ნატალია ჯვარიძე
(21.05.2024)

სკანდალური ე.წ. კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე იწვევს სერიოზულ ვნებათაღელვას, შესაძლოა მხოლოდ გალისა და ტყვარჩელის რაიონებზე გავრცელდეს. ამის შესახებ აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ, რომელთა ცნობითაც, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამ საკითხზე დახურული შეხვედრების გამართვა უკვე დაიწყო.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, აღნიშნული „კანონის" გალიდან და ტყვარჩელიდან დაწყება შემთხვევითი არ არის და ამით დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს აფხაზური საზოგადოება ნელ-ნელა შეაგუოს ახალ რეალობას.

აღსანიშნავია, რომ სეპარატისტთა კანონმდებლობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენის უფლება მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეებს" აქვთ. ოფიციალური მოსკოვი პერიოდულად აძლიერებს ხოლმე ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებაზე, რათა ეს ნორმა შეიცვალოს და რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწის ნაკვეთების, სახლებისა და ბინების შეძენის უფლება მიეცეთ.

„აპარტამენტების შესახებ" ე.წ კანონი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი ოქროს შალედი ამ დაპირისპირებაში, რომლის თანახმადაც აფხაზეთში დასაშვები ხდება აპარტ-სასტუმროების მშენებლობა, სადაც ცალკეული აპარტამენტების შეძენა ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებსაც შეეძლებათ.

აფხაზური საზოგადოებისათვის, რამდენიმე მიზეზის გამო, ესეც მიუღებელი აღმოჩნდა. პირველ რიგში ისინი შიშობენ, რომ ეს „კანონი" მაინც გამოწვევს ეთნიკური რუსების მასიურად შესვლას აფხაზეთში და იქ დაფუძნებას, რაც დემოგრაფიულ სურათს აფხაზების საწინააღმდეგოდ შეცვლის.

გარდა ამისა, აფხაზეთში იმასაც უფრთხიან, რომ ამ სიახლით აუცილებლად ისარგემლებენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები და მათ შორის აფხაზეთიდან დევნილებიც. ხოლო აფხაზეთის ტერიტორიიდან მათი კიდევ ერთხელ გაძევებისათვის დე ფაქტო ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი ბერკეტი აღარ ექნება.

ახალი ცვლილების თანახმად კი, ამ აპარტამენტების მშენებლობა დაიშვება არა აფხაზეთის ყველაზე ცნობილ და მიმზიდველ საკურორტო ზონებში - სოხუმში, გაგრაშ, ბიჭვინთასა და ა.შ. - არამედ მხოლოდ „აღმოსავლეთ აფხაზეთში. ანუ მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაცლილ ტყვარჩელსა და ძირითადად ქართველებით დასახლებულ გალში.

ყოფილი სახლემწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. დღეს აფხაზური საზოგადოება მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთთან შეერთებას, თუმცა, თუ ამ ახალი „კანონის" შედეგად აფხაზეთში რუსული მოსახლეობის წილი გაიზარდა, შესბამისად გაიზრდება და გაძლიერდება რუსეთთან შეერთების მომხრეათა პოზიციებიც.

„ამ ე.წ. კანონის მიღებას აფხაზეთის საზოგადოება უფრო მტკივნეულად მიიღებს, ვიდრე მთელი აფხაზეთის ტერიტორიების ოკუპირებას. გალიდან და ტყვარჩელიდან რომ იწყება ამის განხორციელება, ამას თავისი გათვლა აქვს. აინტერესებთ როგორ იმუშავებს. თუ იქ საქმე ნორმალურად წარიმართა და რაიმე პრობლემა არ შეექმნათ, მერე სხვაგანაც შეიძლება იფიქრონ. ბევრს ეშინია, რომ გალის და ტყვარჩელის შემდეგ ეს კანონი მთლიან აფხაზეთში გავრცელდება.

„რასაკვირველია, ეს საქართველოსთვისაც ქმნის პრობლემას, რადგან იქ საკმაოდ დიდი რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩავლენ. რა თქმა უნდა, საუბარია ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე, რადგან ისინი ახალ რეალობას შექმნიან. შესაძლოა მათმა ნაწილმა მოქალაქეობაც მიიღოს და დემოგრაფიული სურათიც გადაწონოს, მაგალითად იმ ხალხის სასარგებლოდ, ვინც აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას მიემხრობა. „აპარტამენტების კანონის" ერთ-ერთი მთავარი საფრთხეც სწორედ ის არის, რომ აფხაზეთი წალკოტია, რუსებისთვის იქ ცხოვრება სანუკვარი ოცნებაა და ისინი ამ ტერიტორიის კოლონიზაციას მოახდენენ. ისინი აუცილებლად მოინდომებენ ტერიტორიების დაკავებას.

„ზოგადად, აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის განწყობილი რუსეთისა და რუსების სასარგებლოდ. „აპარტამენტების კანონი" კი არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი საფუძველი იქნება, რომ მათ იქ ფეხი მოიკიდონ და შემდეგ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეული მოქმედებები განახორციელონ.

„ეს საკითხი ასე იმიტომ დააქუცმაცეს, რომ აქციები არ იყოს და ხალხმა არ გააპროტესტოს. გალელები და ტყვარჩელელები ასე უცებ ვერ გამოვლენ. ტყვარჩელი დაცარიელებულია და გალში კი ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ. როგორც ჩანს, აქ ყველაფერი გათვლილია. იციან, რომ მოსახლეობა ვერ გამოვა ქუჩაში და ვერ შეეწინააღმდეგება ამ „კანონს". ხალხი გამოვა სოხუმში, გაგრაში, მაგრამ ოჩამჩირეშიც ვერ იქნება მასშტაბური აქცია, რადგან მოსახლეობა იქაც ცოტაა. ამრიგად, ვფიქრობ, ისინი ცდილობენ ხალხი შეაგუონ იმას, რომ ეს გარდაუვალი პროცესია.

„აფხაზებს ასევე ეშინიათ, რომ რუსეთის მოქალაქე ეთნიკურმა ქართველებმა არ შეიძინონ ბინები. მათ უნდათ, რომ მაქსიმალურად გაფილტრონ პოტენციური მყიდველები და ვთქვათ, (ქართველები) თუ იყიდიან, მათ გარკვეული დისკომფორტი შეუქმნან. შესაძლოა წავიდეს დაშინება და შანტაჟი. მათ ეშინიათ დევნილების დაბრუნების, რომლებმაც სოხუმი, გაგრა და სხვა ქალაქები დატოვეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე