ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რასაც „ოცნება" კატეგორიულად არ ეთანხმება. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უბრალოდ ეშინია, რადგან აქ შიეძლება მათთან დაახლოებული პირების ბრალი გამოიკვეთოს, ამაზე „ოცნებაში" პასუხობენ, რომ მიმდინარე ნაყოფიერი გამოძიების პროცესში ასეთი კომისიის შექმნა უადგილოა და, გარდა ამისა, ამა შეიძლება საიდუმლო დოკუმენტაციის გაჟონვას შეუწყოს ხელი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი გამოძიების შეფერხებაა.
„ქოლცენტრების საქმეზე საერთაშორისო დონის გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიის ერთადერთი მიზანია, რომ საგამოძიები პროცესი იყოს დისკრედიტირებული და შეფერხებული. მიზანშეწონილი არ არის, როცა გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს, ამ პროცესის შეფერხება მოხდეს", - განაცხადა პირველ არხთან ქადაგიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი ოპოზიციას მხოლოდ ოლიგარქი კეზერაშვილის ინტერესების დასაცავად სურს, რა თქმა უნდა, არ იქნება მართებული გამოძიების სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.
„ფაქტია, რომ ევროპული გამოძიება არ არის ჯერ დამთავრებული, ამ ევროპულ გამოძიებასთან თანამშრომლობენ ქართველი სამართალდამცველები. იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს ნებისმიერ საქმეში, ქოლ-ცენტრი იქნება, ქურდობა თუ ყაჩაღობის დანაშაული, გამოძიებამ უნდა მიიტანოს ეს საქმე სასამართლომდე და შემდეგ სასამართლო გადაწყვეტს ამას. მაგრამ კეზერაშვილს და მის ასე ვთქვათ მარიონეტებს, თვითგამოცხადებულ პოლიტიკოსებს, აქვთ ერთი მარტივი ხრიკი, რომ მოითხოვონ და პარლამენტის დერეფნებში, პარლამენტის დარბაზში გახდეს ცნობილი ის თუ რა სამხილები აქვს ევროპულ გამოძიებას კეზერაშვილისა და მისი ამფსონების წინააღმდეგ.
„ასე რომ, სრულიად ლოგიკურია, საპარლამენტო კომისია ამ ეტაპზე აბსოლუტურად უადგილოა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ძებნილი ოლიგარქი კეზერაშვილის ადვოკატების ინტერესებისთვის არის,რომ მეტი გაიგონ. ძებნილმა კეზერაშვილმა შეიტანა სარჩელი ბრიტანულ სასამართლოში ბიბისის წინააღმდეგ, ძალიან ტრაგიკომიკური იქნება მისთვის და საზოგადოებისთვის კომედიური რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო. ასე რომ, ამ ეტაპზე ეს საპარლამენტო გამოძიება უადგილოა," - განაცხადა „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა გია აბაშიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ „ოცნებას" კომისიის ეშინია.
„ქართულ ოცნებას" არ უნდა საგამოძიებო კომისიის შექმნა იმიტომ, რომ მათი ხელშეწყობის გარეშე გამორიცხულია რაიმე სახით ტრანსნაციონალური დანაშაული ჩაიდინოს ვინმემ," -განაცხადა „რეზონანსთან" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირკიტაძემ.
„როგორ შეიძლება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ ხელი შეუშალოს გამოძიებას. პირიქით, კომისიის მუშაობის მასალები მხოლოდ ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურობას. დამატებითი დეტალების და გარემოებების გაჩენამ როგორ შეიძლება გამოძიების პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გახდის უფრო ეფექტურს და მეტ სანდოობას და გამჭირვალობას შესძენს.
„ქართულ ოცნებას" მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება არ აწყობდეს კომისიის შექმნა. ეს მიზეზი გასაგებია: შესაძლოა თვითონ იყვნენ გარეული ქოლ-ცენტრების საქმიანობაში და, ბუნებრივია, შიში აქვთ, რომ ამ საერთაშორისო თაღლითურ ინდუსტრიაში თვითონ აღმოჩნდებიან მონაწილე სუბიექტად. სხვა ტიპის ახსნას ნამდვილად ვერ ვპოულობ.
„თუ უნდათ, რომ ეს გახმაურებული თემა საზოგადოებისთვის მეტად ობიექტური და ნათელი გახდეს, უნდა დაეთანხმონ და მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას. წესით მათ ინტერესებშია ამ საკითხებზე ღიად საუბარი და სიმართლის დადგენა," -განაცხადა „რეზონანსთან"კობა ნაყოფიამ.
„რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი - საგამოძიებო კომისია არა თუ არ შეაფერხებს, არამედ ხელს შეუწყობს გამოძიების მიმდინარეობას. კომისიის სხდომები შეიძლება წარიმართოს დახურულ რეჟიმში, შესაბამისად ყველანაირი ბერკეტი არსებობს იმისთვის. რომ თუ რამე კონფიდენციალურობის დაცვა არის აუცილებელი, ამის უზრუნველყოფა მოხდეს. ერთადერთი მიზეზი რატომაც „ოცნებას" არ სურს საგამოძიებო კომისიის შექმნა, არის ის, რომ კომისიის მსვლელობაში გამოვლინდება „ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების პირდაპირი თანამონაწილეობა არალეგალური ქოლ-ცენტრების საქმიანობაში," - განაცხადა „რეზონანსთან" სალომე სამადაშვილმა.
2 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე