ნატალია ჯვარიძე
(19.06.2024)

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რეგულარული მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ფედერალურ მთავრობასა და აღმოსავლეთ გერმანიის ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს შორის სრულ ერთიანობას ხედავს. როგორც იგი აღნიშნავს, მიგრანტების შესამცირებლად ყველა ზომა მიღებული იქნება.

ვიტენბერგში, ამ მიწევის მთავრობების მეთაურებთან შეხვედრის შემდეგ, შოლცმა თქვა, რომ შარშან შორსმიმავალი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელიც ძალაში მალე შევა.

საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა, რაინერ ჰაზელოფმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ გასულ კვირას ვოლმირშტედტში დანით განხორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა, რომ დეპორტაციის პრაქტიკაზე სასწრაფო მოქმედებაა საჭირო. „ხალხი ახლა თავს დაცულად არ გრძნობს", - აღნიშნა რაინერ ჰაზელოფმა.

ამასთან მისი თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ მემარჯვნე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის" აღმოსავლეთ გერმანიაში ყველაზე გავლენიანი პარტია გახდა.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ გერმანიაში და ზოგადად ევროკავშირში მიგრანტებზე პრობლემები არის და ამან განაპირობა ზომების მიღება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს ტენდენცია ქართველ მიგრანტებზეც აისახება და აეროპორტებში კონტროლი გამკაცრდება.

„საერთო ჯამში გერმანიას მიგრანტებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რადგან იქ სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, 12 მილიონამდე მიგრანტი ცხოვრობს. მათ შორის ნაწილი უკანონო და ნაწილი პირიქით, კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროკავშირშიცაა.

„ამიტომ აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებული იქნება. მითუმეტეს, რუსეთ-უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე. რაც შეეხება ქართველ მიგრანტებს, მე პირადად მგონია, რომ აქაც იქნება გარკვეული ზომები მიღებული", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკა შეეხება ყველა იმ არალეგალს, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება.

„გერმანიის მმართველმა კოალიციამ ძალიან მწარე მარცხი მოიპოვა ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში. შესაბამისად, ახლა მმართველი პარტიები ცდილობენ, რომ ამომრჩევლის ნება-სურვილს თავიანთი პოლიტიკა მოარგონ. ფაქტია, რომ ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაწინაურდა იმის გამო, რომ მას ძალიან ხისტი, ანტიიმიგრაციული პოლიტიკა ჰქონდა.

„ბუნებრივია, ამ ჭარბი მიგრანტული ტალღის გამო გერმანიის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გაუარესდა, ისევე როგორც კრიმინალურმა შემთხვევებმა მოიატა.

„მკაცრი იმიგრაციული პოლიტიკა შეეხება ყველა იმ არალეგალს, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფება. დაუსაბუთებლად ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს და სანამ მათ ასეთ სტატუსს მისცემენ, გერმანიის ბიუჯეტს მათი დაფინანსება უხდება.

„რამდენად შეეხება ეს ქართველებს, პროცენტულად და სტატისტიკურად ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ეს არ იქნება სელექციურად ქართველი უკანონო იმიგრატი თუ აფრიკიდან ჩამოსული და ა. შ. დიდი ალბათობით აქ უნივერსალური ღონისძიებები იქნება გატარებული.

„იმ ადამინების მიმართ, რომლებიც სოციალურ წესრიგს თუ სხვა წესებს არღვევენ, იქნება რეაგირება. თუმცა ეს ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. მოგეხსენებათ გერმანიის პარლამენტი ჭრელია, თავად კოალიცია სამი პარტიისგან შედგება და განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ, მათ შორის, მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე