ნატალია ჯვარიძე
(03.03.2025)

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ლატვიამ განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყნებში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიაბა ბრაჟემ სოციალურ ქსელ „იქსზე" დაწერა: „მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის არასასურველ პირთა სიაში, ავუკრძალე მათ ქვეყანაში შემოსვლა განუსაზღვრელი დროით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად", - დაწერა მან.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ასევე ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული, რა იყო პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზები და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში.

ამასთან, ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი, საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო, იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისის განცხადებით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას. აღსანიშნავია ისიც, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთში შესვლა, საერთო ჯამში, საქართველოს 83 მოქალაქეს აქვს აკრძალული.

ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული".

„მათი გადაწყვეტილებები და პოზიციები ყოველთვის ამაოდ რჩება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას მკაფიო დამოკიდებულება უყალიბდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ.

მათ უნარი თუ არ აქვთ, კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ საკუთარი უსაფუძვლო, მტრული გადაწყვეტილებებიდან, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ. საბოლოო ჯამში, მათ ხელში შერჩებათ ფარატინა ფურცლები, მაგრამ, როგორც ჩანს, უკეთეს ქაღალდებს არ იმსახურებენ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბალტიისპირეთში შესვლის აკრძალვა ადეკვატური პასუხია. „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განაცხადებით, პროცესი გაგრძელდება და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაჩაგვრას, შესაბამის საფასურს გადაიხდიან.

„რასაც ჩვენ, ახლა, ვაკვირდებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ, ეს არის ადეკვატური პასუხი იმ უკანონობაზე და ძალადობაზე, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს; ეს არის პასუხი იმაზე, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებენ, არა კანონიდან, არამედ დავალებებიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი „ქართული ოცნებიდან" იღებენ; ეს არის პასუხი იმ ფინანსურ ტერორზე, რომლის განხორციელებასაც საქართველოში ვხედავთ - კერძოდ, არაადეკვატური ჯარიმების გამოწერის სახით; ეს არის პასუხი უმსგავსო კანონებზე, რომელსაც ე.წ. პარლამენტი იღებს, რომელიც რეპრესიული ხასიათისაა. ეს გაგრძელდება და ამ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მცდელობა, დაჩაგრონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი თანამოქალაქეები, უკვალოდ არ ჩაუვლის, ისინი შესაბამის საფასურს გადაიხდიან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე