნებოდა ტრამპთან მოლაპარაკების მაგიდას და ერთობლივად ემუშავათ. ამის შემდეგ საერთაშორისო მედიიდან ცნობილი გახდა, რომ უკრაინა და აშშ იშვიათი მინერალების შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

"როიტერსმა" ოთხ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ მას შეთანხმების ხელმოწერის გამოცხადება 4 მარტს (ამერიკის დროით) კონგრესში გამოსვლისას სურს, თუმცა, მან ამავდროულად აღნიშნა, რომ შეთანხმება ჯერ ხელმოწერილი არ არის და ვითარება შესაძლოა შეცვლილიყო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს "ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში".

"ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს", - დასძენს ზელენსკი.

რატომ შეცვალა ზელენსკიმ პოზიცია

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოზიციის შეცვლა გასაკვირი არაა, რადგა აშშ-სა და უკრაინის ინტერესები თანხვედრაშია და ის, რაც თეთრ სახლში მოხდა, ეს იყო ემოციური გაუგებრობა და ტრამპის გეგმა მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებსაც - ეკონომიკური ბერკეტებით შესაძლებელია რუსეთის შეკავება.

"ამაში ნამდვილად არაფერი გასაკვირი არაა, რადგან ამ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთთან თანხვედრაშია. უფრო მეტსაც გეტყვით, ტრამპის და ზელენსკის ინტერესებიც თანხვედრაშია, უბრალოდ ის, რაც თეთრ სახლში მოხდა, ეს იყო ემოციური გაუგებრობა, მხარეები არ იყვნენ მზად ამ ტიპის შეხვერდისთვის, ეს იყო და ეს.

"ემოციების მერე, ყოველთვის მოდის ხოლმე გრძელვადიანი ინტერესები, რაციონალური აზროვნება. მაშინვე გააკეთა ზელენსკიმაც განცხადება, რომ ამ ემოციების მიუხედავად, ამერიკულ-უკრაინული ურთიერთობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ემოციები და იგივე გააკეთა ტრამპმაც.

"სხვათა შორის, ხაზგასასმელია, რომ ერთი იყო თავად რა დაწერა ზელენკიმ და მეორე, როგორ წარადგინა კონგრესში ეს ყველაფერი ტრამპმა, არცერთ შემთხვევაში ეს არ იყო ჩრდილის მიყენება ზელენსკისათვის. ასე, რომ ამერიკულ-უკრაინული ხედვები ბევრ რამეში თანხვედრაშია და ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის ამ შეთანხმების მიღწევა.

"დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებისკენ ნაბიჯს ისინი გადადგამენ და გაერთიანებული პოზიციით, შემდგომ უკვე ეცდებიან დაარწმუნონ რუსეთი გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინისთვის საჭიროა",- განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით არ არის ის მოსაზრება სწორი, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს არ აძლევს.

"არ არის ეს სწორი, ერთ-ერთი გაუგებრობის და ამ ემოციურობის ერთ-ერთი მიზეზი, თუ საბაბიც სწორედ ეს გახდა. მემგონი ბოლომდე კარგად არ იქნა გაგებული, თუ რას ნიშნავს ამერიკის ასეთი ძლიერი შესვლა უკრაინაში.

ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა, რადგან იქ, სადაც ამერიკული ინტერესებია და თუ ამერიკა აპირებს იმხელა ინვესტიციის განხორციელებას, რაზეც ლაპარაკი იყო და თუ იქ ამერიკული კომპანიები იმუშავებენ, რუსეთს იქ რაღაცის დაბომბვა გაუჭირდება.

ასეთ შემთხვევაში, ის ამერიკასთან კონფრონტაციაში შედის და ტრამპის მოსაზრებაც ზუსტად ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, მოლაპარაკებისთვის მისი (ზელენსკის) პოზიცია უფრო ძლიერი იქნება რუსეთთან მიმართებაში",- განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა იშვიათი მინერალების საბადოები ფრონტის ხაზთან, ფხალაძემ გვითხრა:

"სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება, ძირითადად როცა ამ მონაცემებზე ვლაპარაკობთ, ეს არის საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი დაზვერილი მარაგების რუკა, ამ დაზვერილი მარაგების რუკის მიხედვით (რომელიც დამტკიცებული არაა), ამათი ნაწილი არის ფრონტის ხაზთანაც, ნაწილი არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნაწილი კი ანექსირებულ ტერიტორიებზე.

"ამიტომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც თავის თავში ცხადია გულისხმობს და ვერანაირად გვერდს ვერ აუვლის უსაფრთხოების თემას",- განაცხადა ფხალაძემ.

მისი თქმით, აშშ ასე პირდაპირ სამხედრო თვალსაზრისით ვერ შედის უკრაინაში და ეკონომიკური ბერკეტებით ცდილობს რუსეთის შეკავებას, რადგან მისი თქმით, "პირდაპირი შესვლა, ეს იქნება სამხედრო კონფრონტაციის დაწყება".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და და ანილიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზელენსკის დათანხმებას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში სამხედრო დახმარების გაგრძელება და მეორეს მხრივ ის, რომ ამ შეთანხმების მერე აშშ-ს ინტერესები უკრაინის მიმართ გაიზრდება.

"ჩემი აზრით, ზელენსკი დათანხმდა იმიტომ, რომ შეთანხმებაზე ხელისმოწერის შემდეგ, აშშ-ს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები გაიზრდება უკრაინის მიმართ. უკრაინაში იყოს სტაბილურობა, რომ მოხდეს ინვესტიციების დაბანდება და ამ მინერალების უმტკივნეულოდ ათვისება.

ეს თავის მხრივ რუსეთსაც შეაკავებს და აშშ-საც ექნება გარკვეული მოტივაცია, რომ უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს.

"თავის მხრივ ზელენსკი აერიდა იმასაც, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება ფრონტზე ცუდად არ ასახულიყო. პლიუს, თუ ამერიკას ექნება ინტერესი, უკვე რუსეთის შეკავებაზე იმუშავებს, მეორეს მხრივ ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ინვესტიციები დააბანდოს, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს ეკონომიკური თვამსაზრისით გარკვეული რეგიონები აითვისოს.

"საერთო ინტერესები რომ არ ყოფილიყო, წინა პარასკევს თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა არც შედგებოდა. ახლა უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ სამხედრო დახმარება გაგრძელდეს, ამერიკას სურს, რომ სტაბილური უკრაინა იხილოს თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე.

"თან იშვიათი მინერალების ნაწილი ფრონტის ხაზთან ახლოსაა. ტიტანიუმისა და ლითიუმის მარაგები უახლეს ტექნოლოგიებში გამოიყენება - საავიაციო, კომპიუტერულ მრეწველობაში, მანქანათმშენებლობაში და ამიტომაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, უკრაინა კი ამ რესურსებით მდიდარია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რა განაცხადეს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებმა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს - ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ზელენსკისგან დღეს დილით მნიშვნელოვანი წერილი მიიღო.

ტრამპის თქმით, წერილში ნათქვამია: „მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს მას თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს".

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს.

„ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. მშვენიერი არ იქნება? დროა, ეს სიგიჟე დასრულდეს, დროა, ეს უაზრო ომი დასრულდეს, მკვლელობის შეჩერების დროა. თუ ომის დასრულება გსურს, ორივე მხარეს უნდა ესაუბრო", - აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ „წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო" და „გამოსწორების დროა".ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის „ძლიერი ლიდერობის" ქვეშ იმუშაოს გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

ზელენსკი ომის დასრულების კონტექსტში პირველ ეტაპზე მის მოთხოვნებს ასახელებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს მის მადლიერებას აშშ-ის დახმარების მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და აღნიშნავს, მომენტს, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯაველინები" გადასცა, რისთვისაც მადლობას იხდის.

ზელენსკის განცხადებაში ასევე იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებითაც არის საუბრია და ნათქვამია, რომ უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას "ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში". შეთანხმებას ზელენსკი განიხილავს ნაბიჯად "დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ".

"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო უკრაინის მშვიდობისკენ მისწრაფება. ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაახლოვოს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს.

"მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად, და პირველი ეტაპები შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება - აკრძალვა რაკეტებზე, შორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე - და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლივ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ამის შემდეგ გვსურს ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდგომი ეტაპი და ვიმუშაოთ აშშ-სთან ძლიერ საბოლოო შეთანხმებაზე.

"ნამდვილად ვაფასებთ რამდენი გააკეთა ამერიკამ, რათა დახმარებოდა უკრაინას მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და გვახსოვს მომენტი, როდესაც რაღაცები შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას Javelin-ები გადასცა. მადლობელი ვართ ამისთვის.

"ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს.

"იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ, როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ, და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს", - წერს ზელენსკი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე