მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას მოთხოვნა დაუკმაყოფილა და სადეპუტატო მანდატები გაუუქმა, „ოცნების" დეპუტატებმა, ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ოცნებას" სხვა ჯგუფებიც გამოეყოს და ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნას.
„მგონი ეს მოსალოდნელია, რადგან ოპოზიციის ბოიკოტის შედეგად ის პარლამენტში არ არის და ალბათ, თვითონ უმრავლესობიდან დაიწყება ასეთი ოპოზიციური სტრუქტურების შექმნა, ისევე, როგორც ადრე შეიქმნა „ხალხის ძალა", რომელიც დღეს ოპოზიციურ ძალად გვევლინება", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
როგორც ილია ინჯიამ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპული სოციალისტების" ბაზაზე ჩამოაყალიბებენ. როგორც ინჯიამ თქვა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არ დაუშვან „ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება.
„მანდატები შეუწყდათ სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს მოცემულობა ჰქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური პარტია. როდესაც საპარლემენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტია „ევროპული სოციალისტების" ბაზაზე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. სრულად დავიცავით კოლეგიალობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს.
ჩვენი დამოკიდებულება რადიკალური ოპოზოციის მიმართ დარჩება ისეთივე პრინციპული, როგორიც დღემდე იყო. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნება.
ამასთან, ჩვენს მისიას ვხედავთ ჯანსაღი ოპოზოციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე და წარადგენს საკანონმდებლო ინიცატივებს, შევა არგუმენტირებულ კამათში უმრავლესობის წარმომადგენლებთან, საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნვესაყოფად.
ჯანსაღი ოპოზიციის გარეშე ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასდროს ჩამოყალიბდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკური სისტემების ჩამოყალიბებაში", - განაცხადა ილია ინჯიამ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა უმრავლესობიდან კიდევ გადავიდნენ ოპოზიციაში, რადგან მისივე აზრით, ფორმალურად გაზარდონ ოპოზიციონერთა რიგები.
„გამორიცხული არაა, რომ უმრავლესობიდან კიდევ სხვებიც გადავიდნენ ოპოზიციაში, რათა ფორმალურად გაიზარდოს ე.წ. ოპოზიციონერთა რიგები. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება შეეცდება უფრო მეტი ლეგიტიმაცია მისცეს საკუთარ თავს და განაცხადოს, რომ შედარებით უფრო მეტი ოპოზიციონერია პარლამენტში, ვიდრე თავიდან, როცა მხოლოდ შვიდი იყო.
ამ ყველაფრის ძირითადი მიზანი ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რეალური ოპოზიცია არ არის. მას ოპოზიციას ვერ დავარქმევთ. ეს არის იგივე „ქართული ოცნება", რომელიც გაატარებს იგივე პოლიტიკას, რომელსაც ეს ე.წ. ხელისუფლება ატარებს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ დროებითი საგამოძიებო კიმოსიის შექმნას რაც უკავშირდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე