ნაზი ბერიძე
(19.06.2023)

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შეცდომებზე მიანიშნებს და სჯერა რომ ოპოზიციური სპექტრი დილემის წინაშე დგას - მას არ ჰყავს მობილიზებული ამომრჩეველი და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში ხელს უშლის ხელისუფლებას. პრობლემაა პარტიების გამსხვილებაც. სარჯველაძის თქმით, ოპოზიცია ამომრჩეველთა მობილიზებას ვერ ახდენს და პარტიების გამსხვილებაა მისი პრობლემა.

„ამის გათვალისწინებით, მათი მიზანია, არჩევნებისთვის რაღაცნაირად ამომრჩეველს თავი მოუყარონ. დილემის ერთი მხარეა მათი გამსხვილება, მეორე ტოქსიკურობის დიდი ხარისხი, რაც ბევრ პარტიას გააჩნია და ამომრჩევლის მოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს.

„ნაცმოძრაობის" ელექტორატის გაზიარება მცირე პარტიებისთვის შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, მაგრამ კარგად ხვდებიან, რომ ეს შეიძლება მათი ელექტორატის წინაღობა აღმოჩნდეს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის, რადგან არიან ადამიანები, ვისთვისაც შეიძლება ოპოზიციური აზრი საინტერესოა, მაგრამ მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის" რიგებში აღმოჩენა" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ასევე თქვა, რომ ოპოზიცია ხელს უშლის როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

„ოპოზიციამ წინასწარ, ერთმანეთის მიმართ ისეთი ბარიერები არ უნდა დავაწესოთ, რომ საბოლოო ჯამში „ქოცი" დარჩეს მოგებული - იმისთვის რომ არჩევნებში ოპოზიციისთვის მიცემული ხმა მანდატებში გარდაისახოს და ეს ხმა „ქოცმა" არ წაიღოს, კოორდინაცია და პარტიების გამსხვილებაა საჭირო" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიციის შეცდომები შარლ მიშელის დოკუმენტის საკითხზე ქუჩაში დგომით იწყება - ასე აფასებს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" სარჯველაძის განცხადებას.

„მე არა მგონია რომ მმართველი პარტიის წევრების, მათ შორის სარჯველაძის შეფასება იყოს სწორი, იმ მხრივ, რომ ისინი აფასებენ ამ პროცესებს როგორც საარჩევნო პერიოდისთვის შესაფერის ბრძოლას, ხმების მოპოვებისთვის და გამარჯვებისთვის. რა დროს არჩევნებია? წელიწადზე მეტია არჩევნებამდე.

„მე მგონი ეს უნდა აჩენდეს კითხვას, რომ ეს პროცესები ესე იგი არ არის საარჩევნო პროცესები. იმიტომ, რომ, როგორც ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, ასეთი დაძაბულობა გვაქვს ხოლმე არჩევნებამდე მიახლოების პროპორციულად.

„ესე იგი რაღაც სხვა მიზეზები არსებობს. თუკი რამეს ვიტყვით, რომ შეცდომა არ იყო, მე კმაყოფილი ვიქნები, იმიტომ, რომ დაწყებული იქედან, როცა შარლ მიშელის დოკუმენტის გამო ოპოზიცია დადგა ქუჩაში, იქედან დაწყებული სულ შეცდომების დაშვებაშია. ბოლო შეცდომა იყო, რომ დასტიროდნენ სააკაშვილს რომ კლავს ეს ხელისუფლება სააკაშვილსო, და უცებ სააკაშვილი წამოდგა და მოვედი ახლა პოლიტიკაშიო, გამოაცხადა" - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარია ერთიანობა და ერთიანი საინფორმაციო კამპანიის გაკეთება და საზოგადოების ინფორმირებაა.

„ჯერ ეს ერთი, 12 რეკომენდაციის შესრულებას ხელს უშლის თვითონ ხელისუფლება და არა ვთქვათ ოპოზიცია. პირველ რიგში ხელისუფლება არის ვალდებული შეასრულოს ეს რეკომენდაციები და სამწუხაროდ, ის აღნიშნულ რეკომენდაციებს არ ასრულებს. ამიტომაც ხელისუფლება ცდილობს რომ გადააბრალოს ყველაფერი ოპოზიციას.

„ოპოზიციას რაც შეეხება, მე ასე მგონია, რომ უნდა იმუშაოს ოპოზიციამ, რომ საინფორმაციო ომში დაამარცხოს სახელისუფლებო პარტია. იმიტომ, რომ ჯერჯერობით ნაწილობრივ აგებს საინფორმაციო ომს ოპოზიცია - მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ სწორედ ოპოზიციას სურს ქვეყანა ომში ჩაითრიოს, რომ „ნაც მოძრაობა" არის სისხლიანი რეჟიმი და ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბება

„ოპოზიცია დგას დილემის წინაშე, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს გაერთიანებას. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნებზე მაინც და მაინც საერთო სიით წარსდგნენ. უნდა მოხდეს რაღაცა ერთიანი პოზიციის შემუშავება, მოსახლეობასთან შეხვედრა და ა.შ. ოპოზიციის გაერთიანებაში იგულისხმება ერთიანი ქმედება, სტრატეგიის და ტაქტიკის დანერგვა, ერთობლივი განცხადებები რომ გაკეთდეს და ა.შ." - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე