ნაზი ბერიძე
(08.12.2023)

კანდიდატის სტატუსის მიღებამ, რომელიც შეიძლება ითქვას, „ჯუვეში გვქონდა", შეიძლება მარტამდე გადაიწიოს. თუმცა ამაში დამნაშავე არც საქართველო იქნება და არც გაფართოების პაკეტში შემავალი რომელიმე ქვეყანა - ეს უნგრეთის პოზიციას უკავშირდება, რომელიც ბრიუსელიდან შეჩერებული ფინანსური დახმარების გადარიცხვას ითხოვს, რომელიც სხვადასხვა კონსერვატიული კანონების მიღების გამო გაუყინეს.

ახლა საფრანგეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერი პარიზში მიიწვია და შეეცდება მის გადარწმუნებას, თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ეს ნაკლებად სავარაუდოა.

ამავე დროს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა თქვა, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, გაფართოების პაკეტზე გადაწყვეტილება 3 თვით გადადოს.

„თუ ეს არ მოხდება დეკემბერში, ეს მოხდება მარტში. თუ არ მოხდება მარტში, ეს მაინც მოხდება. მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროპის მშენებლობა სახლში," - ასე უპასუხა დორინ რეჩანმა დასმულ კითხვას.

რეჩანს ასევე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მოლდოვას მიეღო მწვანე შუქი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინას კი ვერ მიეღო, რაზეც მოლდოვის პრემიერმა უპასუხა: „ჩვენი პოზიცია ასეთია - ჩვენ უნდა ვიყოთ უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებების გახსნის პროცესში."

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" იმედს გამოთქვამს, რომ ორბანს დაითანხმებენ.

„ეს ნამდვილადარავინ არ იცის, ახლა ზუსტად ამაზე მუშაობენ, რომ უნგრეთის პრემიერი დაითანხმონ. თუ ეს ვერ მოხერხდა, გამომდინარე იქედან, რომ ეს სამივე ქვეყანა განიხილება ერთ პაკეტში, გადაიდება მოლაპარაკებების დაწყება ალბათ სამი თვით, მარტამდე, მერე ალბათ ხელახლა იმსჯელებენ ამაზე. თუ ახლა მოხდება კონსენსუსის მიღწევა, ახლავე მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს," - განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ფორმატი შეიცვალოს და მოლაპარაკებებები თითოეულ ქვეყანასთან ცალ-ცალკე დაიწყოს, ვინაიდან ყველას თავისი „საშინაო დავალება" აქვს შესასრულებელი.

„ნამვილად ვერ გეტყვით, ძალიან სათუოა. ჯერ ერთი, ასოცირებული ტრიო უკვე განსხვავებულია - უკრაინა და მოლდოვა ელოდება მოლაპარაკების დაწყებას, მაშინ როცა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს. ჯერ ჩვენ უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რაც გადაწყდება შემდეგ კვირაში და მერე შეგვიძლია ვისაუბროთ გაწევრიანების მოლაპარაკებაზე. ამისთვის საჭიროა იმ 9 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც უკვე გვაქვს.

„ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ცალცალკე, რაც ასევე სრულიად ლოგიკური იქნება გამომდინარე იქედან რომ ყველა ქვეყანას აქვს პირობითად თავისი საშინაო დავალება, რომელიც უნდა გააკეთოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ მთავარი რაც არის, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი", - განაცხადა ფხალაძემ.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ერთდროულად მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია.

„შეუძლებელია მოლაპარაკებები ერთდროულად დაიწყოს... საქართველო ვერ მოასწრებს 9 რეკომენდაციის შესრულებას. სავარაუდოდ მოლაპარაკების დაწყება გადაიდება მარტისთვის, რადგან უნგრეთი, როგორც ჩანს, ვერ დაითანხმეს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მარტში, მანამდე მოუწევს მუშაობა იმისთვის, რომ წავიდეს წინ. მოლდოვა რომ ამბობს, ჩვენთვის გადაიწევს მოლაპარაკების საკითხიო, ეს ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნისთვის გადაიწევს, ვინც ამ გაფართოების პაკეტში არის განხილული", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე