ელზა პაპოშვილი
(19.05.2023)

„ნაციონალური მოძრაობა“,  სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. როგორც ჩანს, ისინი უკვე სააკაშვილის დასაბრუნებლად ემზადებიან. გახდება თუ არა პარტიის დამფუძნებელი პარტიისთვის მაშველი რგოლი, უახლოვეს დღეებში გახდება ცნობილი.  გავრცელებული ინფორმაციით, თუ თანხმობა იქნება, მესამე პრეზიდენტს 2024 წლის არჩევნებზე პარტია პრემიერობის კანდიდატადაც  წარადგენს. 

უახლოეს დღეებში, კონსულტაციები „ვივა მედის“ პალატაში დაიწყება. ამ ამბავს ენმ-ის წევრი და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს. ამბობს, რომ მზად არიან  პოლიტიკური მოქმედების შესახებ მითითებები სააკაშვილისგან მიიღონ. მათ შორის, თუ როგორ უნდა იბრძოლონ ქუჩაში მისი გათავისუფლების მიზნით. ახლა ყველაფერი პატიმარი პრეზიდენტის პასუხზეა დამოკიდებული - შეცვლის თუ არა ის შარშანდელ გადაწყვეტილებას, როცა ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირდა.    

„ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, მათ ინტერესებში შედის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრონ,“ - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ენმ ეცდება,  ხმები შემოიკრიბოს და სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატადაც კი დაასახელოს: 

„არ ვიცი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დაასახელონ იმიტომ, რომ ამით ხმების შემოკრებას ეცდებიან. სააკაშვილის ფიგურა იწვევს დიდ პოლარიზაციას, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს „ნაციონალურ მოძრაობა“, მაგრამ ასევე გააძლიერებს „ოცნებას“, რადგან აძლიერებს პოლარიზაციას,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.   

ენმ-მ სააკაშვილის გარეშე პოლიტიკური მომხრეების მოზიდვა უნდა ისწავლოს - ასე ეხმიანება რომან გიცირიძე ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია მესამე პრეზიდენტთან პოლიტიკურ თემებზე კონსულტაციას იწყებს. 

„რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მან უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად არსებობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, უნდა ისწავლოს მიშას გარეშე პოლიტიკური მომხრეების მოზიდვა, მაშინ, როდესაც მიშა აქტიურად არ არის პოლიტიკაში,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.   

„ჩაიხურა ყალბი კამპანია, რომელიც სააკაშვილის მიერ მის გასათავისუფლებლად წარმოებდა. მარტივი გეგმა იყო, რაც ჩაიშალა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ახლა უნდა გადავიდნენ გეგმა „ბე“-ზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილი შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში, საიდანაც სინამდვილეში არასოდეს წასულა,“ – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ის დღემდე რჩებოდა რადიკალური ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თამაშია. რაც უფრო მეტი კრიმინალი იქნება რადიკალური ოპოზიციის სათავეში, მით უკეთესია, რადგან საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს რადიკალური ოპოზიციის მანკიერ სახეს. ამ ყველაფრით არსებითად ვერაფერი შეიცვლება. ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვან ძვრას გამოიწვევდა, ჰგონიათ, რომ მას დღემდე აქვს შემორჩენილი ქარიზმა და გავლენა ქართულ პოლიტიკასა და ქართულ საზოგადოებაში. სინამდვილეში, საზოგადოებამ კარგად დაინახა და შეისწავლა სააკაშვილის ბუნება და კარგად იცის, რომ ის არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი კრიმინალი. აქედან გამომდინარე, მისი ფორმალური, არაფორმალური თუ ისეთი და ასეთი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა კობახიძემ.   

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სრული ქაოსია და პარტია მიხეილ სააკაშვილის კონტროლიდან გასულია. ენმ-ს რამდენიმე  ე.წ. ფეოდალი მართავს და ვინ ვის ემორჩილება, თავად აღრ იციან. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ახლა 2024 წლის არჩევნებში  ენმ-ს, რომელსაც ყველა გამოკითხვების მიხედვით რეიტინგი კატასტროფულად აქვს დავარდნილი, მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ბრენდი სჭირდება. ამიტომ მის ქართულ პოლიტიკაში ისევ შემოყვანას შეეცდებიან.  

„რეალურად არ არის სიმართლე, თითქოს სააკაშვილი ქართულ პოლიტკაში ჩართული არ იყო. უბრალოდ ეს ერთ-ერთი ტაქტიკა იყო იმისთვის, რომ ციხისთვის თავი დაეღწია. მისი ეს განცხადება არც არავის დაუჯერებია. ამიტომაც ახლა თავად სააკაშვილიც ხედავს, რომ სხვა გზა აღარ დარჩა და პოლიტიკაში კვლავ აქტიურად შემობრუნდება. რაც შეეხება მის პარტიას, რა თქმა უნდა, სიხარულით მიესალმებიან, რადგან სააკაშვილს როგორც მაშველ რგოლს  ისე გამოიყენებენ.   

„ამის პარალელურად კი ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიაში გავლენებს აძლიერებენ. პარტიას სრულიად წმენდენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან. რეგიონებში მერაბიშვილმა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების მეშვეობით წმენდა ჩაატარა. თავიდან ისეთ ხალხს იშორებენ, რომლებსაც წინააღდეგობის გაწევა შეუძლიათ. ამიტომ სააკაშვილი თუ უკან პოლიტიკაში შემობრუნდება, ის ნომინალური ფიგურა იქნება და მხოლოდ მისი სახელით ისარგებლებენ. ის ციხიდან პარტიას საერთოდ ვეღარ აკონტორლებს. ამიტომ ყველა სათავისოდ  რაღაცეებს ცდილობს. ვხედავთ, რომ ენმ-ს რამდენიმე  ფეოდალი მმართველი ჰყავს და ერთმანეთთან კომუნიკაცია კი უჭირთ“, - ამბობს აბაშიძე.  

მისივე თქმით, პარტიის გაყოფა გარდაუვალია, ამიტომ რეიტინგის დაკარგვის შიშით, ვანო მერაბიშივლი და დავით კეზერაშვილი თავს იზღვევენ და სააკაშვილის ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობენ. მათი ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნებში პარლამენტში შესასვლელად სააკაშვილის მომხრეები შემოიკრიბონ. რეალურად კი სააკაშვილის ბედი არ აინტერესებს, მისი ციხიდან დახსნას არც არავინ აპირებს. პირიქით, ამ მდგომარეობაში მყოფი  სააკაშვილი ყველაზე მეტად აწყობთ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე