ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღემდე გამორიცხავდა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას. ის სიკვდილს ებრძოდა და ამბობდა, რომ მისი მთავარი ინტერესი უკრაინის დაცვაა რუსეთის აგრესიისგან. თუმცა ახლა, გაუმჯობესებული ჯანმრთელობის ფონზე, ამბობს, რომ ჩაერთვება როგორც უკრაინულ, ისე ქართულ პოლიტიკაში და დაამარცხებს „გარუსებულ საქართველოს მოღალატეებს".
ამაზე ზოგერითი მიმომხილველი ფიქრობს, რომ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" გამაერთიანებლის ფუნქციით დაბრუნებას აპირებს იმ განხეთქილების ფონზე, რაც პარტიაში დიდი ხანია მიდის.
სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე განცხადებას რეაქციები მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში, ისე თვით „ნაციონალური მოძრაობაში", და ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში.
„საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.
მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.
უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.
დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში", სადაც ფიზიკურად შევძლებ.
ასევე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას," - დაწერა ფეისბუქზე სააკაშვილმა.
დადებითი შეფასება მოჰყვა სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში". ენმ, რა თქმა უნდა, მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას,
„მთავარია მას ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში," აცხადებს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„არ ვთვლი, რომ სააკაშვილის განცხადებაში იყო მოწოდება ერთი სიისკენ, თუ რამის გარეშემო გაერთიანებაა საჭირო, ეს არის სტრატეგიული საკომუნიკაციო ხაზის აწყობა „ქართული ოცნების" პროპაგანდის წინააღმდეგ. ამ საკითხზე ყველასთან ვითანამშრომლებ," - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიკოსების სასწაული უწოდა სააკაშვილის გამოჯანმრთელებას.
„ჩემი აზრით, ეს არის „ვივამედის" სასწაული. ადამიანი [სააკაშვილი}, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში. მგონია, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მხიარულები. ეს მოსალოდნელი იყო ისედაც, ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, მიგვაჩნდა, რომ არც არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში". „ნაცმოძრაობამ" უნდა მოითხოვოს თავისუფალი დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და გააუქმებინონ შალვა პაპუაშვილის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებს მასთან არ უშვებენ. მიხეილ სააკაშვილმა მეტი დამაჯერებლობისთვის საავადმყოფოს ნაცვლად ციხის პალატიდან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ამ პროცესებს. ლიდერი იმ პარტიის, რომელსაც გამარჯვება უნდა, უნდა იყოს ციხეში და ჯანმრთელობას და მხნეობას უნდა ასხივებდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მის ჯანმრთელობას არანაირი პრობლემა აღარ შეექმნება", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ოცნების" დეპუტის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სააკაშვილის უკრაინიდან დაბრუნების მიზანი იყო, გადატრიალების მოწყობა და ის პოლიტიკიდან არც წასულა.
„სად იყო აქამდე? სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არც წასულა. უკრაინაში ყოფნის დროსაც ქართულ პოლიტიკაში იმყოფებოდა. საქართველოში შემოპარვის მიზანიც იყო ის, რომ საქართველოს პოლიტიკაში დიდი დესტრუქცია შემოეტანა. მილიონი დახარჯა იმაში, რომ მთელი მსოფლიოს თვალწინ საქართველო უარყოფითი სახით წარმოეჩინა. იძახდა, მომწამლეს, მაწამეს, მკლავდნენ, არ მკურნალობდნენო. სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ დიდ შეთქმულებას წერტილი დაუსვა. ახლა სერიალის ახალ სეზონს გვიანონსებენ - „მე დავბრუნდი ქართულ პოლიტიკაში". ყოველთვის აქ იყო, ყოველთვის ეს დესტრუქციული დღის წესრიგი ჰქონდა. სიახლე ამ კუთხით არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღების მისაქცევი არ არის ეს განცხადება", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნება დაქუცმაცებულ „ნაცმოძრაობას" არანაირ შედეგს არ მოუტანს უარყოფითის გარდა.
„სააკაშვილი რომ მასხარა იყო და ეს ხანგრძლივი აფერა ჰქონდა ამ ეგრეთწოდებულ მომაკვდაობაზე, ის მოწმობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე მიხვდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და უნდა იკვებოს ისე როგორც დანარჩენი პაციენტები და პატიმრები. რაც შეეხება პოლიტიკაში მის ეგრეთწოდებულ დაბრუნებას, სააკაშვილი პოლიტიკაში ისედაც იყო დაბრუნებული ვირტუალურად და ასევე გააგრძელებს პოლიტიკაში ვირტუალურად ყოფნას, რადგან მან უნდა მოიხადოს ბოლომდე სასჯელი
„მაგრამ აქ იბადება შეკითხვა, თუ „ვივამედის" მედპერსონალი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გამოჯანმრთელება მიმდინარეობს, მაშინ საჭიროა მისი გადაყვანა საპყრობილეში, სადაც სხვა პატიმრებიც იხდიან სასჯელს. ასე რომ, პრივილეგირებული მოპყრობა ნამდვილად არ შეეფერება. მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ ისინი დაეყრდნობიან მედიკოსების დასკვნებს.
„რაც შეეხება დაშლილ და დაქუცმაცებულ პარტიას, აქ გაუჭირდება მას ძალიან, ერთი, რომ ის უშუალოდ ვერ აკონტროლებს პროცესებს და რამდენიმე წელი ვერც გააკონტროლებს. მეორე, „ნაცმოძრაობის" ერთ მსხვილ ფლანგზე არის კეზერაშვილი და მერაბიშვილი და ჰყავთ მარიონეტი ხაბეიშვილი. მესამე, ის უკრაინის მოქალაქეა და ვერც ხმას მისცემს არჩევნებში და ვერც ასარჩევი იქნება. არ ვიცი, მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს თუ არა, რომ მისცეს ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში, შესაძლოა ეს პროცესი დაიწყონ მისმა ადვოკატებმა, იმიტომ, რომ ხვდებიან, იურიდიულად გამორიცხულია მისი პოლიტიკაში ყოფნა, ისევე როგორც ამომრჩევლობა. „რაც შეეხება მის გავლენას, უკვე ხვდება, რომ მისი პოლიტიკური მზე დიდი ხანია ჩაესვენა, არავის აინტერესებს და უბრალოდ ინერციულად ზრდილობის გამო ხდება მისი რაღაც მხარდამჭერი განცხადებები. გვახსოვს თავის დროზე ხაბეიშვილი ამბობდა, რომ დაისხნიდა, პერმანენტული აქციები იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთჯერადი აქციით შემოიფარგლნენ მისი მცირერიცხოვანი მხარდამჭერები „ვივამედის" კლინიკასთან.
„როგორც ეტყობა, სააკაშვილს პარტიაში მხარდამჭერებიც არა ჰყავს, ის უბრალოდ ტვირთია და არა აქტივი. უბრალოდ დარჩა „ნაცმოძრაობის" როგორც პოლიტიკური ბრენდი და ახლა მისი სახელით სპეკულირება მისაღებია, მაგრამ კონკრეტული ქმედებები არ ყოფილა, მისთვის სოლიდარობის დაფიქსირება ერთი კარავიც კი არ გაშლილა „ვივამედის" კლინიკასთან. „ნაცმოძრაობაში" შემორჩენ პრაგმატული პოლიტიკოსები, რომლებიც ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის და მათ სჭირდებათ მიშასგან დისტანცირება. ის აღარ წარმოადგენს სიმბოლურობის გარდა მეტ არანაირ პოლიტიკურ კაპიტალს. „დეპუტატების დაშვებას სააკაშვილთან ახორციელებს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი გარემოებებზე დაყრდნობით, შესაძლოა ლიმიტირებულად იყოს მაგრამ არა ისე, მასობრივად როგორც თავიდან იყო," - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.
საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტას მიაჩნია, რომ ბევრი ენმ-ს მისი ქარიზმატულობის გამო აძლევს ხმას.
„შეიძლება სააკაშვილმა გუნდთან ერთად ცალკე გადაწყვეტილება მიიღო, იქედან გამომდინარე, რომ ვთქვათ, ვიცით, „ნაცმოძრაობაში განხეთქილებაა", და ეს უთანხმოება ღრმავდებოდა უფრო. არსებობდა საფრთხე, რომ „ნაცმოძრაობა" დაკარგავდა რეიტინგს. ერთგვარად მას სურს ითამაშოს გამაერთიანებლის როლი და ის ამომრჩეველი, რომელიც მხარს უჭერდა „ნაცმოძრაობას", არ დაკარგოს. ბევრი ადამიანი სააკაშვილის ქარიზმატული ფიგურის გამო აძლევდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას". აქ არის რა თქმა უნდა დადებითი და უარყოფითი ასპექტიც. თუნდაც ის, რომ სააკაშვილმა მანამდე განაცხადა, ის არ იქნებოდა ქართულ პოლიტიკაში, და მეორე განხეთქილება „ნაცმოძრაობაში" აჩენდა იმის საფრთხეს, რომ „ნაცმოძრაობა" ელექტორატს დაკარგავდა, ამიტომაც სააკაშვილმა გუნდთან ერთად ან ცალკე მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„სააკაშვილმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს მის გარშემო. შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობა" ცალკე გავიდეს არჩევნებზე და სხვა დასავლური პარტიების ალიანსი - ცალკე," - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე