საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ბრალდებით შეიძლება ამერიკიდან და ევროპიდან სანქციების მორიგი ტალღა წამოვიდეს. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ სრულიად შესაძლებელია ფინანსური და სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების" წევრებსა და მასთან დაახლოებულ პირებს დაუწესდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ ბევრი რამე ამერიკის მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.
„დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციისგან მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ბოლოს იქამდე მივიდნენ, საქართველოს ფაქტობრივად ომი გამოუცხადონ", - განაცხადა ანალიტიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „მთელ კვირასთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, მოსალოდნელი სავიზო და ფინანსური სანქციები წესით „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ყველა პირზე უნდა გავრცელდეს.
„სანქციები „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს შეეხება, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. წესით ეს შეზღუდვები ასევე უნდა შეეხოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ყველა პირს: პარლამენტის წევრებს, უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს და ა.შ. შეზღუდვებმა საკმაოდ ფართო წრე უნდა მოიცვას".
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების პირველი ტალღა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონის" მიღებას უკავშირდებოდა, რომლის გამოც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" და პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს, კერძო პირებსა და მათ ოჯახების წევრებს სავიზო და ფინანსური სანქციები უწესდებოდათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, „ტრანსატლანტიკური ოჯახი და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეჯახების კურსს ადგანან. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის უფრო ღრმა პრობლემაა, რომ ისინი შეჯახების კურსზე არიან ქართველ ამომრჩეველთან, რომლის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამ დაძაბულობის ფონზე, ვფიქრობ, რომ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციებს ვიხილავთ ამერიკისგან და ევროპისგან, რადგან როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობამ ხელი ჩაიქნია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე."
ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, თუ არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას საქართველოში ზომების მისაღებად დრო მაინც ექნება.
„ჩემი აზრით, სავიზო და ფინანსური სანქციების მორიგი ტალღა მოსალოდნელია. დღევანდელ ეტაპზე შეერთებული შტატები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული, მაგრამ როცა ჩაივლის, ისევ საგარეო პოლიტიკურ თემებზე გადაერთვება, მათ შორის საქართველში მიმდინარე მოვლენებზე. არჩევნებში დონალდ ტრამპმა რომც გაიმარჯვოს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იქნება, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე 20 იანვარს. ამიტომ, ასე მგონია, რომ ბაიდენს შესაბამისი ზომების მისაღებად საკმარისი დრო ექნება. ვფიქრობ, ამერიკის ხელისუფლებამ გარკვეულწილად სტრატეგიული მოთმინება არჩია და „ოცნებას" კიდევ ერთხელ მისცა შანსი იმისათვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩაეტარებინა. თუმცაღა დღეს არსებობს მტკიცებულებები, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც შეერთებული შტატებიდან შესაბამისი ქმედებები მოჰყვება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „მთელ კვირასთან".
ედიშერ გვენეტაძის აზრით კი ამერიკის არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის.
„დღევანდელ დროს ამერიკიდან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა 5 ნოემბერს უნდა დასრულდეს, როდესაც ამერიკელი ხალხი აირჩევს იმ პრეზიდენტს, რომელიც არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მსოფლიოსთვის აუცილებელია. ახლა ისმის კითხვა, რატომ? ეს იმიტომ, რომ ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც გადაგვარდა ლიბერალურ ფაშიზმში, დალპა და აყროლდა. მათ საქართველო სჭირდებათ ისეთ ქვეყანად, რომელსაც როგორც და რანაირადაც უნდათ, ისე მოიხმარენ, თუმცა მათ ვერ გაუთვალისწინებიათ, რომ საქართველო მოსახმარი ქვეყანა არ არის. ისინი ვერ იგებენ, რომ საქართველო მრავალსაუკუნოვანი ქვეყანაა და ამავდროულად, აქ ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომელთაც უპირველეს ყოვლისა აქვთ კულტურა, ტრადიციები და კონსერვატიული იდეები. ამის გამოხატულება იყო 26 ოქტომბერს, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანი გზით ბეჭებზე გაგდებული იქნა დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის ადგილობრივი აგენტურა, ე.წ. ოპოზიციის სახით", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „მთელ კვირასთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე