ნაზი ბერიძე
(19.06.2023)

ევროკავშირმა დაგმო რუსეთის მიერ 2023 წლის სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარება. გაიმართება თუ არა არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ანალიტიკოსებს შორის აზრი ორად გაიყო.

ერთი მხრივ ფიქრობენ, არჩევნების ჩატარების შემთხვევაშიც კი რუსეთი ვერ მიიერთებს უკრაინის ტერიტორიებს, მაგრამ, ასევე არსებობს იმის საფრთხე რომ ისინი რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩდნენ რისი იურიდიული უფლებაც რუსეთს არ გააჩნია და ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი წარმომადგენლის პიტერ სტანოს განცხადებით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების ჩატარების შესახებ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

მისი თქმით, ეს არის რუსეთის შემდგომი უშედეგო მცდელობა, განახორციელოს უკანონო სამხედრო კონტროლი უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის ლეგიტიმაციაზე.

სტანომ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი განზრახვები წარმოადგენს გაეროს წესდების, ასევე, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას და რომ „რუსეთს არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე მსგავსი ქმედებისთვის.

სტანოს განცხადებით, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ ყალბი არჩევნების ორგანიზებაში, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

სტანომ ასევე თქვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც პოლიტიკური კვლევის ცენტრის უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ვოლოდიმირ ფესენკო პენტა აცხადებს, ეს არის ამ რეგიონების რუსეთში ინტეგრაციის დემონსტრირება. კრემლი ცდილობს თავისი ოკუპაციის გამყარებას და აჩვენებს, რომ არ დააბრუნებს ამ ტერიტორიებს.

„დანარჩენი მსოფლიო არ აპირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების აღიარებას, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში. მაგრამ, პუტინი კვლავ ცდილობს აჩვენოს ადგილობრივებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ არ არსებობს იმედი და რუსეთი სამუდამოდ აქ არის", - თქვა პენტამ.

15 ივნისს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 სექტემბერს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილში „არჩევნები" დანიშნა. ეს ეხება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის ოლქების ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიპყრეს.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ოლქები რუსეთის შემადგენლობაში შევიდნენ, თუმცა, არსებობს შანსი იმისა რომ ასეც არ მოხდეს და უკრაინამ მოახდინოს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაცია.

„რუსეთის ლეგიტიმაციაში შესვლა რა თქმა უნდა მოხდება, თუ ჩატარდება არჩევნები. არსებობს თუ არა ამის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, ამის შანსი არსებობს თუ სამხედრო საფრთხის ვითარება შექმნეს, იგივე დაბომბვები და დივერსიული მოქმედბები. სხვა ვერანაირად ვერ შეაჩერებენ ამას.

„რუსეთი ოფიციალურად მიიერთებს ტერიტორიას, შევა თუ არ შევა რუსეთის შემადგენლობაში ეს დამოკიდებულია იმაზე უკრაინა რამდენად მოახერხებს გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია.

„ასე შესული იყო რუსეთის ტერიტორიაში იზიუმიც და ხერსონიც მაგრამ გაათავისუფლა უკრაინამ და გახდა უკრაინული" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ

იმიტირებული არჩევნების ჩატარებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ექნება, აცხადებს „რეზონანსთან" ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე.

„ჯერ ერთი ეს არჩევნები არ არის, ეს არის რაღაც იმიტაცია რასაც ცდილობს რუსეთი, ამას გააკეთებს ყველა ვარიანტში, მაგრამ არანაირი იურიდიული ძალა და შედეგი ამას არ ექნება. სხვათაშორის მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში ყველა ქვეყანამ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ არანაირი არჩევნები არ შეიძლება ტარდებოდეს, არც უკრაინაში და არც საქართველოში. ოკუპაციის პირობებში ვერ ტარდება არჩევნები.

„რუსეთი იქ ახლა ამას გააკეთებს. საკითხი არის ის, რომ ამას არ მიევცეს ის შეფასება, რაც უნდა რუსეთს. არამედ მიეცეს ის შეფასება, რასაც აძლევს ევროკავშირი, და რასაც აძლევს მთელი მსოფლიო. ეს ეგრედ წოდებული არჩევნები არ უნდა იყოს აღიარებული. გამორიცხულია რომ რუსეთმა მიიერთოს ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ ამას არ აღიარებს არავინ.

„ამ იმიტირებული არჩევნების თავიდან აცილების შანსი არის ტერიტორიის დეოკუპაცია რომელიც ასე სწრაფად არ მოხდება" - განაცხადა „რეზონანსთან"თენგიზ ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე