„თვითონაც ვერ გაერკვნენ, რა უნდათ, როგორ და საით მიდიან. ესაა კლასიკური დომხალი“
თამთა ჩაჩანიძე
(16.06.2024)

„ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ მიაჩნია, რომ ერთიანი სია იქნება ოქტომბრის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების მთავარი ფორმულა, თუმცა ამ იდეას თავშივე დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. პარტიები, რომლებიც ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, აცხადებენ, რომ ეს კონფიგურაცია არჩევანს უზღუდავს და „მძევლის მდგომარეობაში აყენებს" იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილება უნდათ.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ერთიან სიაზე ლაპარაკი უპერსპექტივოა, რადგან ოპოზიციაში „ბევრი ურეიტინგო, მაგრამ ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსია" და მათი ერთ სიაში მოქცევა შეუძლებელია. ნაწილი კი აცხადებს, რომ გამოსავალი 3-4 ცენტრის შექმნაა - ოპოზიცია ისე უნდა გადალაგდეს, რომ არც ის ამომრჩეველი დაიკარგოს, ვისაც ენმ არ უნდა და არც ის პარტიები დარჩნენ პარლამენტის მიღმა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არა აქვთ.

ერთიანი სიის იდეა თანდაპირველად ენმ-მ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წამოაყენა. ამ იდეის წინააღმდეგია „გახარია საქართელოსთვის", „ლელო", „ახალი", „ლეიბორისტები", „ევროპული საქართველო". მომხრეები არიან „სტრატეგია აღმაშენებელი", ენმ, „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება", დამოუკიდებელი პოლიტიკოსების ნაწილს, მიაჩნია, რომ ერთიანი სია შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ „რაც არ გამოდის, ამაზე დრო არ უნდა დაიკარგოს".

მომხრე-მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

„ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პარტიის მიზანია, რომ ერთობა შედგეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროდასავლური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების გაერთიანებაში და ამიტომ როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ, ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია, რომელიც „ქართულ ქარტიაზე" ერთ-ერი ხელისმომწერია, არ ემხრობა ერთიან სიას.

„არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმულა გამარჯვებისთვის. არის საფრთხე და ამ საფრთხეს ვხედავ, ორი არჩევანი ისევ გვაახლოებს იმ ორ პოლუსთან, რომელსაც მუდმივად ინარჩუნებს მმართველი პარტია. მას სურს, რომ ჰქონდეს ასეთი მოცემულობა. ის ამომრჩეველი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაკარგა, რომელიც ეძებს სხვა ალტერნატივას, შესაძლოა ამ ორმა პოლუსმა ისევ გადახაროს „ქართული ოცნებისკენ". ეს საფრთხე არსებობს.

„გამსვლელის სიის 50%-ის დათმობა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მინიმალური წარმომადგენლობა ერთიან სიაში - ვიცი ეს არგუმენტები, ვიცი ეს კომპრომისები, ვაფასებ ამ მიდგომას. მე ყველა ეს არგუმენტი მოვისმინე, არის ეს მართლაც კომპრომისული ვერსია, თუმცა მაინც მგონია, რომ იმ საფრთხეს და რისკებს ვერ ანეიტრალებს, რაზეც ვფიქრობ. თუ საბოლოო ჯაში ყველა ერთ მიზნისკენ იქნება მიმართული, ეს მიზანი არის საქართველოს გადარჩენა ამ არჩევნებით და მისი ევროპულ გზაზე გაყვანა, გვაქვს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია" და შეგვიძლია ერთიანი გეგმით, სხვადასხვა ფლანგიდან ამ გამარჯვებისკენ ვიაროთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსთან".

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ერთიანი სია იქნება უდიდესი საჩუქარი ივანიშვილისთვის.

„ეს არის უმძიმესი შეცდომა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის, ერთ ქვაბში ყველა ძალის ჩაყრა. არჩევანის შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მძევლად ჩაგდება მოქალაქეებისა, რომელთაც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა უნდათ. უნდა გავითვალისწინოთ ის კი არა რამდენი ადამიანი იტყვის, რომ ერთიანი სია მინდა, ყველა მოქალაქე, ვისაც პრობლემა ექნება ერთიან სიასთან, ის არის პოტენციურად დაკარგული ხმა. ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეალობა. არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მსხვილი იყო ამდენი წელიწადი, ჰყავს ერთი ლიდერი, რომლის ხმა ქმნის კლიმატს, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა, რომ თუ ახლა მთავრობა არ გამოიცვალა, არჩევნებს აზრი არ აქვს. ძალიან სახიფათო იქნება ყველა კვერცხის დადება იმ ძალასთან ერთად, სადაც შეუძლებელია იმის გათვლა ხვალ რომელ პოლიტიკურ ნაღმზე ავფეთქდებით. ამიტომაც სინერგია იმ ძალების, ვისაც მეტი საერთოდ აქვს, ეს არის გამოსავალი და ალტერნატივის შექმნა ისეთის, რომელიც გარანტიას იძლევა ძალაუფლების უზურპაციის გამორიცხვის",- განაცხადა ბოკერიამ.

„სატრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე, რომელიც ენმ-ს იდეას იზიარებს, ამბობს, რომ თუ ერთობა ვერ გამოვიდა, მაშინ კარგი იქნება 3-4 ცენტრის შექმნა, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს.

„თუ ერთობა არ უნდათ, ჩვენ ჩვენი კამპანია გვაქვს გამზადებული, ერთობის შემთხვევაშიც ძლიერი კამპანია გვაქვს დაგეგმილი. ერთობის გარეშეც, ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს დავიყენებთ გვერდით. ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე მაინც გავიმარჯვებთ! უბრალოდ, არ გვინდა ის რესურსი, რაც მწირია, ერთმანეთთან კონკურენციაში დავხარჯოთ, გვინდა რომ ეს რესურსი დავხარჯოთ „ქართული ოცნების" წინააღმდეგ კონკურენციაში. თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს არის „ქართული ოცნების" ინტერესებზე წყლის დასხმა",- განაცხადა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან".

რა პერსპექტივა აქვს ერთიან სიას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთიან სიაზე ლაპარაკი უპერსპექტივოა, რადგაგ ოპოზიციაში ბევრი ურეიტინგო, მაგრამ ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსია და მათი ერთ სიაში მოქცევა შეუძლებელია.

„იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია - ძალიან ბევრი ურეიტინგო, მაგრამ ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსია, მათი ერთ სიაში გაერთიანება შეუძლებელია. წინა რამდენიმე არჩევნებზე ასეთი მცდელობები იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ კრახით დასრულდა. ახლა კიდევ საუბარია, რომ ოპოზიციურ ველზე თითქოს რაღაც ალტერნატიული პროდასავლური ცენტრები შექმნან. ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ არჩევნებზე თითოეული პარტია უნდა გამოვიდეს და 5% მიიღოს. ყველანაირი ბლოკი და გაერთიანება სისულელე და საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებაა.

„ვხედავთ, რომ ენმ-ში კიდევ უფრო არეული სიტუაციაა - თითქოს სააკაშვილს სოფო ჯაფარიძის ხელმძღვანელობა უნდოდა და აღმოჩნდა, რომ მისი ვითომ სანაქებო პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი უცებ ჩაანაცვლეს თინა ბოკუჩავათი, ეს კი მეტყველებს, რომ თავად პარტიაშიც არაჯანსაღი სიტუაციაა.

„ახლა, არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, მით უფრო დაძაბულობა იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რომელი ადგილი თუ ნომერი უნდა მიიღოს ამა თუ იმ სიაში, ვინ ვის გაუერთიანდეს. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ოპიზიუციურ ველზე, ისევ და ისევ კანონდარღვევით შემოსულია დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არაფერი ესაქმება სიდაპოლიტიკურ წინასაარჩევნო პროცესებში, მასაც რაღაც ე.წ. ქარტიის მეშვეობით სურს გაერთიანება. თვითონაც ვერ გაერკვნენ, რა უნდათ და როგორ შეიძლება სერიოზული ანალიზი გაუკეთდეს იმას, რაც თავად ავტორებმაც არ იციან რა უნდათ - როგორ და საით მიდიან. ესაა კლასიკური დომხალი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაშია.

„საქართველოს დემოკრატიას, პოლიტიკური ჟანგბადის ბალონივით სჭირდება კონსტრუციული ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის ფორმაში ჩააყენებს მმართველ გუნდს. რასაკვირველია, მართველი გუნდი იდეალური არაა, მაგრამ „ქართული ოცნება" ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ჯანსაღი ძალაა იქიდან გამომდინარე, რაც ხდება შიდა და გარე შეტევების თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფოებროვობაზე. ამის ფონზე კი, მართლაც და ტრაგიკომიკურია რადიკალური ოპოზიციის ეს ე.წ. პოლიტიკური სახლობანას და პოლიტიკური არჩევნობანას თამაში",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთიან სიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც და ამ შემთხვევაში ხმებიც რომ არ დაიკარგოს და წვრილი პარტიები ბარიერს მიღმა არ დარჩეს, გამოსავალი ოპოზიციურ ველზე 3-4 ცენტრის შექმნაა.

„ერთიან სიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები - დადებითია ის, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტ პროდასავლურ პარტიას ბარიერის გადალახვის შანსი ექნება, რადგან რიგ პარტიებს ეს პრობლემა აქვს და ეს რომ მოიხსნას, უფრო ფართო კოალიციაში უნდა იყვნენ გაერთიანებულები, რომ პარლამენტში შევიდნენ.

„თუმცაღა აქვს უარყოფითი მხარე, ეს კი უკავშირდება იმას, რომ სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, არის ადამიანთა კატეგორია, დაახლოებით 30%, რომელიც არავითარ შემთხვევაში ენმ-ს ხმას არ მისცემს, თანაც ამავდროულად ისინი არც „ოცნებას" ემხრობიან. ამიტომაც შესაძლებელია, რომ ამ ადამიანებმა ამ გაერთიანებულ სიას არ მისცენ ხმა, ამ დროს კი ეს ელექტორატი პროდასავლურად განწყობილია და შესაძლოა ეს პრობლემა შეიქმნას.

„ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გამოსავალი იყოს მაგალითად სამი-ოთხი ოპოზიციური ცენტრი - ერთი - ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი" და ერთიანი სიის მომხრეები „ნაცმოძრაობასთან". მეორე - გაცხარიას პარტია. მესამე - სხვა პროდასავლური ძალები ერთად „ლელო", „ევროპული საქართველო" და სხვები, აქ მნიშვნელოვანია რა პოზიციას დაიკავებს „ახალი", რადგან მათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ.

„ერთიანი სიის შექმნაზე ბარიერები არის და ყველაზე კარგი იქნება თუ პარტიებმა, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, უნდა გათვალონ გეგმა იმის მიხედვით თუ წინა არჩევნებზე რამდენპროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდათ. ოპოზიცია ისე უნდა გადალაგდეს, რომ არც ის ამომრჩეველი დაიკარგოს, ვისაც ენმ არ უნდა და არც ის პარტიები დარჩნენ პარლამენტის მიღმა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არა აქვთ.

„იმ ადამიანებმა, ვინც ენმ-ს ხმას არ აძლევენ ,უნდა გაითავისონ, რომ თუ საერთო ჯამში ოპოზიციურები არიან, პროდასავლურ ძალებს მისცენ ხმა. ამასთან, ოპოზიციამაც უნდა იმუშაოს და ხალხი დაარწმუნოს შესაძლებლობებში. თუ ამომრჩეველმა ისევ დაიჯერა, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია", როგორც თავის დროზე ასი ქარხნის გახსნა და ტარიფების შემცირება დაიჯერა, მაშინ აქ მხოლოდ ევროპული ინტეგრაცია კი არა, სახელწიფოებრივობა დგება კითხვის ქვეშ," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე