ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, ამჯერად აშშ-ის პროზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ნეგატიურისკენ შეიცვალა, მეორე ნაწილი კი თავად „საინაუგურაციო დარბაზში“ მყოფ პოლიტიკოსებს „არასწორი მოლოდინების შექმნის გამო“ ადანაშაულებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიციაში მცირე წინააღმდეგობები არის, თუმცა ამას ჯერჯერობით ტოტალური სახე არ აქვს. რა ხდება ოპოზიციაში და რა პოლიტიკური პროცესების განვითარებას უნდა ველოდოთ?
ეს ყველაფერიპარასკევს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტშ მომხდარ უპრეცედენტო სკანდალს მოყვა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ მწვავედ დაუპირისპირდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.
ტრამპის განცხადებებსა და ქმედებებს მკვეთრად ნეგატიურად გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობისათვის, იგი პირადად შეხვდა დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ მის ინაუგურაციამდე, პარიზში ხანძრის მერე რეაბილიტირებული ნოტრ-დამის საზეიმო გახსნაზე და 20 იანვარს ვაშნგტონშ მის ინაუგურაციასაც დაესწრო.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა... უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა, ისე გამოიყურება, მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ,“ - დაწერა ზურაბიშვილმა „იქსზე“.
ამას მოჰყვა პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას კრიტიკული განცხადებაც, სადაც ის მინიშნებით ამბობს, რომ „ოცნების“ ოპონენტების მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა ისევ „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
„კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ - არც სრული ფსონის დადება, აშშ-ში ინაუგურაციაზე მოლოდინებით წასვლა და ამ მოლოდინების ხალხში შექმნაა გამოსავალი და არც ის, ინაუგურაციაზე მყოფი, დღეს რომ აკრიტიკებ.“
მელია წერს, რომ მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა, აშშ ყოველთვის იყო და არის საქართველოს პარტნიორი. თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერების შეფასებების დიდი ნაწილს, ახლა „ოცნება“ თავისი ინტერესებისთვის იყენებს.
„შეფასებების ძალიან დიდი ნაწილი ახლა „ოცნების“ პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს და იმის საშუალებას აძლევს, რომ ჩვენი ემოციური შეფასებები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. უნდა გვახსოვდეს, ადმინისტრაციების ცვლის მიუხედავად, ამერიკა იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. იყო და რჩება კიდეც ქართველი ხალხის მეგობრად.
„ფაქტია, „ოცნებამ“ მინიმალური კომუნიკაციაც კი ვერ დაამყარა ახალ ადმინისტრაციასთან. მოგვწონს თუ არა კომუნიკაციის ფორმები, რასაც ვხედავთ, ან ის, რაც შესაძლოა ხდებოდეს და მომხდარა დახურულ კარს მიღმა - შინაარსი და ამოცანები უცვლელია,“ - წერს მელია.
შიდა დაპირისპირება ოპოზიციაში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში წინააღმდეგობებია და ამას მელიას განცხადებაც ადასტურებს, თუმცა ჯერჯერობით ამას მკვეთრი დაპირისპირების სახე არ აქვს.
„ვფიქრობ, რომ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს ერთმანეთთან მომხამრებლური დამოკიდებულება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად თითქოს, პოლიტიკური პარტნიორები არიან. თუმცა ეს არ არის მყარი პარტნიორობა - ესაა პრინციპი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთისგან მაქსიმალური სარგებელი ამოიღოს.
„ოპოზიციას სჭირდება სალომე ზურაბიშვილი, რადგან მას აქვს ძლიერი კავშირები და მის სიტყვას ევროპაში ჯერ კიდევ აქვს წონა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუ როგორ გამოიყენა ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. ყველას გვახსოვს, როგორ გამოაცხადა ოპოზიციური პარტიებით გარშემორტყმულმა ზურაბიშვილმა არჩევნები გაყალბებულად.
„მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილსაც სჭირდება ოპოზიცია, რადგან თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ფაქტობრივად, თავისი გუნდი არ ჰყავს.
„მგონია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო ის ფიგურა, რომელმაც დასავლეთიდან მისცა ოპოზიციას გაერთიანების დირექტივა, თუმცა ეს ვერ გამოუვიდა. ის, რომ სალომე ვერ გამოდგა ოპოზიციის გამაერთიანებლად, მიუთითებს, რომ მიუხედავად გარეგნული სიამტკბილობისა, სალომესა და ოპოზიციას შორის წინააღმდეგობები არსებობს.
„ვნახოთ, როგორ განვითარდება პოლიტიკური კონიუნქტურა. ვამბობ, რომ არსებობს წინააღმდეგობები ოპოზიციასა და ზურაბიშვილს შორის, ასევე ოპოზიციის სხვა წევრებს შორის, თუმცა ამას ჯერჯერობით მკვეთრი დაპირისპირების სახე არ აქვს,“ - ამბობს ანჯაფარიძე.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძეც აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა არ ელის, რომ ეს დაპირისპირების წინაპირობა გახდება.
„გარკვეული უთანხმოება ოპოზიციაში არის, თუმცა ეს მოსალოდნელიცაა. პროდასავლურ ოპოზიციას ჰყავს დემოკრატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, ამიტომ აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია არსებობდეს. მაგალითად, „ქართულ ოცნებაში“ ერთი რომ იტყვის, მას ყველა ემორჩილება. შესაძლოა ზოგი ეთანხმება ივანიშვილს და ზოგი არა, მაგრამ იძულებული არიან დაემორჩილონ.
„ოპოზიციის შემთხვევაში კი, პირიქით - აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია. გვყავს სამი პარტია ოპოზიციაში და მეოთხე („გახარია საქართველოსთვის“), რომელიც თავისი წესებით თამაშობს. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ პარტიების შიგნით ან პარტიებს შორის უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ მათ საერთო ღირებულებები აქვთ.
„არ მგონია, ამ აზრთა სხვადასხვაობამ კონკრეტულ დაპირისპირებამდე მიიყვანოს ოპოზიცია, რადგან ეს გაართულებს ბრძოლას „ოცნებასთან“.
„რაც შეეხება მელიას განცხადებას, ეს მისი აზრია, თუმცა არ მიანიშნებს, რომ რაიმე სახის განხეთქილებაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ“, - თქვა ჩიტაძემ
კითვაზე გაუცრუვდა თუ არა ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციისგან იმედები, ჩიტაძე გვპასუხობს:
„დიახ, ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციისგან მოლოდინი უფრო მეტი ჰქონდა და სურვილიც, რადგან ტრამპის ადმინსიტრაციის გარემოცვა ჩვენთვის ცნობილია. თუნდაც მარკო რუბიო, ამერიკელი კონგრესმენები, ისინი თავის დროზე ივანიშვილის დასანქცირებას ითხვდნენ, უმრავლესობა ივანიშვილის პოლიტიკის მიმართ არ იყო დადებითად განწყობილი. ოპოზიციას სურდა (აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე) კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა. მელიამაც თავისი აზრი გამოხატა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში დაპირიპისრებაა, იშლება, ან რამე მსგავსი“, - განაცხადა ჩიტაძემ.
რას უნდა ველოდოთ
ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია კონკრეტულ ნაბიჯებს მხოლოდ მას შემდეგ გადადგამს, რაც დასავლეთის პოზიცია საბოლოოდ გახდება ცნობილი.
„სიტუაციის უნიკალურობა იმაშია, რომ ოპოზიციის შემდგომი მოქმედებების ხაზი დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღეს კრიტიკული რეზოლუციები საქართველოსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არც ევროკომისიას და არც ევროპულ საბჭოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. კი, კონტაქტები შეჩერებულია, თუმცა არ არის ნათქვამი მთავარი - აღიარებს თუ არა ევროპა არჩევნებს.
„ამიტომ ოპოზიცია ახლა ელოდება დასავლეთის პოზიციას და ამის შემდეგ გადაწყვეტს როგორ გააგრძელოს მოქმედება - გააგრძელოს საპროტესტო აქციები, თუ მოითხოვოს არჩევნების დანიშვნა,“ - აცხადებს ანჯაფარიძე.
ნიკა ჩიტაძის აზრით კი, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ხოლო ოპოზიციისათვის შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციაა.
„ოპოზიციამ უნდა მოითხოვოს, რომ ადგილობრივი არჩევნების პარალელურად საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდეს. ასევე საჭიროა უფრო აქტიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რადგან „ოცნება“ ბევრს არწმუნებს, თითქოს მან საქართველო ომს გადაარჩინა. ამიტომ ამ შეხვედრებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აცხადებს ჩიტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე