ვენეციის კომისია პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების გადახედვას ითხოვს, რომელთა საფუძველზეც ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივად დაჯარიმება დაიწყო. ოპოზიციაში კომისიის ასეთი დასკვნა იმის დასტურად მიაჩნიათ, რომ ეს კანონები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო სამართალსაც ეწინააღმდეგება. „ოცნებაში" არ უარყოფენ, რომ ცვლილებები ნაჩქარევად იყო მიღებული, მაგრამ მათ გადახედვას არ აპირებენ.
„ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს თუ „მოლოტოვის კოქტეილს", - გაბაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ხელისუფლების პოზიციაზე ანალიტიკოსების მოსაზრებებიც განსხვავებულია.
„ვენეციის კომისიის განცხადებები და დასკვნები დარჩება „ხმა მღაღადებელსა უდაბნოსა შინა", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს პეტრე მამრაძე კი „ქართული ოცნების" პოზიციას სწორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ვენეციის კომისიას აუხსნან, თუ რისთვის იღებენ ასე დაჩქარებულად ამგვარ კანონებს:
„რასაც გია ვოლსკი ამბობს, სწორია, მაგრამ დაგვიანებულია. ვენეციის კომისიას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, უნდა აუხსნან რისთვის იბრძვიან ეს ძალები საქართველოში და რატომ უწევს ხელისუფლებას დაჩქარებული წესით ამ კანონების მიღება".
საუბარია, საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერსა და 2025 წლის 6 თებერვალს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებები, რაზეც ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე. მათივე განცხადებით, კანონში ცვლილებები სათანადო საკანონმდებლო პროცესით უნდა გადაიხედოს.
პოლიტიკური შეფასებები
გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეული კანონები სწრაფად უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც „ქვეყანას ანგრევს".
„საერთოდ, ასეთი კანონი დაჩქარებულად არ უნდა მიიღო, თუ გარემოება არ გაიძულებს. ვენეციის კომისია სამართლებრივ მხარეს უკეთებს ანალიზს და აბსოლუტურად არ იხედება რა მდგომარეობაა სახელმწიფოში, სადაც რომელიმე კანონს დაჩქარებული ან რეგულარული წესით იღებენ. მათ არ აინტერესებთ პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან, ქვებს, თუ „მოლოტოვის კოქტეილს". რეალურად, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ასეთი წესით ითხოვდა კანონის მიღებას და ამაში თავად ის ხალხიც დაგვეთანხმება, ვინც ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ.
„რაღაც კანონი დროზე უნდა მიიღო, რომ იმ პროცესს განვითარება არ ჰქონდეს, რომელიც ქვეყანას გინგრევს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მისი ხასიათი და შინაარსი ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების შეფასებას არ ითვალისწინებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მათი გეგმაა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ჯარიმების გაუქმება და ასევე, დაზარალებული ადამიანების კომპენსაციის გაცემა, ვინაიდან ჯარიმები „არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რაც ვენეციის კომისიამ დაადასტურა". ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
„ლელო", „ძლიერი საქართველო" დიდი ხანია ვადასტურებთ, რომ ჯარიმები, რომელსაც „ოცნება" დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. გუშინდელის შემდეგ ჩვენ უკვე ხელთ გვაქვს საერთაშორისო დასკვნა, ვენეციის კომისიის უახლესი შეფასება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ, ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.
„ამიტომ, ჩვენი გეგმა არის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა ამ ჯარიმის გაუქმება. უფრო მეტიც, „ლელოს", „ძლიერი საქართველოს" ამოცანა არის ის, რომ მთლიანად გაუქმდეს ის კოდექსი, რომელში ცვლილების შეტანითაც არის დაკავებული „ქართული ოცნება" იმიტომ, რომ ეს არის1984 წელს მიღებული საბჭოთა კოდექსი და მისი ადგილი დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში აღარ იქნება. ჩვენ გავაუქმებთ ამ საბჭოთა კანონს, გავაუქმებთ მის საფუძველზე გამოწერილ ყველა ჯარიმას.
„ამავე დროს, თითოეულ დემონსტრანტს, რომელიც დაჯარიმდა ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იქნა მიცემული, ამ არაკონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე, მიეცემა კომპენსაცია და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული პირი, იქნება ის ე.წ. სამართალდამცავი თუ ე.წ. მოსამართლე, რომელიც ამ უკანონო და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო კანონს აღასრულებს დღეს და მის საფუძველზე სჯის საქართველოს მოქალაქეებს, თითოეულ მათგანს მოუწევს კანონის საფუძველზე პასუხისგება.
„კომპენსაციის წყარო მოქალაქეებისა, რომელსაც დღეს ერჩის და დევნის „ქართული ოცნება", იქნება სწორედ ამ ადამიანების მხრიდან კანონის და სამართლის გამრუდების გამო, მათ მიერ საკუთარი ქონებიდან გადახდილი თანხები, რომელიც წავა ამ ადამიანების კომპენსაციაში. ასევე, კორუფციული გზებით მიღებული შეღავათების თუ შემოსავლებით შეივსება ბიუჯეტი, რომელიც შემდეგ გასწევს ამ კომპენსაციას მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღეს „ქართული ოცნება" დევნის. ეს კორუფციული შემოსავლები, მათ შორის, იქნება „ოფშორების შესახებ კანონის" საფუძველზე მიღებული შეღავათები, რომელიც სამართლის და კონსტიტუციის პრინციპებს არღვევს. ვინ იღებს ამ შეღავათებს ეს საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ოცნების" უარის მიზეზები და შედეგები
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საჭიროა „ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიას დაუსაბუთოს ამ ცვლილებების დაჩქარებულად მიღების აუციოებლობა და ვენეციის კომისიას ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
„მე მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია, რასაც გია ვოლსკი ამბობს, სწორია, მაგრამ დაგვიანებულია. მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს „ჩეთემ ჰაუზის" მომხსენებელმა ორისია ლუცევიჩმა, რომელიც თბილისში მუშაობდა, დაწერა ღრმა ობიექტური ანალიზი „ენჯეოკრატიაზე", რომელიც საქართელოში იყო. „ენჯეოკრატია" მისი ტერმინია. იქვე, სათაურშია გამოტანილია, როგორ დავასრულოთ „ფერადი რევოლუციები".
„როგორც მოგეხსენებათ, „ჩეთემ ჰაუზი" არის ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერი ანალიტიკური ცენტრი მსოფლიოში. ორისია ლუცევიჩი დეტალურად ხსნის იმას, რა მოხდა საქართველოში „ენჯეოკრატიის" დამკვიდრების შემდეგ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ასახავს არც მოსახლეობის, არც ნამდვილი საზოგადოების აზრს და ასევე, რა უარყოფითი შედეგები მოაქვს ამას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედავთ ანტიეროვნული ძალების აღზევებას.
„ეს ოთხი პარტია და მათი ლიდერები, რომლებსაც ვიცნობ, ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია, განმარტების თანახმად, არის ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც არიან ერთგული ეროვნული ინტერესებისა და გარკვეულწილად კომპეტენტურებიც. აქ პირიქითაა - ეროვნული ინტერესების მტრობა.
„რასაკვირველია, ვენეციის კომისიას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, უნდა აუხსნან რისთვის იბრძვიან ეს ძალები საქართველოში და რატომ უწევს ხელისუფლებას დაჩქარებული წესით ამ კანონების მიღება", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძე კი „ოცნების" პასუხს გამართლებულად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები და განცხადებები მათთვის არაფერს წარმოადგენს.
„არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაიწყო რეპრესიული კანონების მიღება. ამის ერთ-ერთ მაგალითია სიტყვისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვის შესახებ კანონი. ხელისუფლება ცდილობს ამ რეპრესიებით როგორმე ჩაახშოს საპროტესტო მოძრაობის ტალღა. სხვა მხრივ, ასეთი რამეები ყოველთვის, ყველა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. მართალია, ყველა ხელისუფალი შლიდა მიტინგებს ძალით გამოყენებით, მაგრამ ასეთ ქმედებებზე პროტესტი სულ იყო.
„რა თქმა უნდა, ახლა „ოცნება" შეეცდება რაღაცნაირად ეს გაამართლოს, ვინაიდან ვენეციის კომისიის დასკვნების გადახედვას ის, რასაკვირველია, არ აპირებს. კანონი დარჩება ისეთივე, როგორიც არის და ვენეციის კომისიის განცხადებები და დასკვნები დარჩება, როგორც „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე