ელზა პაპოშვილი
(20.05.2024)

როდის დაიწყება პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურები კონკრეტული თარიღი, ჯერჯერობით, არ დასახელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს და ეს შესაძლოა მომავალ კვირას 28 მაისს მოხდეს. 

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს, პრაქტიკულად, უცვლელად დაუბრუნა - დოკუმენტში დამატებულია მხოლოდ ერთი პუნქტი, რომელშიც წერია, რომ "კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს".

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოავლინა უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ, თუმცა ამავე დროს დაადასტურა, რომ კანონს ხარვეზი არ აქვს.  

ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ვეტოს ამ ფორმით დადებაზე სწორია, რადგან თავიდან ბოლომდე ეს კანონი რუსულია და ის გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება და ვეტოს დაძლევის დღესაც რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან. 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონში ამდენი უცხოელი აქტორის ჩართულობა, კანონის ქართულობაზე მიუთითებს, ამიტომ ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული.

პაპუაშვილის თქმით, კანონში საქართველოს პრეზიდენტის ჩანაწერი, რომ ის ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებს, ქვეყნის და მოქალაქეების დაცინვაა.

„გამოჩნდა გარკვეული იმედი, რომ უცხოურ აქტორებს შეიძლება მზაობა ჰქონდათ შინაარსობრივ დისკუსიაში შემოსულიყვნენ და შეიძლება, ზოგიერთი მიხვდა კიდეც, რამდენად აბსურდი იყო იმ იდეებზე, რომელიც თავად ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს, პრეტენზიების წაყენება საქართველოსთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ არის დისკუსიის სურვილი, კი ბატონო, აქამდე დისკუსიის შანსი გაუშვით ხელიდან, ახლა დარჩენილი არის ორი კვირა, ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ვეტოს მნიშვნელობით ასახოს თუკი რაიმე ღირებულს შემოგვთავაზებთ და შევთანხმდებით. ვეტო არის ტექნიკური საშუალება იმისთვის, რომ აისახოს ეს კანონში, ასევე ვხედავდით მზაობას სხვადასხვა უცხოური აქტორისგან და სალომე ზურაბიშვილმა ესეც ჩაკეტა“,-ამბობს პაპუაშვილი

ოპოზიციაში კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმებიან. "პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ რუსული კანონი გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება", - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური, ბლანკეტური ვეტოს გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ, რომ “რუსული კანონი” გაკეთილშობილებას, შელამაზებას და შესაბამისად, მოდიფიკაციას არ ექვემდებარება. მისი გაწვევა უნდა მოხდეს, რადგან არ გაიწვია ივანიშვილის პარტიამ და მიიღო 3 მოსმენით, პრეზიდენტს გააჩნდა ერთი ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ბლანკეტურად, ანუ სრულად დაედო ამ კანონისთვის ვეტო. 

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი იყო. ამიტომ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამ არ დაძლიოს ვეტო და ქვეყანას მისცეს საშუალება, რომ ასე თუ ისე ნორმალიზდეს პოლიტიკური პროცესები. ბუნებრივია, რომ ნორმალიზებაზე საუბარი, მას შემდეგ, რაც ამდენი ადამიანი ნაცემი და დაკავებულია, ძალიან რთულია, მაგრამ თუ რაიმე გონივრულის გაკეთება ახლა მაინც შეუძლია ივანიშვილის პარტიას, არის ის, რომ არ გადალახოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტო”,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

ანალიტკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან“ ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ვეტოს არ დძლეევის ალბათობა ნაკლები იყო, ამიტომ „ოცნების“ განცხადებები მოსალოდნელი იყო. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელსუფლებას ამ აქციების ტალღის შესუსტების იმედი აქვს, ამიტომ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ, თან დჩქარებული წესით. 

„ალბათ არავის უნდა ჰქონოდა იმის მოლოდინი, რომ „ოცნება“ ამ ვეტოს არ დაძლევდა. მას ამდენი იმიტომ არ უწვალია, რომ ერთი ხელის მოსმით ჩაეგდო ეს კანონი. როდესაც ის მეორედ შემოიტანეს, მაშინვე გახდა ცნობილი, რომ უკან ასე მარტივად არ დაიხევდნენ. რეალურად პოლიტიკური თვალსაზრისით ამის საშულებაც აღარ აქვთ და ჩიხში საკუთარი თავი თავად შეიყვანეს. 

„მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების, რადგან მასზე ისრების გადატანა და მცდელობა იმის, რომ მას აეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლების გადასარჩენად, არასწორი გათვლა იყო. ზურაბიშვილმა ეს თავის თავზე არ აიღო და პოლიტკური თამაში ისევ ხელისუფლების ფლანგზე გადაიტანა. 

„მმართველ გუნდს ახლა ორი გამოსავალი აქვს, არ შეიმჩნიონ ვეტო და ის თაროზე შემოდონ ან დაძლიონ. როგორც ჩანს გუნდში უკე გადაწყვეტილება მიღებულია რომ მას დაძლევენ. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება“,-ამბობს ძაბირაძე. 

მისივე თქმით, ახლა ხელისუფლება ეცდება საპროტესტო აქციების მონაწილეების დისკრედიტაცია  და დაშინებას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ამიტომ დაიბარეს ახალგაზრდები სასამართლოში. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ზაფხულში პოლიტიკური პროცესები ნაკლებ აქტიური იქნება, მაგრამ შემოდგომისთვის პროცესები ისევ აქტიურ ფაზაში შევა. 

„ქვეყანაში სიტუაცია მუდმივად ფეთქებადია. კანონს მიიღებენ, ვეტოს დაძლევენ, მაგრამ ეს მუხტი სექტებრამდე უნდა შენარჩუნდეს. ფაქტია ხელისუფლებას ექნება იმის მცდელობა, რომ ახალგაზრდები დააშინოს, რასაც აკეთებს უკვე. ასევე იმედი აქვთ, რომ ზაფხულში ეს პროცესი შემცირდება. სტუდენტებს არდადაგები ეწყებათ და ამ ყველაფერს გამოიყენებენ. თუმცა ოპოზიციას უნდა ეყოს გონება და ჭკუა, რომ არჩევნებამდე ეს მუხტი შეინარჩუნოს. ოღონდ აუცილებელია არაძალადობრივი აქციები. ხელისუფლება ნებსიმიერ შემთხვევაში აქციის მონანაწილეების დისკრედიტაციას ეცდება. ამას უკვე  აკეთებს კიდევაც“,-ამბობს ძაბირაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე