ნატალია ჯვარიძე
(01.03.2025)

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საკმაოდ გავლენიანმა წარმომადგენელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა. აქვს თუ არა მასკის ამ პოსტს პოლიტიკური დატვირთვა და შეგვიძლია თუ არა ამის მიხედვით ვისაუბროთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ?

„ძალიან რთულია ასე ბოლომდე გავიდეთ დამოკიდებულების საკითხში, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს დადებით კონტექსტში მოხსენიების ტაბუ, რომელიც წლებია ჩვენს ქვეყანას ადევს, ნელ-ნელა იხსნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსის დავით ზურაბიშვილის აზრით კი, მასკს საქართველო, როგორც კონსერვატიული ქვეყანა, უბრალოდ მაგალითად ჰყავს მოყვანილი და ეს საერთოდ არაა დაკავშირებული აშშ-ის ხელისუფლების დამოკიდებულებასთან საქართველოსადმი: 

„აქ ძალიან მარტივი ამბავია - მასკს ეს მოყვანილი აქვს უბრალოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ კონსერვატიული ღირებულებების ადამიანი თუ ხარ, შობადობა მოიმატებს“.

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს პატრიარქის ინიციატივის შედეგად, მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით გაიზარდა და მესამე შვილის გაჩენის შემთხვევები - 100%-ით.

„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ აამაღლონ ერების შობადობა“, - ნათქვამია ილონ მასკის პოსტში, რომელიც თავის გვერდზე გაზიარებულ კვლევის შედეგებს დაურთო.

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ამ პოსტის მიხედვით ვერ ვისაუბრებთ აშშ-ის ახალი ადმნისტრაციის დამოკიდებულებას საქართველოსადმი.

„ამის მიხედვით არანაირად არ შეგვიძლია ვისაუბროთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. აქ ძალიან მარტივი ამბავია - მასკს უბრალოდ ეს მოყვანილი აქვს იმის საილუსტრაციოდ, რომ კონსერვატიული ღირებულებების ადამიანი თუ ხარ, შობადობა მოიმატებს. მაგალითისთვის საქართველო მოიყვანა და ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ (საქართველოს) ხელისუფლების პოლიტიკას ემხრობა ან ეწინააღმდეგება. ეს არის იმ შეხედულებებთან დაახლოებული, რომ კონსერვატიზმი ხელს უწყობს შობადობის გაზრდას და კონსერვატიზმის მაგალითია რელიგიურობა. ანუ, ესე იგი, მისი აზრით, საქართველოში რელიგიურობის ხარისხი მაღალია, ეკლესია ამ საქმეში ჩართულია და მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდაო. მე არ მაქვს სტატისტიკური მონაცემები და არ ვიცი. მას საიდან აქვს, არც ის ვიცი“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან“.

რამაზ საყვარელიძის აზრით კი, შესაძლოა მასკის ეს პოსტი საქართველოს დადებითად მოხსენიებაზე დადებული არაფორმალური ტაბუს მოხსნასაც ნიშნავდეს.

„ძალიან რთულია ასე ბოლომდე გავიდეთ დამოკიდებულების საკითხში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოვლენა ყველამ იცის. პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და დამალული არ ყოფილა - მონათვლამ შობადობა გაზარდა. თუმცა ხმა არავის ამოუღია, ვინაიდან საქართველო ითვლებოდა ისეთ ქვეყნად, რომელზეც კარგი არაფერი უნდა ითქვას. რადგან ეს ნაბიჯი აშშ-ის ადმინისტრაციის წევრმა ილონ მასკიმ გადადგა, ესე იგი დაშვებულია, რომ საქართველოზე შეიძლება რაღაცები კარგიც ითქვას. ამ კუთხით ვატყობთ, რომ საქართველოზე  დადებული ტაბუ შექებასთან დაკავშირებით ეტყობა ნელ-ნელა იხსნება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე