რუსების ღია ჩარევა და მორიგი მარიონეტის გამარჯვება ე.წ. მეორე ტურში
თამთა ჩაჩანიძე
(02.03.2025)

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკიდურესი დაძაბულობის ფონზე წარიმართა. იყო ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმისა და შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტიც. ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგების გამოქვეყნებაც მაქსიმალურად გაწელა. რუსეთი კი უკვე ღიად ჩაერთო პროცესებში - აფხაზეთში მომხდარ ინციდენტსა და ანტისომხურ გამოსვლებზე დე ფაქტო უწყებების ნაცვლად, საქმეები რამდენიმე მუხლით უშუალოდ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა.

ასლან ბჟანიას გუნდის წევრი და რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი ბადრა გუნბა გამაჯვებას ზეიმობს. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით სწორედ ის გახდა დე ფაქტო პრეზიდენტი ხმათა 54.73%-ით, მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ 41.5% მიიღო. აქტივობა კი უჩვეულოდ მაღალი იყო - 70%.

დამარცხებული ამ დრომდე არძინბა ჯერჯერობით დუმს - მას არც დამარცხება უღიარებია და არც „არჩევნების" გაყალბების შესახებ გაუკეთებია განცხადება. სწორედ მას და მის გუნდს ედავება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ოკუპირებულ აფხაზეთში ანტისომხური ისტერიის გაღვივებას და გაგრის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეიარაღებულ თავდასხმას, რაზედაც საქმე ტერორიზმის მუხლითაა აღძრული.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა, შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, არძინბას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას და მის გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების დევნაც დაიწყოს. გუნბასგან კი კრემლი ელოდება მისთვის სასარგებლო კანონების ბოლომდე გატანას, რომელიც ეხება ბიჭვინთის აგარაკებს, აპარტ-ოტელებსა და რუსი ოლიგარქების ინვესტიციებისთვის შეღავათიანი პირობების შექმნას.

ზაქარეიშვილის შეფასებით, „არაა გამორიცხული, რომ ახლა ოპოზიცია არჩევნების გამო არ გაბრაზდეს, რადგან თვალში საცემია გუნბას წარმატება. მაგრამ აი, თუ „პარლამენტში" ხელახლა შემოიტანეს ეს სამი თემა, ამან შეიძლება ხელახლა გამოიწვიოს მღელვარება".

პირველი ტური და ანტისომხური ისტერია

სომხების ეთნიკური შევიწროების მოტივით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთში გამოძიება ჯერ კიდევ "წინასაარჩევნო კამპანიის" პერიოდში დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა ვითარება პირად კონტროლზე აიყვანა და ბრძანება გასცა, რომ შეისწავლონ „ადგილობრივი რუსეთის მოქალაქეების მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაცია". კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო კი სოციალურ ქსელში წერდა, რომ „ძალადობის მუქარა აფხაზეთისა და რუსეთის სომეხი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დაფიქსირდა, რადგან კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის იძულებით მიცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი".

„არჩევნების" პირველი ტურში, რომელიც 15 თებერვალს ჩატარდა, ხუთი ე.წ. კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო 50%-იანი ბარიერის გადალახვა,გამოიკვეთა ორი ლიდერი, რომლებიც მეორე ტურში გავიდნენ - ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა (46.38%) და ოპოზიციონერი ლიდერი ადგურ არძინბა (36.92%).

ზუსტად პირველი ტურის შედეგები გახდა აფხაზეთში საკმაოდ მწვავე შიდა ეთნიკური დაპირისპირების მიზეზი. არძინბას მომხრეებმა ღიად დაიწყეს აფხაზეთში მცხოვრები სომხების დადანაშაულება იმაში, რომ მათ პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი არძინბას. გამორიცხული არაა სომხური დიასპორის განწყობაზე გავლენა მოეხდინა არძინბას წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მიერ აგორებულ „შავ პიარს" და მის პროთურქ კანდიდატად წარმოჩენის მცდელობას.

მეორე ტური და შეიარაღებული დაპირისპირება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აქტივობა 70% იყო, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა 100 412-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 2 065-მა აფხაზმა არცერთ ე.წ. კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.

აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ, რომ ბევრი ე.წ. საარჩევნო უბნის შესასვლელთან გაურკვეველი სტატუსის მქონე შეიარაღებული პირები იდგნენ. ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი კი დაახლოებით 19:30-ზე, უბნების დახურვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, როდესაც შეიარაღებული პირები გაგრის რაიონის დაბა განთიადის #2 სკოლაში გახსნილ „საარჩევნო უბანს" დაესხნენ თავს, დააზიანეს „საარჩევნო ყუთი", ბიულეტენები, „საარჩევნო დოკუმენტები", შემდეგ კი, ავტომობილით გაქცევა სცადეს. თუმცა ე.წ. სამართალდამცავებმა „მიუსერას" საგუშაგო გადაუკეტეს, თავდამსხმელებმა მათი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი, საპასუხო სროლის შედეგად ორი პირია დაჭრილი, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მედიის ცნობით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი ნურიკ სმირია, „პრეზიდენტობის" კანდიდატ ადგურ არძინბას ნათესავი.

ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გერენალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი ინციდენტები ოკუპირებული აფხაზეთისთის ახალი არ არის, თუმცა ამჯერად მნიშვნელოვანი ისაა, რომ აფხაზეთში ე.წ. წესრიგის დაცვა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აიღო თავზე და არა დე ფაქტო შესაბამის უწყებებმა. რუსეთმა აქტიურად ჩართვის მიზეზად დაასახელა ის, რომ ორივე ე.წ. კანდიდატი რუსეთის მოქალაქეა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, განთიადში მომხდარ დაპირისპირებაზე საქმე აღძრულია „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი). მათივე ცნობით, არძინბას და მისი მხარდამჭერების ყველა ქმედება „მაქსიმალურად მკაცრად არის კლასიფიცირებული" და ნებისმიერი აქცია, ან პროტესტი „ტერორიზმის ხელშეწყობად" ჩაითვლება.

„თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს. რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივად გამოავლინეს ეჭვმიტანილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაწილეს დასაკავებლად... „იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირი. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება", - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპეციალური წარმომადგენელი სვეტლანა პეტრენკო დამატებით აცხადებს, რომ მეორე ტურის მიმდინარეობისას „დაფიქსირდა სიცოცხლის ხელყოფის მუქარის და ნების გამოვლენის ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი".

სოციალური ქსელებით იგრძნობა, რომ პროცესში რუსეთის უსაფრთხოების ძალების ჩართვამ აფხაზური საზოგადოების პრორუსულ ფრთას ოპტიმიზმი გაუჩინა. ტელეგრამ არხი „აპსნი 360", რომელიც გუნბას უჭერს ღიად მხარს, წერს და მოლოდინი აქვს, რომ „მთელი კრიმინალური ჰიდრა საბოლოოდ დაიშლება, ყველა ნაციონალისტური და ექსტრემისტულ-ტერორისტული განწყობილება ცხელი რკინით დაიწვება".

აფხაზური ტელეგრამ არხი „ასტანდა ნაშეპტალა" წერს, რომ არძინბას მთავარი მოკავშირე, მისი ბიძშვილი და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ადამირ ფაჩალია (მეტსახელად „ფაჩახა"), რომელიც „ჩართული იყო პოლიტიკოსის კამპანიის ძალისმიერ მხარდაჭერაში", უკვე გეგმავს „გაქცევას საქართველოში". მათივე ცნობით, „სწორედ მან მოაწყო შეიარაღებული თავდასხმები საარჩევნო უბნებზე იმ იმედით, რომ არჩევნებს ჩაშლიდა", თუმცა, რუსეთის უშიშროების ძალების აქტიური ჩართვისა და საკუთარი უსაფრთხოების გამო, „გეგმები სასწრაფოდ შეიცვალა".

რა სცენარებია მოსალოდნელი

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ე.წ. კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა და აშკარად ბადრა გუნბას გამარჯვება ჩანს, რაც დიდი ალბათობით სომხური დიასპორის აქტივობამ გამოიწვია. მისი თქმით, პროცესში ყველაზე უჩვეულო ის, არის რომ გამოძიებებში რუსეთი უშუალოდ ჩაერთო, რაც ნიშნავს იმას, რომ კრემლმა მოსალოდნელ პროტესტზეც იზრუნა და ახლა არძინბას მომხრეების დაკავებების სერიას დაიწყებს.

„მიუხედავად იმისა, რომ გაყალბება, მანიპულაცია და ზემოქმედება იყო, გუნბასა და არძინბას შედეგებს შორის 14%-ია განსხვავება. ეს მაინც დიდი პროცენტია და აშკარად ჩანს, რომ გუნბამ გაიმარჯვა. მეც ვფიქრობდი, რომ გუნბა გაიმარჯვებდა, მაგრამ არა ასეთი უპირატესობით. 2004 წლის შემდეგ, პირველად თვალშისაცემი იყო პოლარიზაცია, არჩევნების მიმართ უნდობლობა და გაყალბების ფაქტები.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე დე ფაქტო არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ტარდება ხოლმე. როგორც წესი, მხარეები ანგარიშს უწევდნენ შედეგებს და ეჭქვეშ არ აყენებდნენ და პროტესტს არ აცხადებენ. მაგრამ ახლა აშკარად ჩანს, რომ სერიოზული დარღვევები იყო. მიუხედავად ამისა, გუნბამ ნამდვილად მიაღწია წარმატებას. გაყალბებაც რომ არ ყოფილიყო, განსხვავება დაახლოებით 5-6% იქნებოდა გუნბას სასარგებლოდ.

„მოსალოდნელია, რომ დაძაბულობა არ ჩაცხრება. აქ ერთი მომენტია, რაც არასდროს არ ყოფილა - რუსეთი ძალიან უტიუფრად ჩაერთო. ადრე რუსეთი ყოველთვის გავლენას ახდენდა, მაგრამ ასე ღიად ჩართული არ ყოფილა, როგორც მესამე მხარე. ადრე ორივე „კანდიდატს" მხარს უჭერდა, ახლა კი სისხლის სამართლის საქმეები აღძრა ეთნიკური სომხების წინააღმდეგ წარმოებული გამოსვლების გამო.

„ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რაც აძლიერებს განხეთქილებას სომხებსა და აფხაზებს შორის და ეს შეგნებულად კეთდება. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ სომხებს მხარი დაუჭირა, ამით აფხაზებს კიდევ მეტად გააღიზიანებს. ამას შეგნებულად და სპეციალურად აკეთებს, რომ დაძაბულობა შეიტანოს.

„ანტისოხური კამპანიები გაგრძელდება. აფხაზურ საზოგადოებაში ადრეც არ იყო სიმპათიები სომხების მიმართ, მაგრამ რაღაცნაირად დადებითად ფუთავდნენ. ახლა ანტისომხური ჯინი ბოთლიდან გამოვიდა და მისი უკან შედენა არ გამოუვათ, რადგან რუსეთი უწყობს ამას ხელს.

„გუნბა რუსეთს არაფერში არ სჭირდებოდა გარდა იმისა, რომ აფხაზეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ბჟანიას დროს იყო რუსეთის წინაშე - ბიჭვინთის მიწა უნდა გადაეცეს რუსებს საბოლოოდ, რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელი თემაა; ასევე აპარტ-ოტელების დაკანონება - მშენებლობა დაიწყო, მაგრამ დაკანონებული არაა და ეს არის რუსი ინვესტორების, ანუ ოლიგარქების შეღავათიანი პირობების შექმნა ინვესტიციებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამის წინაღმდეგ წავიდა აფხაზური საზოგადოება და ბჟანია გაისტუმრა, მაგრამ ბჟანია გუნბას სახით დაბრუნდა. შესაბამისად, რუსეთი მოსთხოვს, რომ პირობები შეასრულოს.

„ახლა რუსეთი იმ ლიდერების დაპატიმრებებს დაიწყებს, ვინც შემჩნეულები არიან სომხური თემის წინააღმდეგ გამოსვლებში. ბევრ მათგანს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევს, აუკრძალავს რუსეთში გადაადგილებას, აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს და პრაქტიკულად გუნბას წინასწარ მოუმზადებს ნიადაგს, რათა ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, როცა ისინი ე.წ. პარლამენტში განიხილავენ ამ საკითხებს.

„დაძაბულობა გაგრძელდება, როგორც შიდა აფხაზური - გუნბა-არძინბას შორის, ასევე ეთნიკური სომხების წინააღმდეგ, რაც რუსეთს აწყობს, ამაში ხელს მოითბობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ყველაფერი გაუვა. არაა გამორიცხული, რომ ახლა ოპოზიცია არჩევნების გამო არ „გაბრაზდეს", რადგან თვალშისაცემია გუნბას წარმატება. მაგრამ აი, თუ „პარლამენტში" ხელახლა შემოიტანეს ეს სამი თემა, ამან შეიძლება ხელახლა გამოიწვიოს მღელვარება. ამას ალბათ რამოდენიმე თვეში ვნახავთ.

„არძინბამ ახლა ან უნდა მიულოცოს გუნბას, ან გააკრიტიკოს და გასაკრიტიკებელი ცოტა რამაა, რადგან ფაქტია, რომ წარმატებას ვერ მიაღწია. რაც მთავარია, არძინბას ხალხს ბრალდება არეულობები. ამიტომ მისი მთავარი ამოცანაა დაიცვას თავის ხალხი.

„ახლა დაიწყება პროცესები არძინბას წინააღმდეგ. უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, უარეს შემთხვევაში შეიძლება ტერორიზმი დაბრალდეს.

„ადრე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენებიც მოუკლავთ და მაშინ არ აღუძრავთ რუსებს სისხლის სამართლის და ახლა ათობით საქმე აღძრეს, როცა სომხები აფხაზეთის მოქალაქეებიც არიან და აფხაზეთის მოქალაქეებს შორის არის დაძაბულობა. ეს ძალიან უცნაური რამაა, რასაც აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს, რომლის ამოცანაა როგორმე შუღლი გააღრმავოს.

„ასე ჩანს, რომ სადაც სროლა იყო, იქ მეტწილად სომხები აძლევდნენ ხმას. საბოლოო ჯამში, როცა ბიულეტენები გამოქვეყნდება, ანალიზი აჩვენებს სომხების ხმებმა რა გარდატეხა შეიტანა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის და ჩანს, რომ სადაც სომხები ცხოვრობენ, იქ ცალსახად და მკაფიოდ გუნბამ გაიმარჯვა. ანალიზის შემდეგ თუ გამოჩნდა, რომ სუფთა აფხაზურ რაიონებში არძინბამ გაიმარჯვა, მაშინ დადასტურდება, რომ სომხების ხმები გადამწყვეტი იყო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე