ნაზი ბერიძე
(18.06.2023)

ამ უქმეებზე რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოქალაქეებს შორის. ანალიტიკოსებს ამის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, რადგან, მათი შეფასებით, ძალადობის ასეთი აფეთქებისათვის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. თუმცა, „რეზონანსთან" საუბრისას პრაქტიკულად გამორიცხავენ, რომ ეს რაიმე მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისი იყოს.

შაბათს „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს გორში, „სმარტთან" დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მან დაზიანება თვალის არეში მიიღო. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ჯაფარიძე რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. თავდამსხმელი კი იმავე დღეს დააკავეს.

17 ივნისს ასევე მოხდა ინციდენტი სტუდენტებს შორის თსუ-ში, სადაც ერთმანეთს სტუდენტები დაუპირისპირდნენ. უნივერსიტეტში, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის და თსუ-ს ლექტორის ირაკლი კობახიძე ლექციის ჩატარების დროს ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან გასულ დღეებში ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა.

მოგვიანებით კი თსუ-ს ინციდენტს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოჰყვა გაგრძელება, სადა ჩხუბისას დაშავებული ერთ-ერთი სტუდენტი ლუკა შველიძე გადაიყვანეს. თუმცა, ამ ინციდენტზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება. შსს-ს ინფორმაციით, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამოკითხვის მიზნით მისულ სამართალდამცველს თავს ლუკა შველიძე და მისი ახლობლები დაესხნენ. ამის გამო გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.

თუმცა, თავად ლუკა შველიძე აცხადებს, რომ პირს, რომელიც მასთან პალატაში შევიდა, თავი პოლიციის თანამშრომლად არ წარუდგენია და იარაღით დაემუქრა. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

17 ივნისს დილით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ბორჯომში. „გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვების სროლა დაიწყო. პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ. ტრენინგის მონაწილეთა თქმით, ამ თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, რომელიც ახლახანს დაარსებული მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა" ერთ-ერთი ლიდერია. მათივე ინფორმაციით, პოლიცია თავდასხმის ადგილზე მხოლოდ 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და არავინ დაუკავებია.

თავად შაქარაშვილმა ქვების სროლის ფაქტი უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ ინციდენტში მისი მოძრაობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„არანაირი ქვების სროლა არ ყოფილა. ეს იყო აღელვებული საზოგადოება, ქართველი ხალხი, ბორჯომელები, ახალციხელები, ბაკურიანელები, ჩვენი მოძრაობა მხარდამჭერები, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან იმას, რომ უკუღმართმა ადამიანებმა, ამ ქვეყნის, ეკლესიის მტრებმა, საქართველოს არევის მსურველებმა, მოწამლონ ახალგაზრდები", - განაცხადა თავდასხმის ადგილას მყოფმა ვატო შაქარიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია ს/ს კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

18 ივნისს კი იგივე ვატო შაქარაშვილი და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში, „კოკა-კოლას" ყოფილი საწარმოს ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც „ფრანკლინის კლუბის" მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობდა, თუმცა, ამჯერად საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას ამ ინციდენტებს იმით ხსნის, რომ ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს მოთმინების ფიალა აევსოთ. თუმცა, მისი შეფასებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს რაიმე მასშტაბურ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„ეს მიანიშნებს, რომ მხარეებს მოთმინების ფიალა ევსებათ და უკვე თავს ვეღარ იკავებენ იქ, სადაც წესით თავის შეკავებაა უპრიანი. თითქოს ახალი არაფერი ხდება, ყველა იქცევა ისე, როგორც ადრე იქცეოდა, მაგრამ ახლა, რადგან გაჩნდა ეს რეაციები, ეტყობა მოთმინების ფიალა ნელნელა აევსოთ.

„სიმბოლურად ჯაფარიძის შემთხვევა რომ ავიღოთ, გარკვეული პროცესების მონაწილე მხარეები არიან ისინი, ვისთვისაც მისაღებია ჯაფარიძის მოქმედება ბოლო პერიოდის განმავლობაში და ვისთვისაც მიუღებელია. ახლა ვერ ვიტყვით, რომ შარვლის ჩახსნა ყველასთვის მისაღები იყო და ვერც იმას ვიტვით, რომ ყველასთვის მიუღებელი იყო. რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ აქამდე ეს რეაციები ფიზიკური ანგარისშსწორებისა არ იყო.

„რაც შეეხება თსუ-ში დაპირისპირებას, ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირება და, ასე ვთქვათ, არ გადაზრდილა ძალადობაში. ახლა რომ გადაიზარდა და უფრო მძაფრი გახდა, იქაც მემგონი მოთმინების ფიალა ივსება.

„ჩვენ გვინახავს სამოქალაქო დაპირისპირებაც და სამოქალაქო ომიც ვნახეთ. ეს გულისხმობს, რომ არსებობს საზოგადოების ორი თანაბრად დიდი ნაწილი, რომელიც შეუგუებელი უნდა გახდეს ერთმანეთის მიმართ და ა.შ. მემგონი ასეთ ფორმატს არ მიიღებს ეს პროცესები ბევრი მიზეზის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ იმ მასშტაბის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც საქართველოს ისტორიაში არაერთხელ იყო, ისტორიის ამ ბოლოს საფეხურზე აღარავის უნდა და სტაბილური ქვეყანა ბევრისთვის უფრო სასურველია, ვიდრე ადრე. თუმცა არიან არასტაბილურობის მოსურნეებიც, ისინი, ვინც პროვოცირებას უკეთებენ არასტაბილურობას და ვინც ამაზე იძლევიან რეაქციას და რაც მთავარია, მეორე მხარე, ვისაც სტაბილურობა უნდა, სწორედ არასტაბილურობას უწყობენ ხელს. იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არასტაბილურობას ქმნის", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი დაპირისპირებები, როგორც წესი, არჩევნების პერიოდს ემთხვევა ხოლმე. 17 ივნისის ინციდენტები კი, მისი შეფასებით, შესაძლოა ხელისუფლების მიერ იყოს პროვოცირებული, რათა საზოგადოებაში შში და დაბნეულობა შემოიტანოს.

„თითქოს სიახლე ქართულ პოლიტიკაში არაფერი ხდება, მაგრამ პერმანენტულად ასეთი დაპირისპირებები მეორდება ყველა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ხელისუფლება შედის ჩიხში, შემდეგ ჩნდება ასეთი დაპირისპირებები. როგორც წესი, ასეთი რამ საარჩევნო პერიოდს უფრო ემთხვეოდა ხოლმე. არც მანამდე იყო გამორიცხული, მაგრამ უფრო აქტიური ხდებოდა საარჩევნო პერიოდში.

„ახლა სრულიად გაუგებარია ასეთი ინტენსივობა. დაპირისპირების სამი ფაქტი მოხდა ფაქტიურად ერთ დღეში. საკმაოდ დიდი დროა არჩევნებამდე და გაუგებარია ამ ინტენსივობით ამ დაპირისპირების გამოვლენა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ხელისუფლება ასეთ პროცესებს, როგორც ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ჩანს, იწყებს მაშინ, როდესაც მოსახლეობაში კარგავს რეიტინგს და ცდილობს რამენაირად საზოგადოებაში შიშისა და დაბნეულობის ელემენტი შემოიტანოს. დაახლოებით ასე იყო 2011 წელს.

„პოლიტიკაში ივანიშვილის მთავარი დამსახურება, დღევანდელი გადასახედიდან, იყო ის, რომ მან სამოქალაქო დაპირისპირებას აგვაშორა თავიდან. რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობა" ალბათ არჩევნებს გააყალბებდა და მოიგებდა. მაშინ ვიდექით სამოქალქო დაპირისპირების ზღვარზე, რადგან ისეთი განწყობა იყო მოსახლეობაში, რომ წარმოუდგენელი იყო მაშინდელ ხელისუფლებას შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ქაოტური პროცესები დაიწყებოდა. დღევანდელი შეფასებით კი, ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, იმიტომ, რომ ძალაუფლების შენარჩუნებას ის სხვაგვარად ვერ შეძლებს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე