თამთა ჩაჩანიძე
(03.03.2025)

3 მარტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ფარა"- ს კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ პროექტი "სიტყვა-სიტყვით ნათარგმნია", მათ შორის ტერმინებიც, თუმცა, მოხდება ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ამ კუთხით, კანონის აღსრულებას იუსტიციის დეპარტამენტის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს.

24 თებერვალს პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" სახელწოდებით "ფარა"-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, პირვანდელ ტექსტში გადმოტანილია ტერმინები - „აშშ-ს პრეზიდენტი", „კონგრესი", „სახელმწიფო დეპარტამენტი", „ხაზინის მდივანი".

"ოცნების" თქმით, როგორც კი ფარას კანონს მიიღებენ, მაშინვე გაუქმდება ძველი კანონი, რომელიც დღეს ფაქტიურად არ მოქმედებს.

კანონპროექტის დარეგისტრირების დღიდან "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ტერმინები განზრახ დატოვეს, რადგან სპეკულაციებისთვის სივრცე არ ყოფილიყო დატოვებული, თუმცა, მაშინვე დაიწყო კონტიტუციონალისტებისგან და ანალიტიკოსებისგან საუბრები იმაზე, რომ სიტყვა-სიტყვით კანონის უცვლელად გადმოტანა ისე, რომ არ იყოს გათვალისწინებული, როგორც შიდა პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა არასოდეს არ მოიტანდა სასარგებლო შედეგს.

ცოტა ხანში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ კანონპროექტი დახვეწას და "ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში" მოყვანას საჭიროებდა.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" ინიციატორები "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატები არიან.

პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა.

კანონპროექტით ძირითადად შემდეგი საკითხები წესრიგდება: უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები; სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი; უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

რა მოჰყვება "ფარას" ამოქმედებას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნებას" კანონებში ცვლილებები რეპრესიული მიმართულებით მიჰყავს. მისი თქმით, ნებისმიერი კანონი ცუდად მუშაობს როდესაც ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელი არაა. ამბობს, რომ ქვეყანაში ისედაც პროტესტია და ნაკლებადმოსალოდნელია, რომ ამის გამო ახალი ტალღა წამოვიდეს.

"კარგა ხანია "ოცნებამ" კანონებში ცვლილებები მხოლოდ ერთი, რეპრესიული მიმართულებით წაიყვანა. ეს ყველაფერი ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის საწონააღმდეგო მიმართულებით მიდის. ჯერ ერთი, "ფარა"-ს კანონი აშშ-ში 90 წლის წინაა მიღებული და დღეს სრულიად შეცვლილია ვითარება. მეორეც, კანონის გადმოღება ეგრე არ ხდება, ის, რომ კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეალობაშიც იგივე ეფექტი ექნება.

"პარლამენტი იმიტომაა, რომ არსებული ვითარება უნდა იქნას გათვალისწინებული და საზოგადოების განვითარების დონისა და არსებული ვითარების შესაბამისად კანონი უნდა დაიხვეწოს, რომელიც ხელს შეუწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

კანონის სიტყვა-სიტყვით გადმოაკოპირო ისე, რომ არაფერი არ გაითვალისწინო, ეს იგივეა, რომ ადამიანის ერთი ორგანო მეორეს გადაუნერგო ისე, რომ არ გაითვალიწინო მოერგება თუ არა იმ პარამეტრებს, რაც მეორე ადამიანს აქვს.

"ეს ასე არ ხდება, მაგრამ "ოცნებას" ეს არ აინტერესებს, ის ფიქრობს, რომ ეს რეპრესიული კანონია და საქართველოში სწორედ ისე იმუშავებს, როგორც "ოცნებას" სჭირდება. მთელი ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც სწორედ აქეთაა მიმართული, რომ რამენაირად ქვეყანაში განსხვავებული აზრი და პოზიციები ჩაახშონ და ოპოზიციური საზოგადოება რამენაირად გააჩუმონ, დაღალონ, დაიჭირონ და რეპრესიების ქვეშ მოაქციონ.

"არ ველოდები, რომ დახვეწენ იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროა. ნებისმიერი კანონი ცუდად მუშაობს, როდესაც ქვეყანაში სამართალი არაა, თუ ამ ქვეყნის დემოკრატიული მოწყობა ვინმეს უნდა, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ საარჩევნო კანონმდებლობა წესრიგში მოვიყვანოთ ისე, რომ ყველასთვის მისაღები იყოს და მეორე, ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი სასამართლო.

დღეს არცერთი გვაქვს და არც მეორე, ამიტომ დანარჩენი კანონები მხოლოდ ზედნაშენია.

"ყველა ხელისუფალს, გნებავთ "მოქალაქეთა კავშირს", "ნაცმოძრაობას", "ქართულ ოცნებას" სასამართლო დამორჩილებული ჰქოდა, სანამ სასამართლოს რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ ვაქცევთ, ნებისმიერი კანონი, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული, ხელისუფლება ამ კანონს ისე გამოიყენებს, როგორც მისთვის იქნება საჭირო",- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია "ფარა"-ს კანონზე ისეთივე პროტესტი, როგორიც წინა ორ შემთხვევაში იყო მსგავსი კანონპროექტების დარეგისტრირებისას, ძაბირაძემ გვითხრა:

"პროტესტი ისედაც არის და ვიტყვით, რომ მიიღო კიდევ ერთი რეპრესიული კანონი. ამ კანონის მიღებას არ მოჰყვება პროტესტის ახალი უფრო დიდი ტალღა. ქვეყანაში გამოსვლები გაგრძელდება. თეთრ სახლს მიმართოს იმან, ვისაც ეს სჭირდება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის შიგნით გვაქვს და ეს კანონი თეთრ სახლში კი არა, აქ იმუშავებს და იმუშავებს ცუდად, ჩვენი ხელისუფლება ამას ისე გამოიყენებს, როგორც მას მოესურვება",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსს" ეუბნება, რომ ამ კანონის მიღებას არაფერი არ მოჰყვება, რადგან ოპოზიციას და პროტესტის მონაწილეებს ის მხარდაჭერა აღარ აქვს აშშ-დან, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ჰქონდა.

"ამ კანონის მიღებას არაფერი არ მოჰყვება, ის ე.წ. დემოკრატიული ახალგაზრდობა, ე.წ. დემოკრატიული პროფესორები და ე.წ. დემოკრატიული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაჩუმებულები არიან. ჩაჩუმებულები იმიტომ არიან, რომ საიდანაც ისინი დაკვეთას იღებდნენ, ის დაკვეთა აღარ არის, ანუ ფულს აღარ აძლევენ.

"დამთავრდა აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის ბოგინი და დამთავრდა ამათი დემოკრატობაც. ჩვენთან ამ კანონს ჩვენი ქვეყნის ვითარების შესაბამისად მიიღებენ. სიტყვა-სიტყვითაა გადმოწერილი "ფარა"-ს კანონი, მაგრამ ჩვენს რეალობას და ჩვენს სახელმწიფო ინსტუტუტებთან შესაბამისობაში მოვა.

დამთავრდა ის, როდესაც ქალბატონი სალომე აშშ-ში ჩაჰყავდათ და იქიდან აძახებინებდნენ პოლიციელები დახოცეთო.

"ახლა უკვე დადასტურდა, თუ საიდან იმართებოდა ის ვაკხანალიური პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, ეს იმართებოდა ბაიდენის ადმინისტრაციისგან და "დიფ სტეიტისგან",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს "ოცნება"

"ამერიკულ „ფარას" კანონში, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა", ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება - ჩვენი კანონის ტერმინთა განმარტებაში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება წარმოდგენილი", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ამავე კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტს პირველი მოსმენით მიიღეს და განიხილეს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას" აღსრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქართულ რეალობაში ასეთი, ფიზიკურად, არავინ არ არის, მაგრამ მთელი რიგი უფლებამოსილებები სხვადასხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო ორგანოებს შორის არის განაწილებული. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე კოლეგებო, გთავაზობთ, რომ აღმასრულებელი ამ კანონისა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანტიკორუფციული ბიურო და ანტიკორუფციულმა ბიურომ უზრუნველყოს კანონით გათვალისწინებული თითოეული დებულების აღსრულება და კონტროლი.

"რა თქმა უნდა, ჩვენს კანონში ვერ გვექნება კუბაზე, ჰავანაზე და სხვა საგარეო სამინისტროების მიერ მიღებულ აქტებზე [ჩანაწერი] და ასეთი ჩანაწერები, რა თქმა უნდა, ამოღებული იქნება საქართველოს კანონიდან. იმედია, ახლა მაინც არ იტყვიან ეს ადამიანები, რომ ასეთი ჩანაწერები რომ ამოვიღეთ, ეს ზუსტად ამერიკული „ფარა" არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იტყვიან. ადამიანებს, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი, მათ შორის, ამის თქმაც არ მოერიდებათ. მაგრამ დიახ, სადაც მითითებულია მაგალითად, „კონგრესის ბიბლიოთეკა", ჩვენს შემთხვევაში კონგრესის ბიბლიოთეკა არ ეწერება, რა თქმა უნდა. ჩვენს კანონში არც შეერთებული შტატების განმარტება არ იქნება ტერმინთა განმარტებაში წარმოდგენილი," - განაცხადა გორდულაძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ფარას" მიღებით საქართველოს უცხოური გავლენებისგან კიდევ უფრო უკეთ იქნება დაცული.

„ფარა" თითქმის საუკუნეა უზრუნველყოფს ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას. ეს არის ის კანონმდებლობა, რომელიც სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ჩვენ ქვეყანას ის გამოწვევები, რომელზეც მანამდეც ვსაუბრობდით, ახლაც აქვს, არაფერი შეცვლილა, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც შეძლებს, მომავალში ჩვენი ქვეყანა დაიცვას უცხოური ჩარევებისგან.

„ფარა" სწორედ ისეთი ფორმით დავაინიცირეთ, როგორი ფორმითაცაა წარმოდგენილი, მხოლოდ თარგმანი და რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ცდომილებები საქართველოს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან, თუმცა დღეს დაიწყება განხილვები და საქართველოს კანონმდებლობასთან ყველა შეუსაბამობა სრულად აღმოიფხვრება. მთავარი ის არის, რომ „ფარა" თავისი რესურსებით, როგორც ძლიერი კანონმდებლობა, მიიღება ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო უკეთ დავიცავთ საქართველოს უცხოური გავლენებისგან", - განაცხადა ბოჟაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე