ნაზი ბერიძე
(20.05.2023)

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები არც ისე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. ანალიტიკოსების „რეზონანსთან" საუბრისას ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველ რიგში, ოპოზიციას დიდი დრო არ ჰქონდა პროტესტის მოსამზადებლად და, გარდა ამისა, ეს თემა საზოგადოების დიდ ნაწილში ნეგატიურად არ აღიქმება. თუმცა, თუკი ოპოზიცია ხალხის უკმაყოფილების აკუმულირებას შეძლებს, ისინი 7-8 მარტის მოვლენების გამეორებას არ გამორიცხავენ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ მთავარი პრობლემა აქციის ორგანიზატორია. მისი შეფასებით, ელენე ხოშტარიას საზოგადოების ძალიან მცირე მხარდაჭერა აქვს. ამასთან, თემა არის საზოგადოებისთვის ნაკლებ ნეგატიურობის აღმძვრელი. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ოპოზიცია იმუშავებს მოსახლეობაში და ინფომირებას უზრუნველყოფს, თუ რატომ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, მაშინ შეიძლება 7-8 მარტის მოვლენები განმეორდეს.

„ამას მემგონი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და დავაკვირდი პროცესებს, ეს სპონტანურად ორგანიზებული პროტესტი იყო, რომლის ორგანიზატორი გახლდათ პარტია „დროა" და ამ პარტიას არც თუ ისე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „ნაციონალური მოძრაობა" და ვაშაძის პარტია, ირიბად იყვნენ ჩართული, ბოლო მომენტში შეუერთდნენ.

„მეორეც - შეიძლება ითქვას, რომ ფრენების აღდგენა შესაძლოა იმ მომენტისთვის მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის არ იყო ისეთი სენსიტიური თემა, როგორც უცხოური აგენტების შესახებ კანონი. იმიტომ, რომ ამ ფრენებით, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ისარგებლოს.

„რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, მას მხარდაჭერა აქვს სწორედ ისეთი, რაც აქამდე ჰქონდა. უბრალოდ, მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ახლა ფრენების თემა წამოწევა ვერ მოახერხეს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ როგორ ინტენსიურად ცდილობს ოპოზიცია ამ თემის გახურებას, რათა მოსახლეობაში გააჩინოს მუხტი. ზუსტად ისე, როგორც 7-8 მარტის მოვლენების წინ იყო - რომ საქართველო მიდის რუსეთისკენ და შორდება ევროპას. ეს ნარატივი ნელ-ნელა მძლავრობს და სავარაუდოდ, იგივე სახეები გამოვლენ აქციაზე, ვინც იყვნენ 7-8 მარტის მოვლენების დროს.

„იმის თქმა, რომ ფრენების აღდგენის თემა საზოგადოებაში პროტესტს არ იწვევს ამ ეტაპზე რთულია. საპროტესტო აქციის ლოგიკა ვინც იცის, ისიც იცის, რომ საპროტესტო აქციები გორდება თანდათანობით, ხდება ხალხის უკმაყოფილების აკუმულირება და შემდეგ ხდება ამ უკმაყოფილების ექსპლუატაცია სათანადო მესიჯებით, მედია რეპორტაჟებით და ა.შ." -განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აქციებზე ხალხის სიმცირეს საპროტესტო იდეის არასწორ ფორმულირებასა და საზოგადოების არასწორ ინფორმირებას უკავშირებს. ამასთანავე, ფიქრობს, რომ ეს თემა საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ხოლო ოპოზიციას აქციის ორგანიზებისთვის ცოტა დრო ჰქონდა.

„ფრენების აღდგენა მოსახლეობაში დიდ შფოთვას არ იწვევს. თან, ვფიქრობ, ინფორმაცია მიწოდებული იყო არასწორად. ფრენების აღდგენა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც მთელი მსოფლიო თანამეგობრობა და მოკავშირეები ცდილობენ რუსეთი იზოლაციაში მოაქციონ, ფრენებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ იზოლაციიდან მის გამოსვლას.

„ახლა მოსახლეობა ფიქრობს, რომ ფეხით თუ შეიძლება რუსეთიდან შემოსვლა, თვითმფრინავი რომ ჩამოფრინდეს, რა პრობლემაა?! თანაც ოპოზიციას ამ აქციის ორგანიზებისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. პროტესტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მასობრივი რომ არ იქნებოდა, ეს იყო გასაგები.

„ამასთან, აქ არის მეორე საკითხი - ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მუდამ ცდილობს დაიწყოს საპროტესტო მოძრაობა დროზე ადრე, როცა სიტუაცია ჯერ მომწიფებული არ არის, რაც პირიქით მუშაობს და არა ოპოზიციის სასარგებლოდ.

„აღარ აქვს ოპოზიციას მხარდაჭერა? აქაც მცდარი შეხედულებაა ჩამოყალიბებული. თუ ოპოზიცია გამოიტანს ისეთ თემას, რომელიც საზოგადოებაში მხარდაჭერით არ სარგებლობს, რა თქმა უნდა, პროტესტი არ იქნება. ამიტომ ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ფრთხილი უნდა იყოს", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე