„ქართული ოცნება" ოპოზიციას კვლავ მოუწოდებს, 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებისკენ, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ძალის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ვიცით სხვა, შედარებით დაბალრეიტინგული პარტიები ინივიდუალურად რას აპირებენ.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება და თუ ოპოზიციას „რამის თავი აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვნებში გამოვიდნენ და შედეგებს ნახავენ". ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით 5 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნების თარიღს ჩანიშნავს „ოცნება".
როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ოპოზიციის დუმილის მიზეზი, ერთის მხრივ, გლობალური პროცესებია და მეორეს მხრივ ის, რომ არსებული პრეზიდენტის და ხელისუფლების მიერ ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილოება, ხელისუფლების ლეგიტიმურობის ირიბი აღიარებაა, რაც თავად ოპოზიციის მიერ არჩეულ პოლიტიკურ ხაზს ეწინააღმდეგება.
ამასთან, როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნებში მონაწილოებას დათანხმდეს. ან შეიძლება დათანხმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივთან ერთად ახალი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება ცესკო-ს ახალი შემადგელობით. ნაწილი ექპერტებისა კი აცხადებს, რომ თუ ბარიერგადალახულმა პარტიებმა იუარი განაცხადეს პროცესში ჩართვაზე, ამით „პოლიტიკური კიდურების მოკვეთას გააგრძელებენ".
„ოპოზიცია დაბნეულია..."
როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოპოზიცია დუმილის რეჟიმში რომ არის, ამითაც ჩანს, რომ საკმაოდ დაბნეულია შემდგომ ქმედებებში, ეს კი დიდწილად გლობალურ პროცესებთანაა კავშირში.
„რადიკალური ოპოზიცია საკმაოდ დაბნეულია თავის შემდგომ ქმედებებში იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო პოლიტიკა თავდაყირა დადგა 20 იანვრის შემდეგ და ბუნებრივია, საერთაშორისო პოლიტიკური რყევები საქართველომდეც მოდის. ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „გლობალური ომის პარტიას" ებრძვის, ვისი მსახურებიც არიან ნაცოპოზიციაში, ეს სიახლე არაა. ამიტომაც ამ დაბნეულ რადიკალებს ვერ გადაუწყვეტიათ ტრამპი მონათლონ ე.წ. რუს, თუ „ქართული ოცნების" პოლიტიკოსად.
„რეალობა კი ისაა, რომ ევროკრატიის გავლენის სფეროები საკმაოდ იზღუდება. ევროკრატია წარმოადგენს „დიფ სთეითის" ერთ-ერთ დიდ განშტოებას. შესაბამისად, ევროკრატიის ჯერ კიდევ არსებული ფინანსური გავლენები მაინც თავის სიტყვას ამბობენ ქართულ ოპოზიციაში. იმ ოპოზიციაში, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად განწყობილია და რომლებსაც ღალატის მუხლი ძალიან მალე შეეხებათ, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში ძალიან მალე აღდგება.
„ამ გლობალური პროცესების ფონზე, საქართველოში ოპოზიციონერები საკმაოდ დაბნეულები არიან. არ იციან როგორი კომენტარები გააკეთონ, რომელი პოზიცია დაიკავონ საერთაშორისო პოლიტიკურ დიდ დაპირისპირებაში. შესაბამისად, გაქრა ის მავნებლური მოწოდებები, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომ ვითომ ოქტომბრის კენჭისყრა გაყალბებული იყო და ა.შ.
„როდესაც ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციურმა პარტიიდან სამმა უარი თქვა სამართლებრივად საპარლამენტო მანდატებზე, ამით უდიდესი თვითდაზიანება მიიყენეს და ახლა აცნობიერებენ, თუ როგორი მავნებლური იყო მათთვის ეს ნაბიჯი. გასაგებია, რომ გახარია მერყევი და მოღალატეა და ვერ გადაუწყვეტია შევიდეს პარლამენტში მაისამდე თუ არა. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება შესაძლოა ამა თუ იმ ნაცრადიკალს წამოსცდეს, მაგრამ ამაზე გუნდური თანხმობა არაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიდერად ჯიუტი თვითმარქვია პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჰყავთ. შიგნითაც განხეთქილებაა, ყველას თავისი ამბიცია აქვს, ყველას პირველობა და სხვებზე გავლენა უნდა და ა.შ.
„ასე რომ, ნაცრადიკალებში ტოტალური პოლიტიკური აჯაფსანდალია, ამიტომაც ვერ ჩამოყალიბებულან რა გააკეთონ. მაგრამ თუ ჩვენ თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესებში კონსტრუქციულ მონაწილოებაზე, წესიერი ოპოზიციური პარტია ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობას უნდა ცდილობდეს, რათა პირველ რიგში გაზომოს თავისი რეალური რეიტინგი და მიიღოს მედიის ყურადღება საარჩევნო კამპანიის დროს. თუ ისინი ასეთი რეიტინგულები არიან, სცადონ და ადგილობრივ არჩევნებში რომელიმე მუნიციპალიტეტში მერობისთვის იბრძოლონ, ან მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმარჯვონ.
„დასავლეთის ქვეყნებში პარტიები ადგილობრივი არჩევნებიდან იწყებენ. თუ იქ მოიგეს, ეს არის პირველი პოლიტიკური ციხესიმაგრის აღება ხელისუფლების კიბეზე და შემდეგ ამას საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოჰყვება ხოლმე. თუმცა, ნაცრადიკალების პოლიტიკური უნარჩვევები და ალღო ძალიან დაბლაგვებულია, რაც ძალიან ცუდია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. მაგრამ ეს ნიშა ცარიელი არასდროს არ იქნება. გამოჩნდებიან ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც შესაძლოა ახლა იკიდებენ ფეხს საჯარო სივრცეში.
„როდესაც ოპოზიცია პარლამენტს და მუნიციპალიტეტების მიღმაა, მათ არც სახელმწიფო დაფინანსება აქვთ და აღარ სიტყვა ეთქმით როგორც ქართულ საოზგადოებაში, ისე საგარეო ასპარეზზე. ნებისმიერი საღად მოაზროვნე დასავლელი პოლიტიკოსი იკითხავს - ეს ლიდერი ვინ არის, რას წარმოადგენს და ბოლო არჩევნებში მიიღო თუ არა მონაწილეობა? თუ მიიღო მონაწილეობა, რა რეიტინგი ჰქონდა? არ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ისევ თვითდაზიანებას მიიყენებენ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ახალი „კონკრეტული მოთხოვნები" ადგილობრივი არჩევნების წინ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე სცენარზე შეიძლება საუბარი, თუ რა შემთხვევაში მიიღებს, ან არ მიიღებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობას.
„რამდენიმე ვარიანტია, ერთი სცენარით მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ირიბად გამოდის ამ ხელისუფლებას აღიარება. მეორეს მხრივ კი, საჭიროა დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ რეიტინგი აქვთ და ისინი არიან უმრავლესობაში. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა - ამ საარჩევნო ადმინისტრაციას არ ენდობიან და არაა გამორიცხული, რომ დასვან მოთხოვნა ასე: მიიღებენ მონაწილოებას, თუ ადმინისტრაცია შეიცვლება და არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
„თუ მიიღებენ მონაწილოებას, მათ კონკრეტული მოთხოვნები ექნებათ. ჯერჯერობით ალბათ არ არიან ჩამოყალიბებული. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ მოითხოვონ, რომ მიიღებენ მონაწილოებას იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ჩატარდება ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები.
„ოპოზიციის გადაწყვეტილებებზე გლობალური მოვლენები უთუოდ მოახდენს გავლენას. ჯერჯერობით დე ფაქტო ხელისუფლებას რაღაც უფრო სტიმული მოეცა, რომ განაცხადოს - არ მიიღებს ოპოზიცია და ნუ მიიღებს, მე მაინც ჩავატარებო. არ გამოვრიცხავ ადგილობრივ არჩევნებში „ოცნებამ" თავისი სატელიტები გამოუშვას მონაწილოების მისაღებად - მაგალითად, „ხალხის ძალა" - რათა საკრებულოებშიც ვითომ ე.წ. ოპოზიცია ჰყავდეთ.
„ერთის მხრივ, „ოცნება" ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, მეორეს მხრივ კი „ნაცმოძრაობის" გასამართლების პროცესს იწყებს. ეს სჭირდებათ არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების კამანიისთვის, არამედ ზოგადად პროპაგანდისთვის, რომ საზოგადოებაზე ზემოქმედება მოახდინონ, რადგან მათი რეიტინგი ეცემა.
„მეორეა შედარებით უარესი სცენარი - ეს შეიძლება რუსეთის დაკვეთაც იყოს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები დააკავონ და ამით დაასუსტონ და გაანადგურონ ოპოზიცია. მანამდე „ნაცმოძრაობა" სჭირდებოდათ დემოკრატიობანას თამაშისთვის, მაგრამ ახლა ძალაუფლების გასამყარებლად სხვა მეთოდები სჭირდებათ. მით უმეტეს, რომ თავზე ხელი აიღეს და არც დასავლეთის რიდი აქვთ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე