49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა და პარლამენტი 101 წევრიანი გახდა. კენჭისყრის შედეგებს "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წევრები ტაშით შეხვდნენ. პარლამენტის წევრთა შემადგენლობაში 12 ოპოზიციური მანდატი დარჩა, რომელიც "გახარია საქართველოსთვის" ეკუთვნის, თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ "პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ" და არც გააუქმებენ წევრობას.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მანდატების გაუქმებისა და იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, მათი სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ნაწილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას აკრიტიკებს.
"გახარიამ თავისი საქმიანობით და განცხადებებით დაამტკიცა, რომ ის მოღალატე და უპრინციპო ადამიანია, მისთვის არაფერი ფასეული არ არსებობს არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მომავალში პოლიტიკურად როგორ იშულერებს, ამას საზოგადოება ნახავს",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.
"ახლა "ოცნებას" ბერკეტი მიეცა, რომ ერთის მხრივ ბიუჯეტიდან თანხები არ გადარიცხოს და სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში, ოპოზიციიის ლიდერებზე დევნა გააძლიეროს",- განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ვის შეუწყდა უფლებამოსილება და ვის არა
150 წევრიან პარლამენტში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 89 მანდატი "ოცნებამ" აიღო, "კოალიცია ცვლილებებისთვის" - 19, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 16, "ძლიერი საქართველო" - 14, "გახარია საქართველოსთვის" - 12.
უნდა აღინიშნოს, რომ "კოალიცია ცვლილებებისთვის", ენმ-ს და "ძლიერ საქართველოს" სათადარიგო სიები ჩახსნილი აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ადგილმონაცვლედ ვერავინ შევა, შესაბამისად პარლამენტი 101 დეპუტატითაა წარმოდგენილი. მათ შორის გახარიას პარტიის 12 მანდატით.
პარლამენტის წევრები, რომელთა პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ, არიან: - მარიკა არევაძე, ლაშა ბაქრაძე, თინა ბოკუჩავა, საბა ბუაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გრიგოლ გეგელია, ანა გოგოლაძე, სოფია გოლეთიანი, ანა დოლიძე, გიორგი ვაშაძე, თენგიზ თევზაძე, ქეთევან თურაზაშვილი, გიორგი იმედაშვილი, გიორგი კირთაძე, ცოტნე კობერიძე, მაია კოპალეიშვილი, თამარ კორძაია, ირაკლი კუპრაძე, თამარ ლალიაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ნანა მალაშხია, ნიკა მელია, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, ლევან სამუშია, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი ქავთარაძე, ოქტაი ქაზუმოვი, ბორის ყურუა, ფიქრია ჩიხრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გიგი წერეთელი, ანა წითლიძე, ივანე ჭყონია, ლევან ხაბეიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ეკა ხერხეულიძე, ირაკლი ხვადაგიანი, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე, გაიოზ ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და სოფიო ჯაფარიძე.
კენჭისყრამდე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა 49 ოპოზიციური სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერებმა, რომლებმაც მანდატები შეინარჩუნეს, თვალთმაქცობენ.
"ამ დეპუტატებში ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი არ არის და დანარჩენები რას აკეთებენ, თუ ისევ გააგრძელებენ სახელმწიფო დაფინანსების მიღებას? ეს თვალთმაქცობა ძალიან უხეშად ჩანს, ეს აღსაკვეთია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაითვალისწინონ თუ როგორ შარლატანებთან აქვთ საქმე.
"ქართულ პოლიტიკურ ველზე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა ჭარბია, მაგრამ მათი ხარისხი საკმაოდ დაბალია. შემოდგომით ადგილობრივი არჩევნები იქნება, აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის უდიდესი მინუსები და ნეგატივები, რაც რადიკალურ იოიზიციურ პარტიებს ახასიათებს", - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძეს მოლოდინი აქვს, რომ გახარიას პარტია პარლამენტში შევა.
"გახარიასგან და მისნიარი პოლიტიკანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. გახარიამ თავისი საქმიანობით და განცხადებებით დაამტკიცა, რომ ის მოღალატე და უპრინციპო ადამიანია, მისთვის არაფერი ფასეული არ არსებობს არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მომავალში პოლიტიკურად როგორ იშულერებს, ამას საზოგადოება ნახავს, გახარიამ რომ თქვას დღეს რა დღეა და რომელი საათია, ისიც დასაჯერებელი არაა", - განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ოპოზიციონერებზე დევნა დაიწყოს "ოცნებამ".
"გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას" აწყობდა, რომ სამი ოპოზიციური ძალისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ და ოპოზიციონერებისთვის იმუნიტეტი მოეხსნათ. ახლა "ოცნებას" ბერკეტი მიეცა, რომ ერთის მხრივ ბიუჯეტიდან თანხები არ გადარიცხოს და სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაში ოპოზიციიის ლიდერებზე დევნა გააძლიეროს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იმყოფებოდნენ, „რეალურად, პარლამენტში არცერთი დღე არ უმუშავიათ".
„ის, ვინც დემოკრატიისა და საქართველოს მოსახლეობის შანტაჟს ცდილობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სამართლიან, კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს მიიღებს ამაზე. [მას შემდეგ, რაც ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა] გახსოვთ, რომ სხდომების ნახევარზე მეტი გაცდენა ჰქონდათ, ხან ბოიკოტის გამო, ხან ისე. რეალურად, პარლამენტში არცერთი დღე არ უმუშავიათ.
"იმის გამო, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ შანსი მისცა, წარმოედგინათ საკუთარი ამომრჩევლის ნება, ამან გამოიწვია ის, რომ რადიკალური ოპოზიცია შეეცადა ეს პრეცედენტად ექცია. 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ზუსტად იმავე მცდელობას ვხედავთ - არჩევნების გაუქმებისა და ხალხის ენის უარყოფის. ვხედავთ იმავე მეთოდებს, მათ შორის, მანდატებზე უარის თქმის შესახებ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველი ხალხის სახელით, ვერ დავუშვებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, დემოკრატია იყოს უგულებელყოფილი და იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია, მისი შიდა თუ გარე მფარველების მეშვეობით, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ "ოცნებამ" ოპოზიციონერების სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
"ივანიშვილს აქვს დავალება კრემლიდან, რომ გააუვნებელყოს ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო წინააღმდეგობაში და პროტესტში. მათ შორის ის სამი კოალიცია, რომელთა მანდატების შეწყვეტის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება. ისინი დგანან წინა ველზე, მათ შორის კოალიცია „ძლიერი საქართველო".
"შესაბამისად, დამატებითი მცდელობა მანდატების გაუქმების შემდეგ იქნება ჩვენი დაკავების მცდელობები სისხლის სამართლის ბრალდებები და ა.შ. სასაცილოდ არ გვეყოფა არცერთი ბრალდება, რაც არ უნდა მოხდეს. მზად ვართ მათ შორის პატიმრობისთვის, მათ შორის წინააღმდეგობისთვის, იმიტომ, რომ ვიცით რას ეხება საქმე. საქმე ეხება ამ ქვეყნის მომავალს", - ამბობს კუპრაძე.
"ახლა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ", - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა, როდესაც გახარიას პარტიის გარდა, ყველას გაუუქმეს მანდატი, საინტერესოა, აპირებენ დაწერონ განცხადებები და ჩახსნან სია, თუ კიდევ რამე არგუმენტი აქვთ, ამას რატომ არ აკეთებენ?", - წერს სალომე სამადაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე