ნაზი ბერიძე
(17.06.2023)

მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, აქვს ილუზია, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის შენარჩუნების შემთხვევაში „ქართული ოცნების" დამარცხება შესაძლებელია. მეორეს მხრივ კი ეს ორპოლუსიანობა მის „ნაციონალურ მოძრაობას" გარანტირებულად შეუნარჩუნებს ქვეყანაში მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ასე აფასებენ „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის გააქტიურებას და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მისი გეგმების კრიტიკას.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე გაკეთებული განცხადება ანალიტიკოსთა და ოპოზიციის ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა. მათი აზრით, ექსპრეზიდენტის ყოველი გააქტიურები ავტომატურად იწვევს არჩევნებზე „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მობილიზებას და შესაბამისად, ამცირებს მმართველი პარტიის დამარცხების შანსებს.

შაბათს ამის საპასუხოდ სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც მიანიშნა, რომ რადგანაც ოპოზიციამ მცდელობების მიუხედავად ვერაფრით შეძლო ე.წ. მესამე ძალის ფორმირება, მათთვის ოპტიმალური გამოსავალი სწორედ ენმ-ის მონაწილეობით დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა უნდა იყოს.

„დაიწყეს უკვე „ოცნების თამაში", „ორპოლუსიანობა ბიძინას აწყობს" და ა.შ. სწორედ ესაა ოლიგარქის ნარატივი. მერე ვინ გიშლით ხელს - შექმენით მეორე, მესამე, მეხუთე პოლუსი და გაანძრიეთ ხელი. მე პრაქტიკულად ხელფეხშეკრული ვარ", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს.

„ჯერ გავერთიანდეთ თემატურად მაგალითად კინოცენტრის თემაზე, სამედიცინო რეგულაციების თემაზე, მიგრაციის საკითხებზე. ვისწავლოთ ერთად შედეგის მიღწევა. არავის არ უნდა დაველოდოთ, მითუმეტეს ოლიგარქის შემოგდებულ ყალბ თემებს. არსებობს რეალური გამოწვევები და ყველამ სათითაოდ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის ძალის და როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „გირჩის", „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები კონკრეტულ საკითხზე ერთად დასხდებიან და გადაწყვეტენ მას, მერე და მერე უფრო გაადვილდება ერთობის შექმნა არა ილუზიური საარჩევნო სიების, არამედ საქართველოს გადარჩენის გარშემო", - წერს სააკაშვილი.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორპოლუსიანობა აწყობს როგორც მმართველ პარტიას, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი პოლიტიკური ბენეფეტიბის უზრუნველსაყოფად.

„ვის აწყობს და ტრადიციულად, როგორც ბოლო ათი წლის განმავლობაში იყო, ეს აწყობს ერთი მხრივ სახელისუფლებო პარტიას, რომელიც ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე მხრივ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს, შესაბამისად, ამ სტატუსს არ უთმობს არავის და აქვს ამ სტატუსიდან გამომდინარე გარანტირებული რაღაც ბენეფიტები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ მოვა იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი შესაბამისი ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ მთავარ ოპოზიციურ ძალად ყოფნაც, როგორც ჩანს, მისთვის არ არის პატარა ამბავი.

„რაც შეეხება იმას, თუ რატომ აწყობს ორპოლუსიანობა ექსპრეზიდენტს, სააკაშვილის აზრების ამოკითხვა ცოტა რთულია, იმიტომ, რომ დღეს სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ნამდვილად არ არის იმ ფორმაში, რა ფორმაშიც იყო რამდენიმე წლის წინ, თუნდაც როგორც იყო უკრაინაში ყოფნის დროს. სააკაშვილს აწყობს ალბათ იმიტომ, რომ მისი პოლიტიკური პარტია იყოს მთავარი ოპოზიციური ძალის როლში.

„გასაგებია, რომ მისი პოლიტიკური აქციები ჯერ ციხეში და მერე „ვივამედში" ყოფნის დროს, მისი სიმულაცია, რომ კვდებოდა და მერე აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაში ჩაბმაც შეუძლია და ა.შ. - ეს ნამდვილად ვერ მოქმედებდა მის იმიჯზე დადებითად. ასეთ სიტუაციაში „ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელობით მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსიც კი საკმაოდ დიდი დივიდენტია.

„მე არ ვიცი სააკაშვილი ივანიშვილის თამაშს თამაშობს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც კი სააკაშვილი აქტიურდებოდა და პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა, ეს ყოველთვის იწვევდა ამომრჩევლის იმ ნაწილის მობილიზაციას, რომელსაც არ უნდა ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის" დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიანაც არ მოსწონდეს „ქართული ოცნება". ეს პირდაპირ „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს", -განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ, შესაძლოა, ექსპრეზიდენტი ორპოლუსიანობას „ქართული ოცნების" დამარცხების წინაპირობად მიიჩნევს, თუმცა, ბოლო წლების პრაქტიკა საწინააღმდეგოს აჩვენებს და რას ეფუძნება სააკაშვილის ოპტიმიზმი გაუგებარია.

„ორპოლუსიანი ველი აწყობს იმას, ვისაც აქამდე აწყობდა და ვინც იგებდა ხშირად ამ ორპოლუსიანობით, ანუ „ქართულ ოცნებას". მრავალპოლუსიანობა მოწოდებით არ კეთდება. თუ პარტიები შეძლებენ მოსახლეობის დაინტერესებას, გაჩნდება ახალი პოლუსები, თუ არა და არაპოლუსური პატარა პარტიები არის და ისინი კლიმატს ვერ ქმნიან

„სააკაშვილს აქვს ილუზია, რომ ორპოლუსიანობის პირობებში დაჯაბნის „ქართულ ოცნებას". უკვე 11 წელიწადია საწინააღმდეგოს ვაკვირდებით და ამიტომ, რას ეფუძნება მისი ოპტიზმიზმი ორპოლუსიანობის შემთხვევაში, ჩემთვის გაუგებარია.

„სააკაშვილი რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობს, პირველად არ ისმის ასეთი ბრალდება და ძირითადად გულისხმობდა იმას, რომ რადგან მოსახლეობა „ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად აიგივებს სააკაშვილთან და რადგან ამ მოსახლეობას „მაციონალური მოძრაობა" არ უნდა, ამიტომ, რაც უფრო გააქტიურდება სააკაშვილი, მით უფრო აქტიური გაუხდება მოსახლეობაში ის ტენდენცია, რომ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას", - განაცხადა „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე