თამთა ჩაჩანიძე
(19.05.2023)

„არა რუსეთთან ფრენებს"- ამ ლოზუნგით ოპოზიციამ პარლამენტთან მასშტაბური აქცია მას შემდეგ დაანონსა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. სამოქალაქო აქტივისტები რუსული თვითმფრინავის დაშვებასაც პროტესტით დახვდნენ.

„პროტესტი რა შედეგს გამოიღებს, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სიმძლავრის და მასშტაბის აქცია გაიმართება და ეს ერთჯერადი იქნება თუ არა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, პროტესტის ტალღა არ იქნება ისეთი, რომ ხელისუფლება აიძულოს და უკან დაიხიოს, მაგრამ პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აეროპორტში მგზავრთა ნაკადის შესვლას მკაცრად აკონტროლებენ. მედიის ინფორმაციით, რამდენიმე აქტივისტია დაკავებული, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე რუსული თვითფრინავის დაშვებას აპროტესტებდნენ.

აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის მონაწილეებმა პარლამეტთან აქცია დაანონსეს, მოგვიანებით ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას 19:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.

ფრენების აღდგენას „ლელოც" ეწინააღმდეგება, პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „საქართველოს ჩუმი ანექსია მიმდინარეობს და გამოღვიზების დროა."

„სასწრაფოდ დაუწესდეს რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი! ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ საქართველოს ქართველების გარეშე!" - წერს მამუკა ხაზარაძე.

ლოზუნგს „არა რუსეთთან ფრენებს" უერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, იგი ტვიტერზე წერს, რომ „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში თავისი არასასურველი რეისი განახორციელა".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პროტესტის დაანონსება სწორი გადაწყვეტილებაა.

„პროტესტი რომ უნდა იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება. სწორი გადაწყვეტილებაა და გასაპროტესტებელი საქმეა. ცალკე აღებული ფრენები რა თქმა უნდა არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს საჯარო და ოფიციალური გამოხატულებაა იმის, რომ ჩვენ ვიწყებთ კავშირების გამყარებას იმ ქვეყანასთან, რომელსაც მთელი ცივილური სამყარო იზოლაციაში ამყოფებს და მასზე სანქციებს აწესებს, ესაა ამ პროტესტის მნიშვნელოვანი თემა.

„რაც შეეხება იმას თუ რა შედეგს გამოიღებს, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სიმძლავრის და მასშტაბის აქცია გაიმართება და ეს ერთჯერადი იქნება თუ არა. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, პროტესტის ტალღა არ იქნება ისეთი, რომ ხელისუფლება აიძულოს და უკან დაიხიოს, მაგრამ პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე