ელზა პაპოშვილი
(18.06.2023)

ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადების შემდეგ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო ნაბიჯი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნა იქნება. ამის შესახებ „რეზონანსთან“ ანალიტიკოსები საუბრობენ. რამდენად რეალურია, რომ სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი განაცხადი შეიტანოს და საბოლოოდ, როგორი იქნება ამ საკითხზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება?

ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად როგორ წარმოუდგენია თავად მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება. შემოიფარგლება იგი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებითა და მოწოდებებით, კონკრეტულ იდეებს შესთავაზებს ენმ-სა და ზოგადად ოპოზიციას, თუ თავად სურს გარკვეული პარტიული თანამდებობის დაკავება, გარკვეული სტატუსით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკურ პროცესებში უკვე ოფიციალურად ჩართვა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და დათანხმდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეთავაზებას, დაეკავებინა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა. თუმცა, 6 წლის წინ საქართველოს კანონდებლობაში შეტანილი ცვლილები თანახმად, მას უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვოს და როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, ხელისუფლებას პრაქტიკულად არ აქვს რაიმე ფორმალური მიზეზი, რომ ამაზე ექსპრეზიდენტს უარი უთხრას.

საბოლოო გადაწყვეტილება, სააკაშვილის ოფიციალური მიმართვის შემთხვევაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს.

ენმ-ში სააკაშვილის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მიესალმებია, თუმცა აცხადებენ, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის ფორმებთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს ჯანმრთელობა. მიხეილ სააკაშვილი იქნება ფაქტორი რუსული რეჟიმის დამარცხებაში. რაც შეეხება კონკრეტულ თანამდებობებს, 2024 წლის არჩევნებში ის მიიღებს მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უბრალოდ დახმარება იქნება მისი მხრიდან პოლიტიკაში ჩართვა პრო-დასავლური პარტიებისთვის თუ რა - თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მანამდე კი მთავარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყოს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

მმართველი პარტია და ოპოზიციის ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სკეპტიკურად აფასებს და სწორედ მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არქონაზე აკეთებს აქცენტს.

„ჯერ მოქალაქეობა დაიბრუნოს...“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ სააკაშვილის ადგილას, ჯერ პრეზიდენტს მოქალაქეობას სთხოვდა და ასევე, ბოდიშს მოიხდიდა იმის გამო, რაც წარსულში გაუკეთებია. 

„ყველასთან ვთანამშრომლობთ, ვისაც მართლა თანამშრომლობა უნდა. უბრალოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეტყობოდა აქამდე, რომ თანამშრომლობის სურვილი ჰქონდათ და არც ახლა ეტყობათ. მათ უნდათ მიხეილ სააკაშვილის გვარდიაში ხალხი ჩაეწეროს და ასეთი შეთავაზებები ჩვენ არ გვეხება,“ - აცხადებს ხვიჩია.  

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილმა უნდა ახსნას, თუ რატომ თქვა უარი ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობაზე.

„ოდნავ მაინც რელევანტურად რომ მივიჩნიოთ განცხადება, ჯერ უნდა ილაპარაკოს, რომ ვუბრუნდები საქართველოს მოქალაქეობას, ვითხოვ მოქალაქეობას; თავის დროზე ქართული პასპორტი რომ გადავაგდე და უკრაინული ავიღე, ახლა ისევ მინდა ჩემი ქართული პასპორტიო - ჯერ ეს უნდა თქვას. მერე ის უნდა თქვას, რატომ დათმო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, დამნაშავემ, მაგრამ მაინც, ასე მარტივად საქართველოს მოქალაქეობა, რატომ გაიქცა სხვაგან და რატომ თქვა საქართველოზე უარი. მერე რომ ჩამოვიდა აქ, ვის რა ავნო და რატომ დაიწყო ქართულ სასამართლოში უკრაინულად საუბარი. ამის შემდეგ უნდა ილაპარაკოს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე“, - ამბობს კობახიძე. 

როგორ შეიძლება მოქალაქეობის აღდგენა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადების შეტანა ისუტიციის სამინისტროში შეუძლია, თუმცა ამის შემდეგ მის განაცხადს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს, რის შემდეგაც მათი რეკომენდაციები საქრათველოს პრეზიდენტს გადაეცემა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

„2017 წელს მას, შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევიდა, საქართველოს მოქალაქეს ორმაგი მოქალაქეობის უფლება მიენიჭა. თუკი ადრე საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავდა, ახლა ასე არ არის. სწორედ სააკაშვილის მსგავს პირებს, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, უფლება აქვთ მისი აღდგენა მოითხოვონ. ამიტომ სააკაშვილმა უნდა მიმართოს ჯერ ისუტიციის სამინისტროს. შემდეგ ეს მონაცამები გადეგზავნება უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც მოქალაქეობის მსურველ პირს ამოწმებს. შემოწმების და რისკების შეფასების შემდეგ კი ის გასცემს რეკომენდაციას - უნდა მიენიჭოს თუ არა პირს მოქალაქეობა. სააკაშვილის შემთხვევაშიც ასე მოხდება. ამის შემდგე კი მონაცემები პრეზიდენტს გადაეცემა. 

„სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება, ეს რეკომენდაციები ან გაითვალისწინოს ან - არა. კანონი არ ავალდებულებს ამ რეკომენდაციების უპირობოდ გაზიარებას, თუ ტერორიზმში არაა ეჭვმიტანილი და რამე სხვა მძიმე ბრალდება არ აქვს წაყენებული. 

„სააკაშვილის ნასამართლეობაც ვერ გამოდგება უარის არგუმენტად. შესაძლოა ერთი ის მოიმიზეზონ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მისი პოლიიტკური აქტიურობა ქვეყნის შიგნით არეულობას გამოიწვევს და ა.შ. თუმცა ესეც არ არის არგუმენტი, რის გამოც ყოფილ პრეზიდენტს შეიძლება მოქალაქეობაზე უარი უთხრან. ამიტომ მგონია, რომ მისთვის მოქალაქეობაზე უარის თქმის ბევრი არგუმენტი არ არსებობს“, - ამბობს ხმალაძე „რეზონანსთან“. 

რას შეცვლის სააკაშვილის პოლტიკაში დაბრუნება 

რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას და მის უკან პოლიტიკაში შემობრუნებას, ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ნაბიჯისკენ ექსპრეზიდენტს რამდენიმე გარემოებამ უბიძგა - პირველ რიგში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებამ და ასევე თავად ენმ-ში შექმნილმა სიტუაციამ.

„მიხეილ სააკაშვილი რეალურად არც არსად წასულა და ის ვირტუალურად დაკავების დღიდან ჩართული იყო პოლიტიკაში. მისი ვითომ ე.წ. მომაკვდავობის ამბავი მის გარემოცვას და თავად მასაც სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ციხიდან გამოეხსანათ. მართლები იყვნენ როგორც „ვივამედის“ ექიმები, ასევე იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ამბობდნენ, რომ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა და ყველაფერი ეს დადგმული ფარსი იყო. 

„თავად სააკაშვილმაც კარგად იცის, სტრასბურგის სასამართლოს სიტყვას საერთაშორისო ასპარეზზე რა სახის ძალა აქვს. ამიტომ მიხვდა, რომ ამ თამაშის  გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და პოლიტიკაში აქტიურობა გადაწყვიტა. მიხვდა იმასაც, რომ მისი ამ მომაკვდავობით ყველაზე მეტად პარტიაში ის ხალხი სარგებლობდა, რომლებმაც ის ჯერ მოატყუეს და ჩამოიყვანეს და ახლა მის ამბავს კიდევ დამატებით პარტიის სრულად დაუფლებისთვის იყენებენ“, - განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან“.

მისივე შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ „ნაცმოძრაობის“ ახლანდელმა ხელმძღვანელობამ სააკაშილსს პარტიის მართვაში მონაწილეობის საშუალება მისცეს.

„მე მაინც მგონია, რომ მას პარტიის  მართვაში მერაბიშვილი და კეზერაშვილი არ ჩაახედებენ. ის იქნება მათი მაშველი რგოლი, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის გაააქტიურეს. ამიტომ ახლა ადვოკატები დაიწყებენ იმაზე მუშაობას, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნდეს. ვნახოთ, რა გადაწვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, როგორც კანონშია მითითებული, სააკაშვილის საკითხს უშიშროებაც იხილავს და რა რეკომენდაციას მიაწვდიან ზურაბიშვილს, ალბათ გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებს. სხვაგვარად ის ქართული პოლტიკისთვის განულებული ფიგურაა, რომელიც რაიმე სიახლეს ამომრჩეველს ვერ შესთავაზებს, პრიქით, ის ასევე „ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენს და არაა გამორიცხული ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმაც კი მხარი მმართველ გუნდს დაუჭირონ“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე