რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი", რომელსაც ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნების სიიდან ამოღება მოუწია, 19 მაისს საქართველოში პირველ რეისს ახორციელებს, ოპოზიცია კი პროტესტს აანონსებს - რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით აქცია-მსვლელობას გამართავს.
თავის მხრივ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ რუსეთიდან ფრენების აკრძალვით და სანქციების დაწესებით, რასაც ოპოზიცია ითხოვს, „საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც".
„დროას" დაანონსებულ პროტესტს „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც უერთდება.
„მთელი ჩვენი პარტნიორები, ვისთანაც კი მქონდა საუბარი, გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მიიჩნევს გეოპოლიტიკურ, საგარეო კურსის ცვლილებად საქართველოს შემთხვევაში. ანუ, „ოცნებამ" მკაფიოდ განაცხადა, რომ მე აღარ მინდა ევროკავშირი და ნატო, მე მინდა რუსეთი. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ინდივიდუალურ საუბრებში დიპლომატების მიერ გამოთქმული პოზიცია," - აცხადებს ვაშაძე.
აქციის ოპრგანიზატორი პარტია „დროაა", რომელიც წერს, რომ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, 19 მაისს თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება.
„რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი", რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი.
19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება.
უნდა ვიცოდეთ, აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც: ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა; „აზიმუტის" თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია, რომელიც სანქცირებულია. ის სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს.
„ვიაკომპანია „აზიმუტის" თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. „რუსული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „ფეისბუქზე" წერს, ავიაკომპანია „აზიმუტი" საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს, ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა კი მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა, დღეის მდგომარეობით კი ეს ავიაკომპანია სააგენტოს განცხადებით, ევროკავშირის შავ სიაში არაა.
„საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინზი" იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა", - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
„ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა სამშობლოში ჩამოსასვლელად - რასაც გვიკიჟინებენ, იმით საქართველო დაზარალდება ეკონომიკურადაც და საფრთხეა, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც", - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი კითხვას, რას იღებს საქართველო ფრენების აღდგენის სანაცვლოდ.მისივე თქმით, თუკი საქართველო აკრძალვებს დააწესებს, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე არსებობს.
„მე ვიცი, რომ საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მისაღებად საქართველომ თქვა გადამწყვეტი სიტყვა, რუსეთი მიიღეს ამ ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობიდან გამომდინარე და სამაგიერო საქართველოს არაფერი მიუღია. ჩვენთვის სამაგიერო არის ასიათასობით ჩვენი თანამემამულის ინტერესი, რომ არ იხადოს სამჯერ, ოთხჯერ მეტი თანხა, რათა თავის სამშობლოში ჩამოვიდნენ.
„მეტი სხვა ინტერესი საქართველოს არ გააჩნია. არის კიდევ ერთიც, ნებისმიერ შემთხვევაში იმით, რასაც გვიკიჟინებენ, რომ ავკრძალოთ და გადავიდეთ სანქციების რეჟიმში, საქართველო დაზარალდება, დაზარალდება ეკონომიკურად და დიდი საფრთხე არსებობს, რომ დაზარალდეს სამხედრო თვალსაზრისითაც, შესაძლო აგრესიას ვგულისხმობ, საზღვრების გადაკეტვას, აგრესიულ ქმედებებს, თუნდაც ისეთს როგორსაც რუსეთი ატარებს არამარტო უკრაინასთან მიმართებით, სულ ახლახან წყნარ ოკეანეში უშველებელი სამხედრო ვარჯიში ჩაატარა, უამრავი რესურსი გააჩნია რუსეთს, რომ დაგვაზიანოს და გიკიჟინებენ გადახვიდე რეჟიმზე, რომელიც შენ მოგიტანს მხოლოდ ზიანს. საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია, რეიკიავიკის სამიტმა ყოველგვარ შეკითხვებს გასცა პასუხი,"- განაცხადა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე