ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნებში ბადრა გუნბას გამარჯვებაზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა რუსეთს უფრო თამამად შეეძლება იმ კანონების გატანა, რომლებიც აქამდე ვერა და ვერ მიაღებინა აფხაზებს.
„რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას არ აპირებს, ამაზე ლაპარაკი არაა. აქ იგულისხმება ის, რომ რუსეთი უფრო თამამად გაიტანს იმ კანონებს, რაც მას აწყობს", - განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ანალიტიკოსმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ზაქარეიშვლის ვარაუდით, სამი აქტულუარი საკითხია, რის განხორციელებასაც რუსეთი ეცდება, თუმცა, გამორიცხული არაა შემდეგ კიდევ დაემატოს რამე.
„აქ იგულისხმება ის, რომ რუსეთი უფრო თამამად გაიტანს იმ კანონებს, რაც მას აწყობს. პირველ რიგში ეს არის ის, რომ დასრულდეს ბიჭვინთის ტყე-პარკის ბოლომდე მითვისება, რომელიც ჯერჯერობით არაა დასრულებული, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა უნდა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.
მეორე, ეს არის - „პარლამენტმა" აპარტოტელების მშენებლობის უფლება უნდა მისცეს რუს ბიზნესმენებს. და მესამე არის იმავე რუს ოლიგარქ, ხელისუფლებასთან შეზრდილ ბიზნესმენებს საშუალება უნდა მიეცეთ შეღავათიანად ინვესტიციების განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ანუ ეს მიბმულია, როგორც აპარტოტელებზე, ისე სხვა საქმიანობაზე, რაც მათ უნდათ, განახორციელონ იმ ტერიტორიაზე.
„ეს სამი თემა იქნება აქტუალური, თუმცა, შემდეგ სხვა საკითხებიც წამოვა. გამორიცხული არაა რუსეთმა მოითხოვს, რომ როსგვარდიამ იმუშაოს სრულიად უპრობლემოდ აფხაზეთში. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე წესრიგს ამყარებს. ამასთან, შეიძლება სხვა ქმედებებიც განახორციელოს, მაგალითად მიიღონ კანონი „უცხოური აგენტების წინააღმდეგ", რომელიც ვერა და ვერ მიაღებინა რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
როგორც „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში განაცხადა - აფხაზეთში ე.წ. არჩევნების შედეგები იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მზადდება.
„დღეს მთავარი თემა ურთიერთდაპირისპირება არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მზადდება და ამის ნათელი მაგალითია ე.წ. არჩევნებში „პრეზიდენტად" ბადრა გუნბას გაყვანა.
როდესაც აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც სხვადასხვა საკითხმა გამოიწვია, როგორებიცაა: აპარტამენტების საკითხი, ინვესტიციების რამდენიმე მიმართულება - მათი მიდგომა იყო, რომ მათ სუვერენიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ, რუსეთში კი დაიწყო საუბრები, რომ მათ აფხაზეთში არ სურდათ მსგავსი „ოპოზიცია" და ელექტროენერგიის, სხვადასხვა სახის დახმარებებისა და თანხის გამოყოფა შეუჩერდეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის 80% რუსეთზეა მიბმული და ამის ფონზე აფხაზი სეპარატისტები ფინანსური რეკეტებით არიან დაკავებულები. რუსეთმა კი მათ რაც მოსთხოვა, არაფერი შესრულებულა და რუსეთმა იმიტომ მოითხოვა აფხაზებისგან კონკრეტული ვალდებულებების შესრულება, რადგან სანქციების ქვეშ იყო.
ვეღარსად ვეღარ მოდიოდნენ და ამიტომ შავი ზღვის ზოლში ფულის ჩადება და ათვისება გადაწყვიტეს. აფხაზები მიხვდნენ, რომ მათი განადგურება სწორედ ფინანსური მეთოდებით ხდებოდა.
რუსეთის მიერ აფხაზებისთის დახმარების შეჩერების შემდეგ, აფხაზებმა უკან დაიხიეს. აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციონერები წერენ, რომ კორუფციამ გაიმარჯვა. რა აზრი ჰქონდა ბჟანიას გადაყენებას, თუ მის მოადგილეს - ბადრა გუნბას დატოვებდი პოსტზე.
როგორც ბჟანიას, ისე გუნბას უკან ალექსანდრე ანქვაბი დგას, რომელიც მთავარი პოლიტიკოსია. ის აფხაზეთში ვითარებას ხან პირდაპირი, ხან კი ირიბი მეთოდებით მართავს. ანქვაბი კი ქართველების გაზრდილია, ის ედუარდ შევარდნაძის მოადგილე იყო და მან კარგად იცის პოლიტიკური თამაშები.
უშუალოდ არჩევნებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა იყო ზეწოლის ფაქტებიც. აფხაზეთში მცხოვრები სომხები, რომლებმაც გასულ საუკუნეში ბაგრამიანის ბატალიონი დაარსეს და ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განახორციელეს, დღეს სწორედ ეს ხალხია რუსეთის ფედერაციის მთავარი დასაყრდენი ძალა. მათ არჩევნებში გუნბას მხარე დაიჭირეს, რასაც მათ წინააღმდეგ უკმაყოფილება მოჰყვა და საზოგადოებაში აზრი ჩამოყალიბდა, რომ ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან უნდა გაეყარათ, ამ დროს კი რუსეთის პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს, ჩადის აფხაზეთში და აშინებს მათ. ამ და მსგავსი ფაქტების ფონზე ჩატარდა არჩევნები", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე