თამთა ჩაჩანიძე
(20.05.2024)

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტომ „დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა". საჯარო განცხადებებიდან ჩანს, რომ მომავალ კვირაში „ოცნება" ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ოპოზიცია კი პრეზიდენტის ნაბიჯს უწონებს და აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსში შესვლა და შესაბამისად, დისკუსია არ ღირდა, რადგან „თავიდან ბოლომდე რუსულია".

„ოცნება" კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას მომავალ კვირას ელოდება, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვეტომ დისკუსია დაასრულა და დიდია ალბათობა იმისა, რომ მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის შეხედულებებიც არ გაიზიაროს.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა, ჩამოვა, ალბათ, მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და პარლამენტს იგივე სახით უკან დაუბრუნა, მხოლოდ ერთ მუხლი აქვ ჩამატებული, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

რას ამბობს „ოცნება" და ოპოზიცია

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს" სოციოლოგიური კვლევის თანახმად, მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი.

„თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც შეეხება კანონს, კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია. ასევე, ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები დისკუსიას მაქსიმალურად გაურბიან.

„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში წარიმართებოდა დისკუსია, დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არავითარი გამოხმაურება არ იყო", - განაცხადა კობახიძემ.

„გილოცავთ კანონის მიღებას და უკვე მომავალ ორშაბათს, მოგილოცავთ, ვეტოს გადალახვას", - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტების კითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე.

კულტურის მინისტრს მედიამ კითხვა დაუსვა, შეუძლია თუ არა დაასახელოს ის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონს მოსახლეობის 60% უჭერს მხარს.

წულუკიანმა აღნიშნული ორგანიზაცია არ დაასახელა, თუმცა, განმარტა, რომ ამ კითხვას პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ უპასუხა, რომ კვლევა ჩაატარა რესპექტაბელურმა ორგანიზაციამ. რესპექტაბელობაში კი, წულუკიანის განმარტებით, იგულისხმება პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა და დიდი გამოცდილება სოციოლოგიური კვლევების ჩატარების სფეროში

„ახსნილი იქნა, რომ ეს არის გამჭვირვალე ორგანიზაცია მაღალი რეპუტაციის მქონე", -განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამ საკითხისა, კულტურის მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა „ქართული ოცნების" დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ „ნიუ აგნეტს"-თან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "გლობალური ომის პარტია" მასონების მსგავსი ძალაა".

„არ მომისმენია, ბოდიშს გიხდით, მოვისმენ და გიპასუხებთ. არ მომისმენია, რა შუაში არიან მასონები? მოვისმენ და გიპასუხებთ", - აღნიშნა წულუკიანმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი სწორად მოიქცა, რომ ვეტო ამ ფორმით დაადო კანონპროექტს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მთელი მისი შინაარსით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არის რუსული და მისი 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან.

"პრეზიდენტი სწორად მოიქცა. ეს კანონი თავიდან ბოლომდე რუსულია. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ტელეარხებმა, რომლებიც საერთოდ არ უშვებენ იმ ინფორმაციას, თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვასაბუთებთ.

„მთელი მისი შინაარსით ეს კანონი არის რუსული, 11-ვე მუხლი არის კოპირებული რუსეთში მიღებული კანონიდან. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი მოდგომა გამოიყენა, როდესაც "ქართულ ოცნებას" აქვს შანსი: ან უარს ამბობს ამ კანონის მიღებაზე ან იღებს ამ კანონს. ამ კანონის გაპატიოსნება არის შეუძლებელი, რასაც აბსოლუტურად ყველას ამბობს", - აღნიშნა ვაშაძემ.

ჩაიკეტა თუ არა დისკუსიის სივრცე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ დისკუსიისთვის ადილი მოსმენებზე იყო, თუმცა „ოცნებამ" თავად ვერ დაამტკიცა რატომ არ არის ეს კანონი რუსული, რა კითხვაც ოპოზიციას ჰქონდა დარბაზში.

„პრეზიდენტმა ჩაამატა მუხლი, ანუ დოკუმენტი იურიდიულად წესრიგში მოიყვანა დოკუმენტი ვეტოსთვის. ამასთან, რა თქმა უნდა პრეზიდენტმა ამ თავისი გადაწყვეტილებით, დისკუსია დაასრულა. ვენეციის კომისიამაც რა და როგორ დაწერა, ამას მნიშვნელობაც ნამდვილად აღარ აქვს, მაშინ „ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო კი არ დაძლიოს, კანონი მიიღოს, ერთი დღით ამოქმედოს, ისევ თავიდან შემოიტანოს და ა.შ.

„პრეზიდენტს ვეთანხმები, რომ ამ კანონის სულისკვეთება რუსულია. როდესაც იძახიან, რომ ასეთი კანონი აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებშია, იმას რატომ არ ამბობენ, რომ რუსეთშიცაა და ყაზახეთშიც. ეს კანონი ამერიკაში სხვაგვარად მუშაობს, რუსეთში კი სხვაგვარად. ჩვენი პრობლემა სწორედ ისაა, რომ აქაც ეს კანონი ისევე იმუშავებს, როგორც რუსეთში, რადგან ჩვენი პოლიტიკური სივრცე და რუსული არის ფაქტიურად ერთნაირი. იქაც ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობაა და აქაც.

„ამერიკას, ევროპას, დასავლეთის ქვეყნებს, სადაც რეალური დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეს სამწუხაროდ ვერ შევადარებთ და იმ ეფექტს მოგვცემს ეს კანონი, რა ეფექტიც ამას რუსეთში ჰქონდა და აქვს. პრეზიდენტი ამიტომაც არ შევიდა მუხლობრივ ჩასწორება-განხილვაში და დაადო ეგრევე ვეტო.

„თუ „ქართულ ოცნებას" დისკუსია უნდოდა, დისკუსიის მეტი რა იყო პარლამენტში მეორე მოსმენის დროს?! აბა მეტი რა იყო ეს? რომ იძახიან არგუმენტები არ წარმოგვიდგინესო, ნებისმიერ რამეზე შეიძლება თქვა, რომ ამას არგუმენტად არ ვთვლიო. არგუმენტებიც იყო და ყველაფერი იყო იქ. რაც მთავარია, ხელისუფლებამ ვერ ახსნა, რატომ არ იმუშავებს ეს კანონი ისევე, როგორც ეს რუსეთში მუშაობს.

„როგორ გაგრძელდება ვითარება, რთული სათქმელია. როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საკმაოდ მკვეთრი რეაქცია იქნება. რას იზამს ხელისუფლება, ვნახავთ, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ - ან ეს ვეტო უნდა დაძლიონ, ან საერთოდ გაჩერდნენ და განხილვაზე არ გაიტანონ. როგორც ჩანს, ვეტოს დაძლევისკენ იხრებიან, სამართლებრივად შესაძლოა ეს საკონსტიტუციოში წავიდეს, იქიდან სტრასბურგში გაასაჩივრონ, ამის სამართლებრივი ვარიანტები არსებობს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, რომ „ქართული ოცნება" ვეტოს დაძლევას აპირებს, მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოში ჩამატებული ერთი მუხლი მიუთითებს, რომ ზურაბიშვილი „ეთანხმება რომ ერთი დღით ძალაში იყოს კანონი".

„როგორც მმართველი გუნდის საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, ვეტო დაიძლევა.გამოითქვა ძალიან დიდი წუხილი, რომ თავად პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, ამ არსებითი დისკუსიის შემდგომი გაგრძელება არ მოისურვა.

„ეს უაზრო ვეტო, უაზრო შენიშვნით, რომ კანონი ერთი დღით დამტკიცდეს, მეტყველებს, რომ ორბელიანების სასახლეში ძალიან არასერიოზული ვითარებაა. ამით პირდაპირ გამოვლინდა, რომ ე.წ. რუსულ კანონს ფიქტიური პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეთანხმება, რომ ერთი დღით ძალაში იყოს, გესმით რა აბსურდთან გგვაქვს საქმე?!

„როდესაც ამ კანონს არანაირი არგუმენტი არ აქვს სამართლებრივი თვალსაზრისით და იწყება ასეთი არასერიოზული რაღაც შენიშვნები, ეს უკვე მეტყველებს, რომ კონსტიტუციის მიღმა მყოფი დე ფაქტო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ყურად არ იღებს მისი მრჩევლების რჩევებს. ვერ ვიტყვი, რომ ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილისნაირი არასერიოზული ადამიანები მუშაობენ, თუმცა მისი სიჯიუტუსა და სიხისტიდან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია რომ ის საღ აზრს უგულებელჰყოფს, თუნდაც მის გარემოცვაში.

„მომავალ კვირაში ვეტო დაიძლევა, სამწუხაროა, რომ ე.წ. პროევროპელმა პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის შენიშვნების გაგონება არ ისურვა და მანამდე დაადო ვეტო. ის, რომ ახლა აქებენ და ადიდებენ, რამდენიმე წლის წინ მისი მაგინებელი პოლიტიკური აქტორები, მეტყველებს თუ რა საერთო კავშირები და ე.წ. ფასეულობები გააჩნიათ სალომე ზურაბიშვილს და კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პერსონაჟებს",- განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შეიძლება გაითვალისწინოს „ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნა, აბაშიძემ გვითხრა: „შენიშვნები უნდა იყოს სამართლებრივი, კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან მიმართებაში და არა პოლიტიკური კომენტარები. სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის მხრიდან ასეთი პრეცედენტი ყოფილა სხვადასხვა კანონპროექტებზე და ეს „ქართულმა ოცნებამ" უგულებელჰყო, სხვადასხვა კანონები მაინც დაამტკიცა.

„ვენეციის კომისია სარეკომენდაციო ორგანოა, სამართლებრივ რჩევებს იძლევა და არა პოლიტიკურ მოსაზრებებს. ვენეციის კომისიაში არ ვიცი რა განწყობაა, თუმცა, აუცილებელია, რომ მათი მხრიდან დოკუმენტი დაიდოს უახლოეს დღეებში. ასევე სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძის წინა შეთავაზება პროტესტის გამომხატველი სტუდენტებისადმი, რომ ათი წარმომადგენელი გამოყონ, კვლავ ღიად რჩება და სხვადასხვა მხრიდან უარიც კი გამოჩნდა.

„ასევე სამწუხაროა, რომ დასავლეთის მხრიდან უარგუმენტო დამუნათება გრძელდება, მაშინ, როცა ევროპარლამენტს, საგარეო ჩარევის პრობლემა აქვს და საფრანგეთი აპირებს, რომ ზაფხულის ბოლოს საბოლოოდ დაამტკიცოს უცხო გავლენების ჩარევა ფრანგულ პოლიტიკაში, ამ ფონზე, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს უწევს იმის მტკიცება, რომ თეთრი-თეთრია და არა შავი",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე