თამთა ჩაჩანიძე
(03.12.2024)

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში დაძაბულობის პიკი გადავლილია და „ნაცმაიდანი" ჩავარდა. ოთხშაბათს საღამოს კი დაგეგმილია მნიშნელოვანი პოლიტიკური დებატები პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს ხელისუფლების მცდელობაზე, რომ პროტესტი ქუჩიდან გადავიდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და დებატების ჭრილში.

წინასწარ ცნობილია, რომ დებატები შედგება 4 დეკემბერს ღამის 10 სათზე საზუგადოებრივ მაუწყებელში. მასში, მონაწილეობას მიიღებენ ერთის მხრივ პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილი და მეორეს მხრივ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

როგორ დაიგეგმა დებატები

ასეთი შესაძლო დებატების იდეა პრემიერმა კობახიძემ პირველად 2 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. საუბრის მთავარი თემა იქნება 28 ნოემბრის ცნობილი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირში გაწვერიანებაზე მოლაპარაკების გახსნის ინიცირებაზე და ის, თუ რამდენად ნიშნავს ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე უარის თქმას.

თავად საუბარი იყო დებატების განსხვავებულ ფორმატსა და ადგილზე. საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ" გვერდზე 3 დეკემბერს დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიდო პრემიერის შემდეგი განცხადება:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში".

თინა ხიდაშელს ეს პირველ შეთავაზება ნეგატიურად შეაფასა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ კობახიძის შეთავაზებაზე მზაობა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც გამოთქვა, მისაღებია, დებატები ორი-ორზე იყოს და „კობახიძეს შეუძლია, ვინც სურს, ის წამოიყვანოს".

„არ ვიცი, რას ნიშნავს, 11 ან 12 მოვიდნენ?! ეს ხომ არ არის შეხვედრა ჟურნალისტებთან? ამ წუთის მდგომარეობით მე ამ ადამიანს ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრად არ ვაღიარებ - ჩემთვის მისი მანდატი იმ დღეს დამთავრდა, რაც ეს მანდატი შეუჩერდა. ის, რომ სადღაც კანცელარიაში დაგვიძახოს და შეხვედრა, როგორც პრემიერ მინისტრმა ისე ითხოვოს, ამით გარკვეულ ლეგატიმაციას მივცემთ. მე ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა კობახიძის ახალი განცხადება:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად".

ამის საპასუხოდ მიხეილ ჯანელიძემ ასევე სოციალური ქსელი გაავრცელა განცხადება და დაადასტურა მზადყოფნა ამ ფორმატში საუბრისათვის.

„მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია „ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი", - წერს ჯანელიძე.

რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მან სამშაბათს საღამოს სოციალურ ქსელში ამგვარი რამ დაწერა:

„ჯერჯერობით ვიცი მხოლოდ ის რომ საზმაუსგან არის თანხმობა, მათ ეთერში შედგეს დებატები, ხვალ 22:00 საათზე, 4 ყოფილ მაღალი თანამდებობის პირს შორის.

ეს არის ფორმატი, 4 ყოფილი, ოცნების მიერ ევროპისკენ მიმავალი კარის დახურვის შესახებ, იდებატებს!

„არ ვიცი რამდენი ხანი იქნება, ან ეთერში ვინ იქნება. საზმაუდან მხოლოდ ჟურნალისტი დამიკავშირდა ჯერ ჯერობით ინტერვიუზე. მეტი კომუნიკაცია არ ყოფილა.

მეტი რომ მეცოდინება გაგაგებინებთ!"

მოგვიანებით კი „პირველმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების ოპონენტი ორივე პოლიტიკოსი დებატებს დათანხმდა.

რას ნიშნავს შეთანხმება დებატებზე

როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, კობახიძის პოზიცია ნიშნავს, რომ ხელისუფლება „მყარად არ დგას" და თან პროტესტი მზარდია, რასაც არც კობახიძე და არც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ მოელოდა თუნდაც 25 ნოემბრის მოვლენების ფონზე.

„არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისგან დავალება მიიღო, რომ თითქოს რაღაც დათმობაზე მიდის. ჯერ აცხადებდნენ, რომ 2028 წლამდე აჩერებდნენ ევროინტეგრაციის პროცესს და ახლა იძახიან, რომ დოკუმენტი დაგვიდონ და მზად ვართ ხელი მოვაწეროთო, რითაც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ვითომ თავად ევროპას არ სურს ჩვენი ინტეგრაცია.

„კობახიძემ და პირველ რიგში ივანიშვილმა პირველი პრობლემა რაც დაინახა ისაა, რომ პროტესტის მუხტი თანდათან იზრდება. ეს თავიდან ვერ გათვალეს და დამცინავად აცხადებდნენ, რომ ბევრი ხალხი ვერ იკრიბებაო. მერე 25 ნოემბერს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა შედგა, სტიმული მიეცათ, რომ პარლამენტთან ცოტა ადამიანი მივიდა. მერე იფიქრეს, რომ თუ ყაველაშვილს შევთავაზებთ პრეზიდენტად და 2028 წლამდე შევაჩერებთ ევროოინტეგრაციის პროცესს, ესეც გაგვივაო. ახლა კი დაინახეს, რომ ვერ გაუვათ, საპროტესტო ტალღამ 30-მდე რეგიონი მოიცვა.

„ადრე კობახიძე ამ დისკუსიას მთავრობის ადმინისტრაციაში და საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი არა, საერთოდაც არც შესთავაზებდა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება მყარად არ დგას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, მოთხოვნა, რომ საჯარო დისკუსია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შედგეს, ეს „სახელწიფო პირველი პირის დამცირების მცდელობაა".

„როცა კობახიძემ ჟურნალისტებთან ჩანიშნა შეხვედრა, იქ რომელიმე ჟურნალისტს რომ ეთქვა, რომ ჩვენ გვინდა ეს შეხვედრა რომელიმე რედაქციაში, ან სტუდიაში იყოსო, ეს გამართლებული არ იქნებოდა. ახლა დებატები პოლიტიკოსებთანაა ჩანიშნული, მაგრამ რანგი ერთნაირი არაა.

„რომელიმე ქვეყნის პრემიერი რომ ჩამოდის, მას შეიძლება შეხვდეს საქართველოს რომელიმე მინისტრი და მერე მიდიან პრემიერთან. დეპუტატი რომ ჩამოდის, იქ პრემიერის ყოფნა და შეხვედრა აუცილებელი არაა, რადგან სხვადასხვა ფუნქციის და სტატუსის პირები არიან. ახლა ლაპარაკია ორ ადამიანზე, რომელსაც არანაირი სტატუსი არა აქვს. თუკი პრემიერი იქნება თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირი, მიიღებს დაბალი თანამდებობის პირის შეთავაზებას, ეს მაღალი თანამდებობის პირის „დაქვეითებაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რას ნიშნავს საუბარი „ნაცმაიდანის" ჩავარდნაზე

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერმა კობახიძემ იმაზეც გააკეთა მინიშნება, რომ ქვეყანაში დაძაბულობის პიკმა გადაიარა. მისი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენები იყო 2020 წლიდან დღემდე საქართველოში „მაიდანის" მოწყობის უკვე მეოთხე მცდელობა, რომელიც უკვე ჩავარდა.

„ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო. გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის, ამ კონტექსტში. მინდა ერთი რამ შეგახსენოთ - ამ ოთხი მცდელობის მაგივრად რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად, ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში.

„ამ აქციებზე, თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის" მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა შემთხვევაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა ასეთ შეფასებას არ ეთანხმება და არ ფიქრობს, რომ დაძაბულობის პიკი გადავლილია. როგორც ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პროტესტის მუხტი თანდათან ღვივდება და კობახიზე კი ცდილობს ამ განცხადებებით ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინოს და მუხტი შეანელოს.

„მგონია, რომ პეროტესტის მუხტი თანდათან იზრდება და კობახიძე ცდილობს კრიტიკულად განწყობილი ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინოს, რომ თითქოს მათ არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ გამარჯვებას მიაღწევენ. ეს ერთგვარი ტაქტიკაა და ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„კობახიძეს ეშინია პროტესტის და ამიტომაც აცხადებს, რომ „ნაცმაიდანი" ჩავარდა, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეები დააშინონ, ან მოტივაცია გაუქრონ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ეს განცხადებები უფრო იმას ნიშნავს, რომ პროტესტში ძალადობრივი კომპონენტი აღარ იქნება, ვიდრე იმას, რომ აქციები აღარ გაიმართება.

„საერთოდ, ეს განცხადება მეც მიჩენს კითხვებს - როგორ ჩავარდა, რაში გამოიხატება, ჩავარდნაში რას გულისხმობენ და ა.შ. ამ დღეებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ 30% ადამიანებისა, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება თბილისში ცენტრალურ ქუჩებზე გამართულ აქციებზე, არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლებიო. უცხოელებს თუ აიყვანდნენ, მათ უკან აქციაზე აღარ დააბრუნებდნენ. სავარაუდოა, რომ ბილეთს აუღებდნენ და თავიანთ ქვეყანაში გაამგაზვრებდნენ. თან კიდევ დაემატა ვიდეომასალები იმ ადამიანების შესახებ, ვინც პირდაპირ ძალადობის შესახებ ლაპარაკობენ - ცეცხლი თუ ტყვია.

„სავარაუდოა, რომ ის უცხოელებიც მშვიდობიანი პროტესტისთვის არ ჩამოვიდოდნენ და თუ ჩავთვლით, რომ ეს ძალადობის ნაწილი ამოღებულია საპროტესტო აქციებიდან, აქციების ხასიათი შეიცვლება. ეგ მაფიქრებინა ორშაბათის აქციამ, სადაც ფეიერვერკების „ტყვიამფრქვევი" აღარ ფიგურირებდა. ეს ძალადობრივი კომპონენტი რომ ჩამოშორდა, ესაა მიჩნეული „ნაცმაიდნის" ჩავარდნად და არა ის, რომ საპროტესტო აქციები აღარ იქნება. მაიდნის პროცესები სწორედ ფიზიკური ძალადობის პროცესებია", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე