თამთა ჩაჩანიძე
(19.06.2024)

იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობის ვადა ამ წლის ოქტომბერში ეწურება და მას დიდი ალბათობით ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე ჩაანაცვლებს, ამ კანდიდატურას საბოლოოდ უკვე აქვს სლოვაკეთის და უნგრეთის მხარდაჭერა, რომლებიც ბოლო მომენტამდე წინააღმდგები იყვნენ. ეს უკვე დაადასტურა, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ისე სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მარკი რუტე სტოპტენბერგის პოლიტიკას გააგრძელებს და მეტიც შესაძლოა რუსეთის შეკავების თვალსაზრისით უფრო ხისტიც აღმოჩნდეს, რადგან ის ლიბერალური ფრთიდანაა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია.

რაც შეეხება საქართველოს - იქიდან გამომდინარე, რომ ის ნიდერლანდების პრემიერია და ეს ქვეყანა ნატოში ჩვენი ინტეგრაციის აქტიური მომხრეა, საქართველოსთან მიმართებაში ნატოს ურთიერთობები კვლავ იმ დონეზე გაგრძელდება და შესაძლოა გაუმჯობესდეს კიდეც.

ვინ უჭერს მხარს რუტეს კანდიდატურას

რუტემ ორბანისადმი გაგზავნილ წერილში დაუდასტურა მას, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში, ის პატივს სცემს ალიანსის ახლანდელ ხელმძღვანელთან, იენს სტოლტენბერგთან, მიღწეულ შეთანხმებებს იმის თაობაზე, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ არც დაბლოკავს მათ. რუტეს წერილი ორბანმა "ტვიტერის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უნგრეთი მარკ რუტეს კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

"ბრიუსელში ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ დაადასტურა, რომ სრულად უჭერს მხარს ამ შეთანხმებებს და გააგრძელებს ამის კეთებას, თუ ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება. მისი დაპირების გათვალისწინებით უნგრეთი მზად არის მხარი დაუჭიროს პრემიერ-მინისტრ რუტეს კანდიდატურას ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე", - წერს ორბანი.

იმავე დღეს, 18 ივნისს, რუტეს კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ სატელევიზიო ეთერში გამოაცხადა.

ამდაგვარად, მარკ რუტე ნატოს მომდევნო გენერალური მდივნად რომ იქნას არჩეული, თავისი კანდიდატურა რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა უნდა მოხსნას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს უკვე აქვს.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებმა 32 ქვეყანას შორის კონსენსუსის პრინციპით ახალი გენერალური მდივანი უნდა აირჩიონ. არჩევის შემთხვევაში, რუტე ამ პოსტს 4 წლის ვადით დაიკავებს.

რა შეიცვლება საქართველოსთვის ნატოს გენმდივნის ცვლილებით

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ რუტე სტოლტენბერგის პოლიტიკას გააგრძელებს და იქიდან გამომდინარე, რომ ის ნიდერლანდების პრემიერია და ეს ქვეყანა ნატოში ჩვენი ინტეგრაციის აქტიური მომხრეა, საქართველოსთან მიმართებაში ნატოს ურთიერთობები კვლავ იმ დონეზე გაგრძელდება, თუ არ გაუმჯობესდა.

„მარკ რუტე ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე, პრემიერია და ის უკრაინის მხარეს იდგა, ის სტოლტემბერგის მიმდევარია და და რა მიმართულებაც ახლანდელ გენმდივანს აქვს, თავისთავად ცხადია გაგრძელდება. ნატოს ახლანდელ და შემდგომ პოლიტიკაში დიდი არაფერი განსხვავება მემგონი არ იქნება.

„ჰოლანდიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, გვეხმარებოდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში. ეს ის წამყვანი ქვეყანაა, რომელიც ჩვენს ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს და იმედია, რომ საქართველოსთან ურთიერთიბაში სტოლტენბერგის ხაზი გაგრძელდება, თუ უფრო არ გაუმჯობესდა.

„სტოლტენბერგს ვადა ოქტომბრამდე აქვს. ივლისში ვაშინგტონის სამიტია და ბევრი მნიშვნელოვანი რაღაც გადაწყდება. ცივი ომის პერიოდში პირველად, ნატო ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის ამოქმედებას აპირებს და პირველად იყენებს თავისი ტრიადის კომპონენტების საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის წესს, ეს განსაკუთრებული პროცედურა და კეისია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნატოს პოლიტიკა არ შეიცვლება არც უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერის და არც გლობალური საფრთხეების შკავების კუთხით.

„არა მგონია ნატოს პოლიტიკა დიდად შეიცვალოს, რუტე ნატოს პოლიტიკის და უკრაინის ერთ-ერთი მხარდამჭერია, მან ეს ბოლო წლების განმავლობაში დაადასტურა, როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. ის ნატოს ლიდერებში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ერთ-ერთი მიზეზი თუ მის კანდიდატურაზე რატომაც შეჯერდნენ სწორედ ესაა. ამ პოსტზე შემთხვევით არ შეარჩევდნენ ადამიანს, მით უმეტეს ახლა ისეთი სიტუაცია არაა, რომ ნატოს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ხედვას.

„რუტე ამ პოლიტიკას გააგრძელებს და შესაძლოა რაღაც ახალი იდეებიც შემოიტანოს ალიანსის გაძლიერების თვალსაზრისით, რადგან ნატოს დღეს რეალურად საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდის წინაშე დგას. გამომდინარე იქიდან, რომ მეორე მსოფლიო და ცივი ომის შემდგომ, პირველად უხდება ის, რომ ახალი ტიპის გამოწვევას გაუმკლავდეს.

„მანამდე თუ ჰიბრიდულ ომზე და ტერორიზმზე იყო საუბარი, ახლა ლაპარაკია ევროპაში მიმდინარე ომზე და რუსეთის აგრესიაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას და რუსეთის მეზობლებს, არამედ უშუალოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს და ეს მისიაა შესასრულებელი და ახალი გენმდივნის მხრიდან გასააზრებელი.

„ჩვენთან მიმართებაში სავარაუდოდ დიდად არაფერი არ შეიცვლება, რადგან ნატოსთან მიმართებაში დიდად არც ჩვენ ვაქტიურობთ, ეს ბოლო წლებში ჩანს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები უფრო ინერციით მიდის, ვიდრე რაიმე ახალი შტრიხები აქვს და ამაში მოქმედებს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები - ობიექტური ისაა, რომ სანამ უკრაინის ომი არ დამთავრდება, მანამდე ალბათ გაურკვეველია როგორ შეიძლება ეს ურთიერთობები განვითარდეს. სუბიექტური კი ისაა, რომ ამ ომის ფონზე, ხელისუფლების მხრიდანაც დიდად არ იგრძნობა ნატოსადმი აქტიური ლტოლვა",- განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე