თამთა ჩაჩანიძე
(03.12.2024)

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი მზადაა დაეხმაროს ქართველებს ჯარით", თუ პროტესტი გაძლიერდება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ერთი შეხედვით, კალაშნიკოვი რუსეთის ხელმძღვანელობაში საკვანძო ფიგურა არაა და შესაბამისად მის განცხადებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა კრემლს ბევრი გამხმოვანებელი ჰყავს და არაა გამორიცხული, რომ თუ „საქართველო დესტაბილიზაციამ მოიცვა", ეს რუსეთმა გამოიყენოს .

თუმცაღა, ანალიტიკოსები „რეზონანსთან" იმაზეც საუბრობენ, რომ კრემლის პრიორიტეტებში საქართველო მოწინავე პოზიციებზე არა. უკრაინის ომის გარდა, რუსეთს ბოლო დღეებში ახალი სერიოზული თავსატეხი გაუჩნდა სირიის მოვლენების სახით

უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის შედარებითი სტაბილურობის შემდეგ, გასულ დღეებში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა აჯანყებულებმა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დიდი იერიში წამოიწყეს და ქალაქი ალეპო და ათობით სხვა დასახლებული პუნქტი აიღეს. მათ ასადისა და რუსეთის სამხედრო ძალები წინააღმდეგობას უწევენ, თუმცა, აჯანყებულები წინსვლას განაგრძობენ.

ამის ფონზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ „რუსეთი მზადაა დაეხმაროს ქართველებს ჯარით".

„თუ დასავლეთი გააძლიერებს არეულობას საქართველოში, რუსეთი მზადაა დაეხმაროს ქართველებს ჯარით ბარბაროსების წინააღმდეგ", - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა პროპაგანდისტულ თოქშოუ „სოლოვიოვ ლაივში" სტუმრობისას.

კალაშნიკოვის თქმით, „უკრაინული კვალი შესამჩნევია როგორც საქართველოში, ასევე სირიაში". მან თბილისის მოვლენები უკრაინულ მაიდანს შეადარა.

რა სცენარებია მოსალოდნელი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრიფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსეთს ახლა საქართველოსთვის არ სცხელა.

„რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კოგნიტურ ომს ახორციელებს. ამ ოპერაციაში რუსი პროპაგანდისტები უკვე პირდაპირ ჩაერთვნენ. თუ რუსებმა დაინახეს, რომ „მათი" რეჟიმი ჩამოშლის ზღვარზეა, შეეცდებიან, რომ იმოქმედონ. შესაძლოა შესთავაზონ, რომ გამოაგზავნონ დაქირავებული მებრძოლები, „ვაგნერის" ჯგუფები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ქართული სპეცდანიშნულების შენაერთებში, ასევე დივერსიულ ჯგუფებში, ანუ მომიტინგეებში სხვადასხვა სახის პროვოკაციები განახორციელონ. ასევე შეიძლება კიბერშეტევების სახით ჰაკერულმა ჯგუფებმა განახორციელონ შეტევები.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „როსგვარდიის" შემადგენლობაში, რომელიც რუსეთის შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმს ექვემდებარება, ყოფილი „ვაგნერის" 3000-კაციანი ჯგუფი შედის. ასევე შეიძლება კადიროვის დაჯგუფებაც აამოქმედონ. "როსგვარდია" ნიკოლაი პატრუშევს ექვემდებარება, ალბათ საქართველოს საკითხი მას და დიმიტრი კოზაკს დაევალება და შესაბამისად, შეიძლება ეს ძალები გამოიყენონ.

„შეიძლება საბაბად ის გამოიყენონ, რომ თითქოს დასავლეთს უნდა გადატრიალება. სხვათა შორის, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეცათ უფლება დაიცვან ეკონომიკური ინტერესებიც, ეს პირდაპირ სამხედრო დოქტრინაში წერია და დღეს რუსებს საქართველოში ეკონომიკური ინტერესების მთელი პაკეტი აქვთ. შეიძლება ასევე გამოიყენონ რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბი - სამხედრო დოქტრინაში ესეც წერია.

„თუმცაღა მინდა აღვნიშნო, რომ აქ რუსები „მესამე ფრონტს" ვერ გახსნიან. უკრაინის მერე მეორე ფრონტი აღმოსავლეთში აქვთ გახსნილი - ასადის რეჟიმი წუთებს ითვლის, რუსეთი სირიის სამხედრო კონფლიქტშია ჩართული და მიდის შეიარაღებული ძალების ინტენსიური გადასროლა. აქ, საქართველოში პირდაპირი სამხედრო ძალის გამოყენება გაუჭირდებათ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კალაშნიკოვი კრემლში დიდად არაფერს წარმოადგენს, ამ განცხადებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და ამ სცენარის რეალურობა დღეს არ ჩანს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ თუ საქართველოში სიტუაცია სამოქალაქო დპირისპირებამდე მივიდა, რუსეთმა ეს გამოიყენოს.

„ჩემი მხრიდან ნებისმიერი ვერსია მხოლოდ ვერსიაა. კალაშნიკოვის ამ განცხადებას შეიძლება ერთი შეხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა არც აქვს, ვინაა კალაშნიკოვი... მაგრამ, მეორეს მხრივ, ასეთი ტიპის გამხმოვანებლები კრემლს ბლომად ჰყავს.

„კრემლი კი ოცნებობს, რომ სამხრეთ კავკასიაში დაბრუნდეს ყარაბაღის ფიასკოს შემდეგ, ოღონდ დაბრუნდეს სერიოზულად. მით უმეტეს, რომ მას ძალიან სჭირდება სამხრეთ სავაჭრო კორიდორის არა მარტო განვითარება, არამედ კონტროლიც. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რომ ან გაახმოვანა სპეციალურად, ან გაახმოვანა შეუგნებლად კრემლის ხელმძღვანელობის პოზიცია.

„რაც შეეხება ამ პოზიციის რეალურობას, დღევანდელი გადმოსახედიდან ასეთი რეალურობა არ ჩანს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დესტაბილიზაციამ მოიცვა და აქ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო, მე არაფერს არ გამოვრიცხავ - ყველამ შეიძლება შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ასეთ შემთხვევაში უამრავი მიზეზის მონახვა შეუძლიათ - მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების შევიწროვება, ეროვნული უმცირესობების დაჩაგვრა და რაღაც ამდაგვარი. დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მიზეზის მოგონებას რა უნდა? სირიაში პრაქტიკულად ცარიელ ადგილზე დაიწყო ახალი სამხედრო კონფლიქტი და არავის რომ არ ეგონა, ისეთი ძალები გააქტიურდნენ.

„საქართველო უდიდესი გამოწვევის და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. საქმე ისაა, რომ საქართველოში ნებისმიერი არეულობა და დაპირისპირება საბოლოო ჯამში ქვეყნის დანგრევას გამოიწვევს და ეს ყოველთვის უცხოური ძალის ინტერესებშია.

„დღეს საქართველო გეოსტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ჩდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალი პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტების თვალსაზრისით. უამრავი ძალაა დაინტერესებული, რომ სამხრეთ კავკასია გააკონტროლოს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე