„თუ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც გამოიყენოს“
თამთა ჩაჩანიძე
(17.06.2024)

ნატო ბირთვულ საფრთხეზე უკვე ღიად საუბრობს, ალიანსი იარაღის საბრძოლო მზადყოფაში მოყვანას განიხილავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს კი იმის მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ამ რისკზე წავიდეს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის, რომ ბირთვულ ომზე დასავლეთშიც უკვე ღიად საუბრობენ, რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს. ასეთი სცენარის თავიდან არიდება კი თითოეული ქვეყნის პოლიტიკის ინტერესებში უნდა შედიოდეს, მათ შორის საქართველოსი.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენმდივანი იენს სტოლტენერგი აცხადებს, რომ ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ კი არაფერი გამორიცხა „თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება".

რუსეთის მხრიდან მორიგი ბირთვული მუქარა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დასავლეთმა აქტიურად დაიწყო უკრაინის მომარაგება ომში და დაუშვა დასავლური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიაზე. ამასთან, რუსეთმა ბელარუსთან ერთად სამხედრო წვრთნების მეორე ეტაპი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, წვრთნები ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებას შეეხება.

შეფასებები

იენს სტოლტენბერგმა „ტელეგრაფთან" განაცხადა,რომ ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს.

„არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ," - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი მტკიცებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი უფრო საშიში მსოფლიოსთვის მოამზადოს.

„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს,­ თუ რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხდება", - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი, ალექსანდრე ლიტვინენკო „თაიმსთან".

„ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება", - განაცხადა ლიტვინენკომ.

მისი თქმით, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფრონტების დაშლა, დეზერტირები ჯარიდან და პროტესტი მოსკოვში.უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.

ამბობს, რომ ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც თითქმის უეჭველად, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს.

ლიტვინენკო დასძენს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან პუტინი შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად გამარჯვებაა.

საქართველოს როლი გლობალური საფრთხის თავიდან აცილებაში

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ბირთვული ომი ერთნაირად კატასტროფა იქნება, როგორც ოკუპანტი, ისე დემოკრატიული ქვეყნისთვის, ასეთი საფრთხის არსებობის დროს კი, მთავარია საქართველომ მშვიდობიანი პოლიტიკა გააგრძელოს.

„საქართველო იმ გონიერ, მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც ქვეყნის დაცვა ჰქვია შიდა და გარე საფრთხეებისგნ. რასაკვირველია, ეს არ გულიხმობს რადიკალური ოპოზიციის იმ ნარატივს, რომ თითქოს ოფიციალური თბილისი კრემლის მხარესააა, ეს ძალიან დიდი და სამარცხვინო ტყუილია. პირიქით, ჩვენ ასობით საერთაშორისო რეზოლუციას შევუერთდით და უამრავჯერ გამოვხატეთ უკრაინის მხარდაჭერა.

„როცა ბირთვულ საფრთხეზეა საუბარი, მისი გამანადგურებელი შედეგები, არც დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანას დაიცავს და არც შერჩევითად იქნება - სადღაც ნეგატივის მომტანი და სადღაც პოზიტივის, ეს ყველასთვის კატასტროფა იქნება და უწინარესად ევროპის კონტინენტისთვის.

„ფართო სურათს თუ შევხედავთ, მე უფრო მგონია, რომ ვითარების ხელოვნურად დაძაბვა ხდება აგრესორ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომ მუქარებმა, ულტიმატუმებმა პიკამდე მიაღწიოს, რათა შემდგომში უფრო გაადვილებული იყოს იმ არგუმენტის რეალიზაცია, რასაც ჰქვია სამშვიდობო მოლაპარაკება.

„ეს ცივი ომის დროსაც ხდებოდა ხოლმე და როგორც წესი, კონფლიქტების შემთხვევაშიც ხდება, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამწვავდეს ვითარება იმისთვის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა მოლაპარაკება და მინიმალური ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევა შეძლონ.

„დიდი ალბათობით ეს სცენარიც ასე განვითარდება, როცა მუქარებით და სიტყვიერი ბრალდებებით ხდება ერთმანეთის დაშინება, შესაძლოა სპეციალური სამხედრო მზადყოფნა განიხილება, მაგრამ, კაცობრიობის მესამე მსოფლიო ომისკენ გადაჩეხვა, არც ოკუპანტი რუსეთის ინტერესებშია და არც დასავლეთის, რადგან ნებისმიერი ბირთვული ინციდენტი არავის დაინდობს, როგორც მინიმუმ ევროპის კონტინენტზე და იმედია, რომ ცხელი თავები მალე გაცივდება და კონსტრუციულ და პრაგმატულ კალაპოტს მიუბრუნდებიან, რასაც მოლაპარაკება ჰქვია და რომელსაც ალტერნატივა არ აქვს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თანდათან ბირთვული საფრთხე უფრო რეალური ხდება და ამ შემთხვევაში კი საქართველოს როლი მოკრძალებულია.

„ბირთვული საფრთხე ნამდვილად არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს ბირთვული შეიარაღების დაახლოებით იგივე პოტენციალი გააჩნია, როგორც აშშ-ს. რუსეთის შეიარაღებაზე ირიცხება დაახლოებით 6 ათასამდე ბირთვული მუხტი, მათ შორის 1500-მდე ბირთვული ქობინი. საერთო ჯამში აშშ-სა და რუსეთზე მსოფლიო ბირთვული პოტენციალის დაახლოებით 90% მოდის.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ნატოს ფარგლებში ბირთვული პოლიტიკა გადაიხედოს. რუსეთ-უკრაინის ომამდე, ცივი ომის დროს ნატოს ფარგლებში ბირთვული დაგეგმარების ჯგუფი არსებობდა. ბირთვული საფრთხე ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაშიცაა აღწერილი. ამიტომ ამ ფაქტორის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რუსეთს მნიშვნელოვანი რესურსი აქვს და ვხედავთ, რომ უკრაინა იქითკენ მიდის, რომ ნელ-ნელა უპირატესობას მოიპოვებს.

„ამ შემთხვევაში საქართველოს როლი შედარებით მოკრძალებულია, დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ თუ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტა, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიც გამოიყენოს ქობინების განთავსების თვალსაზრისით. ასევე ნატოსაც დასჭირდება დამატებით სარაკეტო სისტემების განთავსება რუსეთის საზღვართან ახლოს, უფრო ალიანსის წევრების ტერიტორიებზე, ვგულისხმობ პოლონეთს, რუმინეთს, ბულგარეთს.

„ცივი ომის დროს აშშ-ს ევროპაში საშუალო, მცირე და დიდი სიშორის საკონტინენტთაშორისო რაკეტები ჰქონდა განლაგებული, რომელთა მოქმედების რადიუსი 5 ათას კოლომენტს აღემატებოდა. 1987 წელს საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავდა, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას, მერე ეს ხელშეკრულება რუსეთმა დაარღვია და აღარ მოქმედებს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე