უკრაინის საკითხმა დასავლეთი ორ ბანაკად გაყოფის ზღვარზე დააყენა - ეს მას შემდეგ უფრო გახდა სერიოზული განხილვის საგანი, რაც თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს შორის შეხვედრა ცხარე კამათში გადაიზარდა.
ევროპას მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უკრაინამ ხელი ძლერი პოზიციიდან უნდა მოაწეროს, აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიებით, ტრამპს კი განსხვავებული პოზიცია აქვს და მიაჩნია, რომ თავად ევროპამ იზრუნის ამაზე და ამასთან, თავდაცვის სფეროში ხარჯები გაზარდოს.
ანალიტიკოსები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ასეთი უთანხმოების ფონზე, არაა გამორიცხული, რომ დასავლეთი პროამერიკულ და პროევროპულ კოალიციებად დაიყოს, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს საშიში თამაში იქნება, რადგან ეს მხოლოდ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს წააქეზებს.
მათი შეფასებით, ახლა საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობა, როგორც აშშ-თან, ისე ევროკავშირთან, რადგან უახლოეს პერიოდში ურთიერთობის ძველ ფორმაში დაბრუნება მოსალოდნელია.
"ეს საშიში კონფრონტაცია უნდა დასრულდეს მშვიდობაზე ერთიანი პოზიციით"
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთი გაყოფის ზღვარზეა, თუმცა, ეს კონფრონტაცია უნდა დასრულდეს უკრაინაში მშვიდობაზე ერთიანი პოზიციით, რადგან ეს მტრულად განწყობილ სახელმწიფოებს წააქეზებს.
"მთლიანი დასავლეთი სახიფათო გაყოფის ზღვარზეა, ეს აშკარად ჩანს და ეს არ არის პირობითად აშშ-ს დაპირისპირება ევროპასთან, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის გვერდით ევროპის ცალკეული და მსოფლიო სხვადასხვა კუთხეში დიდი თუ პატარა ქვეყნები. ეს საშიში კონფრონტაცია უნდა დასრულდეს უკრაინაში მშვიდობაზე ერთიანი პოზიციით. ამ დაპირისპირებამ არ უნდა წააქეზოს ის კონკურენტი, თუ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, რომლებიც დღესაც არიან აშშ-ს, თუ ევროპული პოლიტიკის წინააღმდეგ.
"თუმცაღა, აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - ტრამპმა სიტყვით და საქმით, ხაზგასმით აჩვენა, რომ ევროკავშირი მისთვის გეოპოლიტიკურ მოთამაშედ არ მოიაზრება, ეს არის მხოლოდ ფულის გამცემი ინსტიტუტი, რომელიც მდიდარია და სათანადო ფინანსური რესურსები აქვს, თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშედ არ განიხილება.
"ის, რომ ტრამპი საერთაშორისო მოთამაშედ ევროპას არ განიხილავს, ამის ორი მაგალითია, ერთი, ინაუგურაციაზე ბრიუსელის ტოპ ბიუროკრატები არ მიიწვია, საუდის არაბეთში რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებზე იქაც არ იყვნენ ევროპელები.
"ზელენსკისთან ბოლო დაპირისპირებას რაც შეეხება, იმის მიუხედავად იმისა ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს და რომელი რომელს აღიქვამს გამარჯვებულად, ამას არანაირი მნიშველობა არ აქვს. დონალდ ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას უკრაინაში მშვიდობა სურს და მომავალში ევროპის შიდა საქმეებში აღარ ჩაერევა. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მას სურს, რომ ევრობლოკმა თავად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.
"რაც შეეხება საქართვლოს პოზიციონირებას, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ეს პოზიციონირება იყო, არის და იქნება მრავალვექტორული. ყველა საქართველოს მეგობარია, გარდა ოკუპანტი რუსეთისა, თუმცა, რუსეთთან მშვიდობაზე მოლაპარაკების დაწყება უკვე ძალიან აუცილებელი გახდა, ეს ბოლო გლობალურმა მოვლენებმაც აჩვენა.
"მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ აქვს, საქართველო არცერთი ბლოკის, თუ არცერთი დაპირისპირებული მხარის გვერდზე არ დადგება, ის გააგრძელებს ყველასთან თანასწორუფლებიან პარტნიორობას და ზოგიერთთან კიდევ სტრატეგიულ პარტნიორობას, როგორც ეს მანამდე გაფორმდა სხვადასხვა მრავალმხრივი ხელშეკრულებებით.
"ის, რაც ძალიან ტრაგიკული ნაცოპოზიციიდან გვესმის, ეს იქნება პოლიტიკური შეფასებები, ტრამპის პრორუსად შერაცხვა, თუ სხვა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, თუ ბოლო წლების განმავლობაში, ქართულმა საზოგადოებამ რა სწორი არჩევანი გააკეთა, რომ ასეთი უნიჭო, ტრაგიკომიკური და არაპროფესიონალი კოლექტიური "ნაცები" არ გააკარა საქართველოს ხელისუფლებას",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
რამ შეიძლება დააბრუნოს აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობა ძველ ფორმაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს იმის პოტენციალი, როგორც ფინანსური, ისე ინტელექტუალური, რომ ევროპა ერთ-ერთი გლობალური მოთამაშე გახდეს.
"ახლა ევროპა ამერიკასთან მიმართებაში უფრო ერთიანია, ვიდრე მანამდე სხვადასხვა საკითხებში გადაწყვეტილებებზე, თუნდაც ნატოს გაფართოებაზე იყო.
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო პროამერიკულ პოზიციას იკავებდნენ, ბებერი ევროპა უფრო - კონტინენტალურს. დღეს ვითარება შედარებით შეცვლილია და ევროპა აფიქსირებს იმ აზრს, რომ ამერიკის ადმინისტრაციას არცთუ კონსტრუქციული პოზიცია უკავია რუსეთ-უკრაინის ომთან და გლობალურ საფრთხეებთან მიმართებაში.
"შესაძლოა, ევროკავშირის სახით კიდევ ერთი ძლიერი გლობალური მოთამაშე ვიხილოთ, ამის ფინსნსური პოტენციალი აქვს. ის გეოეკონომიკური თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე და ერთადერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელმაც სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა მოახერხა, ახლაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროშიც გაძლიერდება, ამიტომაც მანამდე თუ იყო დასავლეთი მხოლოდ ამერიკის გავლენით, ოღონდ ევროპასთან ურთიერთობის მეშვეობით, ახლა მოლოდინია, რომ ევროკავშირიც გაძლიერდეს.
"2022 წელს ამერიკის და ევროპის ინტერესები უკრაინის ომთან მიმართებაში ერთიანი იყო, მაგრამ ამ ვითარებაში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის გამო, განსხვავებული პოზიციებია. ახლა ევროპა უფრო კონტინენტური ძალა იქნება, ვიდრე ევროატლანტიკური.
ეკონომიკურად უძლიერესი ორგანიზაციაა, მაგრამ როცა ფინანსები და ინტელექტუალური პოტენციალი გაქვს, თავდაცვის სფეროსაც განავითარებს, უბრალოდ ამას რაღაც დრო უნდა",- განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, ასეთ ვითარებაში საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ურთიერთობა, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან.
"ამ შემთხვევაში, ნორმალური ხელისუფლების პირობებში, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პარტნიორობა, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან. ორივე მხარესთან თანამშრომლობის განვითარებას უნდა ეცადოს, არც ცალკე პროამერიკული, არც ცალკე პროევროპული, ყველა შემთხვევაში ერთიანი პროდასავლური მხარე უნდა დაიჭიროს. თუმცაღა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ უხარიათ, რომ დაპირისპირება არსებობს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, თუნდაც უკრაინის საკითხზე და არა მარტო.
"ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დასავლეთი ერთიანი იყო, ახლა ვხედავთ, რომ ეს ასე არაა, ძირითადი მიზეზი ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია გახდა უკრაინის საკითხზე. ამასთან, როცა ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირი აშშ-ს საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ეს რეალობასთან არაა ახლოს",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, რამ შეიძლება დააბრუნოს აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები ძველ ფორმაში დააბრუნოს, ჩიტაძემ გვითხრა:
"ურთიერთობების ძველ ფორმაში დაბრუნება შესაძლებელია, თუ უკრაინის საკითხზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოხდება, ამასთან, უნდა მოხდეს შეთანხმება ეკონომიკურ საკითხებზეც, ტრამპს თავისი ეკონომიკური ინტერესები აქვს, ილონ მასკს თავისი და ამ მხრივაც ვითარება დაძაბულია.
"ურთიერთობის ძველ ფორმაში დაბრუნება ისედაც შესაძლებელია, თუ აშშ ოთხ წელში ნორმალურ პრეზიდენტს აირჩევს, ადრეც იყვნენ განსხვავებული პოზიციის პრეზიდენტები,გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებაც იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საქმე იქამდე არ მისულა და ეჭვქვეშ არ დამდგარა ერთიანი დასავლეთის მომავალი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე