„ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება“
ნატალია ჯვარიძე
(17.06.2024)

ერევანში სიტუაცია იძაბება - საპროტესტო გამოსვლები არ წყდება და ახლა უფრო მძაფრდება კითხვა იმის შესახებ, თუ რა აფერხებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის.

განსაკუთრებით მწვავე 12 ივნისის პროტესი აღმოჩნდა, რომელიც სომხეთის პარლამენტთან მიმდინარეობდა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, სულ მცირე 70 ადამიანი კი სამართალდამცავებმა დააკავეს. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების საფუძველზე ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი. სომხეთში გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება, მონაწილეები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ სომხეთში საპროტესტო აქციები რუსეთის ზეგავლენით ხდება. როგორც იგი აღნიშნავს, მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების პროცესში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა, ყველაზე მეტი დინამიკა იმისათვის, რომ შედეგიანი იყოს, ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდბული.

„სამშვიდობო პროცესებთან საპროტესტო აქციებს პირდაპირი კავშირი არ აქვს. აშკარაა, რომ რუსეთი სომხეთის ევროპულ გზაზე დადგომას ნერვიულობს და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ და სომხეთშიც ასე თვლიან, რომ აქციები რუსეთის ზეგავლენითაა.

„ის ნიკოლ ფაშნიანის ძალაუფლების შერყევას ცდილობს და თავის ხალხის მოყვანა უნდა. აზერბაიჯანს კი ფაშინიანი უფრო უნდა აწყობდეს, რადგან მასთან მოლაპარაკება უფრო მარტივია, ღმერთმა უწყის სხვა ვინ იქნება, თუ ის წავიდა.

„რუსეთის მხრიდან იყო მცდელობები, რომ მათი ეგიდით ყოფილიყო სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები, ასევე ამერიკის და ევროკავშირის მხრიდანაც. ყველას ფორმატები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ეგ კი არა, რაღაც მომენტში უზბეკეთიც ჩაერთო, მაგრამ ძირითადი მოლაპაპარაკების პროცესი ორმხრივია. ამ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი დინამიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული მოლაპარაკების ფორმატშია და სწორედ ამ ფორმატმა უნდა მოგვცეს რაღაც შედეგი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება", - აღნიშნავს იგი.

ზაქარეიშვილის აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან კავკასიაში მეტი მშვიდობა იქნება და ეს ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

„მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მშვიდობა და მდგრადობა იქნება კავკასიაში, რაც ჩვენ ძალიან გვაწყობს. გააჩნია იმასაც, თუ როგორ შესრულდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში კავკასიაზე მეტი ინტერესი გაჩნდება და ტურისტებიც წამოვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრისა და ანალიტიკოსის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია. მისივე თქმით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში თავს დებდა, რომ თითქოს მათ შესარიგებლად მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა, ყოველთვის საპირისპიროს აკეთებდა. როგორც იგი აღნიშნავს, მათი მოლაპარაკება საქართველოზეც დადებითად აისახება.

„თუ კი სიტუაციას უფრო ფართოთ გავშლით, ბუნებრივია ეს არის მასში მონაწილე დაინტერესებული მხარეების ინტერესების განსხვავება. ამ თემაში ყოველთვის რთული იყო ისეთი რეგინალური მოთამაშის როლი, რომელიც რუსეთი იყო. ეს საკითხი ახლაც აქტუალურია.

„მიუხედავად გასული წლების რუსეთის თავდადებისა, რომ თითქოს იგი მხარეების შესარიგებლად მზადყოფნას აცხადებს, რეალურად კი ამის საპირისპიროდ იქცევა. საუბარია, სომხეთის ტერიტორიიდან სამხედრო კონტიგენტის გაყვანაზე და სომხეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯებზე.

„საქართველოსთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს რეგიონში მოხდება. ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის, რადგან ეს საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე