ნატალია ჯვარიძე
(15.06.2024)

სიტყვიერი დაპირისპირება, შეურაცხყოფა და გინება უშუალოდ, ვირტუალურ სივრცეში და ტელეფონით, ცემა, „დაპადიეზდება" და მუქარა არ ცხრება - „ოცნება" და ოპოზიცია ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტის კლებასთან ერთად გაძლიერდა ოპოზიციის მხრიდან თავდასხმები. ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების არაფორმალური დაჯგუფებები ტერორსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.

ძალადობრივ ფაქტებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება საშიშია, მიტუმეტეს იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მოძალადეებს ახალისებს.

„არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პარტია „ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია კი ამბობს, რომ „სახელისუფლებო ჯგუფების შეიარაღებული არაფორმალური დაჯგუფებები" 90-იანებში გვაბრუნებენ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს.

„ვფიქრობ, ეს ორივე მხრიდან გამოიყენება, მაგრამ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის ენას გეგმაზომიერი, კამპანიური ხასიათი აქვს, რაც გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით ხორციელდება. არის ფიზიკური შეჯახების პროვოცირება, ადამიანის უშვერი სიტყვებით გინება, რასაც შეიძლება ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვეს. ეს ძალიან ცუდია და ამის გაკეთება ორივე მხრიდან უნდა დაიგმოს", - აღნიშნავს იგი.

კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არავინ არის გამოვლენილი და დაკავებული, ვინც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცესი დაწყებულია.

„არ ვარ მართლმსაჯულების წარმომადგენელი - ვარ პოლიტიკოსი და ვაკეთებ პოლიტიკურ განმარტებას. რამდენადაც ვიცი, საქმე აღძრულიც არის და გამოძიებაც მიმდინარეობს", - აცხადებს ვოლსკი.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე კი თავდასხმებში „ნაცმოძრაობას" სდებს ბრალს.

„მინდა, მოვუწოდო „ნაცმოძრაობას", რომ შეწყვიტონ ორგანიზებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ოცნების" პარლამენტარების, საკრებულოს წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ და დაასრულონ ის სამარცხვინო ისტერია, რაც სოციალურ ქსელებში ხდება", - ამბობს იგი.

პარასკევს საღამოს „ოცნების" დეპუტატს ბექა ოდიშარიას ორთაჭალის ერთ-ერთ სუპერმარკეტში აქტივისტმა ბექა პაპაშვილმა „რუსეთის მონა" ეძახა. მოგვიანებით კი ფოტოები გავრცელდა, სადაც პაპაშვილი ნაცემია.

„ფრესკოში" ვიყავი, სადაც შემოვიდა ბექა ოდიშარია. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და ვკითხე, რუსულ კანონზე ხელი რატომ მოაწერა. დაცვა ახლდა თან და დაცვა და ეგ ერთად მაყენებდნენ შეურაცხყოფას. გარეთ რომ გავედი, 3 კაცი დამესხა თავს. ერთ-ერთი როგორც ამბობდა, ბექს ოდიშარიას შვილია. მარტო ვიყავი, ძირს დამაგდეს და წიხლები მირტყეს. დაზიანებები ზურგის და თავის არეში მაქვს მიღებული", - ამბობს პაპაშვილი.

ბექა ოდიშარიას განმარტებით კი, ამ სიტუაციაში „სიმშიდე შეინარჩუნა".

„როგორც კი მან „რუსეთის მონა" დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა", - აღნიშნა ოდიშარიამ.

„ნაცმოძრაობის" იურისტის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, „ოცნებამ" ტიტუშკები შეუშვა ციხეში, რადგან აქციის დროს დაკავებულებზე ეძალადათ.

„რუსულმა ხელისუფლებამ თავისუფალი ახალგაზრდები ტყვედ აიყვანა და გლდანის ციხეში გამოკეტა, მაგრამ ამ ყველაფრით არ დაკმაყოფილდა და უკვე ახალგაზრდებთან კრიმინალი ტიტუშკები მიაგზავნა ციხის დაწესებულებაში და თვითონ საკანში, სადაც იძალადეს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და უნდოდათ მათზე განეხორციელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ იქვე მყოფებმა გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა, ვერ მოხდა ამ ადამიანზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ე.წ. ბადრაგი, დაგვიანებით მივიდა, როდესაც ეს „ტიტუშკა" კრიმინალი გაჰყავდათ საკნიდან, მას პირველი კითხვა დაუსვა - სად მიგყავართ, ტელეფონთან? აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული და ე.წ. "აჩოტების" ჩაბარება უნდოდა დამკვეთთან", - ამბობს ტყეშელაძე.

წუხელვე ფონდ „ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო, ჩამოფრენისას აეროპორტში „ოცნების" მომხრე აქტივისტები დახვდნენ და „მონა-მონა" უძახეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე