თამთა ჩაჩანიძე
(21.05.2024)

28 მაისს მმართველი პარტია "უცხოური გავლენის კანონზე" პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს. მანამდე ერთი დღით ადრე კი აშშ-ის კონგრესში განსახილველად შეფის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ახალ და საკმაოდ მიმზიდველ შეღავათებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. ამ პირობებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ კანონზე უარის თქმაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება. რამდენად იმოქმედეს ეს სიახლე საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და ქვეყანაში აგორებულ საპროტესტო ტალღაზე?

მმართველი პარტია ამ კანონპროექტს შანტაჟის მცდელობად მიიჩნევს, რადგან მასში საკითხი რადიკალურად არის დაყენებული - თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის ახლა აღებულ კურსს, მიიღებს აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობას, ვიზალიბერალიზაციას და მასშტაბურ სამხედრო დახმარებას, ხოლო თუ არ შეიცვლის - სანქციებს.

კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია და მისი შინაარსი გამოცემა „პოლიტიკომ" გამოაქვეყნა. ამასთან, კანონპროექტს ვრცელი სათაური აქვს და სიტყვები მასში იმგვარადაა შერჩეული, რომ აბრევიატურით გამოდის სიტყვა „მეგობარი" - MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgias Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act). „პოლიტიკოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კი საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ის ფაქტი, რომ „გამჭვირვალობის კანონზე" ვეტოს დაძლევის წინა დღეს ასეთი კანონპროექტი შედის განსახილველად აშშ-ის კონგრესში, ეს პირდაპირ აისახება როგორც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ისე საზოგადოების განწყობებზე.

საქართველოში „პოლიტიკოს" სტატიას მოჰყვა, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის გამოხმაურება, „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ პატივისცემაა საჭირო".

ოპოზიცია „ოცნების" ამგვარ პასუხს ქვეყნის ინტერესების ღალატად მიიჩნევს.

რა გზა უნდა გაიაროს უილსონის ინიციატივამ კანონად ქცევამდე

ამერიკულ ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი, რომელსაც „პოლიტიკო" გაეცნო, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასაც ითვალისწინებს. ასევე,ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია".

თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ დადასტურდა, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც, როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს". წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროცედურა ასეთია - ჯერ კონგრესის ქვედა პალატაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს, საკითხს კენჭისყრაზე გაიტანენ, დამტკიცების შემთხვევაში, სენატმაც უნდა დაუჭიროს მხარი და ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნოს.

„ეს ერთ-ერთი კონგრესმენის ინიციატივაა იმ 435-თაგან, რომლებიც ქვედა პალატაში არიან. ჯერ კომიტეტზე, შემდეგ საკანომდებლო სესიაზე უნდა დაამტკიცდეს. შემდეგ მხარი სენატმა უნდა დაუჭიროს, სენატიდან დოკუმენტმა პრეზიდენტის მაგიდაზე უნდა გადაინაცვლოს. მრავალსაფეხურიანი პროცესია. ვფიქრობ, რომ ეს სარეკომენდაციო იქნება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რამეთუ ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებს - თავისუფალი ვაჭრობის დაწესება იქნება, უვიზო რეჟიმის ამოქმედება, სამხედრო დახმარების გაწევა თუ სხვა, მთავრობა ამტკიცებს. ამ შემთხვევაში, აშშ-ის შესაბამისი დეპარტამენტები, ეს იქნება სახდეპი, სახაზინო, სავაჭრო და ა.შ.

„კანონის დამტკიცების კონკრეტული დროის პროგნოზირება შეუძლებელია და ისიც გაურკვეველია, შესაბამის კომიტეტზე რომ გავა ქვედა პალატაში, კომიტეტი რას გადაწყვეტს. ამ პროცესში ძალიან ბევრი მდგენელია.

„ძალიან ნაადრევია ნაცოპოზიციის სასაცილო აღტყინება, რომ თითქის ამერიკამ დაამტკიცა რაღაც ულტიმატუმები ვითომ „ოცნების" კუთხეში მისამწყვდევლად და ამითი ხარობენ", - აცხადებს გია აბაშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ კანონპროექტს აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც იამს ნიშნავს, რომ დამტკიცების მხრივ პრობლემები არ შეექმნება.

„როცა კანონზე ორპარტიული მხარდაჭრაა, იქ პრობლემა უკვე არაფერს აღარ ექმნება. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით ხელისუფლებაში, ასეთი აზრი ტრიალებს, რომ ბაიდენი მარცხდება, მოდის ტრამპი და ის ამ პროცესებს სხვანაირად შეხედავსო. ახლა კი ის, რომ ეს ინიციატივა სწორედ რესპუბლიკელმა გამოიჩინა, იმის მიმანიშნებელიცაა, რომ ტრამპიც იმ გზას გააგრძელებს, რა პროცესიც ახლა მიდის საქართველოსთან მიმართებაში", - განაცხადა ძაბირაძემ.

როდის ამოქმედდება კანონი თუ საბოლოოდ კონგრესმა დაამტკიცდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია კონკრეტული კონგრესმენის ინიციატივას „გამჭვირვალობის კანონს" უკავშირებს, თუმცა დამატებით ბენეფიტების გადმოცემა ასევე 26 ოქტიმბრის საპარლამენტო არჩევნებთან უფროა კავშირში.

„რადიკალური ოპოზიცია ამ ყველაფერს უკავშირებს „გამჭვირვალობის შესახებ კანონს", მაგრამ ზუსტადაც რომ „პოლიტიკოს" სტატიის დედანში ხაზგასმულია, რომ ეს დამატებითი ბენეფიტები საქართველოს მიეცემა არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარების შემთხვევაში. ამას უწინარესად ქართველი ხალხი და ცესკო წყვეტს, საგარეო ფლანგზე კი, ყოველთვის მთავარი მოთამაშე ეუთო ოდირია, მასში არიან როგორც ევროპელები, ასევე ამერიკელები.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებს რომ გადავხედოთ, სადმე უთქვამს ოდირს, რომ არჩევნები არადემიკრატიული, ან არათავისუფალი იყო? საქართველომ დემოკრატიის თვალსაზრისით რა პროგრესს უნდა მიაღწიოს, რომ გავხდეთ ღირსი, რომ მოგვცენ დამატებითი სარგებელი? კონგრესმენი უილსონისგან ეს ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს იმას, რომ ულტიმატუმებისა და დათქმების გარეშე უნდა მოგვანიჭონ ის ელემენტარული, რასაც წლებია საქართველო ითხოვს, მათ შორის სააკაშვილი ხელისუფლების დროიდან. ესაა თავისუფალი ვაჭრობა, შემსუბუქებული სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ავიაფრენები. ჩინეთისგან სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერიდან მოკლე დროში ჩვენ ეს მივიღეთ.

„კიდევ სხვა პრობლემაა, როცა კონგრესმენი უილსონი, კიდევ სხვა დასავლელი აქტორები ანგაჟირებულ და ტენდენციურ ქართველო პოლიტიკურ აქტორებს და ე.წ. ენჯეოებს ეყრდნობიან, რომლებისთვისაც რევანშიზმი, ხელისუფლების მიტაცება და ცილისწამება ჩვეულ მოვლენად იქცა", - განაცხადა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზინანსთან" აცხადებს, რომ კანონი უფრო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება და ამაზეა გათლილი, თუმცა ამაში გარკვეულწილად „აგენტების კანონიც" იგულისხმება.

„კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატრორმა შეიმუშავა,ნიშნავს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა ექნება. პირობებია ჩადებული, რომ ხელისუფლებამ ანტიდემოკრატიული კურსი და ანტიდასავლური რიტორიკა შეცვალოს და არჩევნები ჩაატაროს წესიერად. თუ ეს ყველაფერი იქნება, კანონი ამის შემდეგ ამოქმედდება.

„კანონპროექტს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რადგან ინიციატივა „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა-არდაძლევას ემთხვევა, ეს კანონიც იგულისხმება, მაგრამ აქცენტი მაინც უფრო მეტად არჩევნებზე და მის შედეგებზეა გაკეთებული. მანამდე ანტიდასავლური კურსის და პროპაგანდის შეწყვეტა იმას ნიშნავს, რომ ეს კანონიც არ უნდა იქნას მიღებული.

„თუ აშშ-მა ეს კანონი მიიღო, მისი ამოქმედება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მერეა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია ის, რომ 4 ივნისს სენატში სხდომაა დანიშნული, სადაც საქართველოს საკითხი იქნება განხილული. ამ დროისთვის უკვე გამოჩნდება „აგენტების კანონს" მიიღებს „ოცნება" თუ არა. არ გამოვრიცხავ, რომ სანქცეიბის საკითხი უფრო ადრეც დაიძრას.

„ოცნებაც კი არ შეგვეძლო ვიზალიბერალიზაციაზე და იმაზე, რომ აშშ საკუთარ თავზე საქართველოს უსაფრთხოებას იღებს, რაც პირდაპირ ორმხრივი ხელშეკრულების თემაა. აშშ-ის ასეთი ხელშეკრულება და ასეთი პოზიცია მხოლოდ ისრაელთან აქვს. ეს ფაქტიურად ნიშნავს, რომ ნატოს გვერდის ავლით, ნატოს უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვექცევით", - განაცხადა ძაბირაძემ.

„ოცნების" პასუხი

ამ კანონპროექტზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, „ქართული" ოცნების პოლიტსაბჭომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. სადაც საუბარია იმაზე, რომშანტაჟის ენით საუბარი პარტნიორებისაგან მიუღებელია.

„საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:

- აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;

- აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;

- აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;

- შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.

თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც „ენჯეოების" გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ „ენჯეოები" რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს „ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.

ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.

როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს", - აღნიშნულია „ქართული ოცნების" განცხადებაში.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ „ოცნების" პასუხი სამართლიანია.

„ოცნების" პასუხი აბსოლუტურად სამართლიანია, ლეგიტიმურია და ასახავს ხალხის განწყობას. მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უფრო რადიკალურია, ვიდრე „ოცნების" განცხადება. მმართველი პარტიის პოზიცია დაბალანსებულია, მაგრამ საკმაოდ ღიადაა წარმოჩენილი ის არგუმენტები და სამართლიანი პრეტენზიები, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს.

„თუ დამატებითი სარგებლის შემოთავაზება უნდათ, მაშინ ამას რაღაც დათქმები და ულტიმატიმები რად უნდა?! მაგრამ ერთი კონგრესმენის ინიციატივა არაფერს ნიშნავს. ეს რაღაც ჯგუფური ინიციატივა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა უფრო სერიოზული კომენტარის გაკეთება. რადიკალებმა საზოგადოებაში უაზრო აჟიოტაჟი ატეხეს, „ოცნება" კი იძულებული გახდა, რომ ეს აბსოლუტურად სამართლიანი განცხადება გაეკეთებინა", - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში მომზადებული ამ კანონპროექტის სახით საქართველოს ახალი შესაძლებლობები ეძლევა, თუმცა, რამდენად გამოიყენებს „ოცნება" ამ შანსს, ამასთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი.

„ახლა მთავარია რას იზამს საქართველოს ხელისუფლება. სამწუხაროდ, აქ დიდი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ ჩანს. ჯერ აშშ-ში კანონპოროექტი დამუშავების ეტაპზეა და ალბათ ამის მიღება დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ამ ანტიდასავლურ რიტორიკას და კურსს, მაშინ, როგორც ჩანს, სანქციები იქნება და ეს მხოლოდ მათგან კი არა, ევროკავშირის ლიდერებისგანაც ისმის.

„რთულ პერიოდში შევდივართ. მოსალოდნელია არა მხოლოდ პერსონალური სანქციები, არამედ უფრო მეტიც კი, რასაც ღიადაც გვეუბნებიან. ახლა ყველაფერი „ოცნებაზეა" დამოკიდებული, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლებამ რაღაც შეისმინოს", - თქვა ძაბირაძემ.

„მეგობარი"-ს გავლენა საპროტესტო განწყობაზე

გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროცესის გამწვავება შემოდგიმისკენ უფროა მოსალოდნელი, რასაც საგარეო აქტორები „ცეცხლს უკიდებენ".

„ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს აქეზებენ, მაგალითად ბალტიის თუ ნირვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრები, გერმანიის ბუნდესტაგის სამარცხვინო წარმოგადგენელი როთი, რომლებიც ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოდიან და საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, გვკარნახობენ საბჭოთა პოლიტბიუროს წესების შესაბამისად, რა კანონი მივიღოთ და როგორ ვიმოქმედოთ. საქართველო ძალიან სამართლიანად ითხოვს, რომ სამართლიანად მოეპყრონ და არა კოლონიურ ტერიტორიას.

„ოპოზიციურ აქტიურობას რაც შეეხება, ეს არჩევნებამდე ტალღობრივად მუდმივად იქნება. შეიძლება ზაფხულში პროტესტი მინავლდეს, მაგრამ შემოდგომაზე კიდევ უფრო გამწვავდება რადიკალიზმი, რასაც საგარეო აქტორები ცეცხლს უკიდებენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, თუმცა ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ხალხი წყვეტს ხელისუფლებაში ვინ უნდა მოვიდეს", - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ უილსონის ინიციატივა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პირდაპირ იმომექდებს და ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

„როცა მთელი საქართველო თუ არა ნაწილი მაინც მექსიკიდან საზღვრის გადაკვეთით ცდილობს აშშ-ში შეღწევას, უკვე ნათელია როგორ იმოქმედებს მოსახლეობაზე. იმოქმედებს რა თქმა უნდა უარყიფითად, თუ ამ შეთავაზებისკენ არ გადავდგოთ ნაბიჯები. როდესაც ლაპარაკია ვიზალიბერალიზაციაზე, ამასთან უსაფრთხოების მიმართულებით არა პარტნიორობაზე, არამედ პატრონაჟის ქვეშ აყვანაზე, იმის სანაცვლოდ, რომ წესიერად მოიქციო - არჩევნები ჩაატარეთ წესიერად და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს ნუ გადადგამთო - მეტი რაღა უნდა თქვან?!

„დიდი ალბათობით „ოცნება" ამ შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ შეისმენდა არა მხოლოდ ამას, არამედ ჩვენი პარტნიორების მოწოდებასაც და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა, მაგრამ დიდი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე