ნაზი ბერიძე
(18.05.2023)

„რუსეთი ყოველთვის გამონახავს ძალებს, რომ საქართველოს დაარტყას. ამიტომაც ამას უფრთხის საქართველოს ხელისუფლება. როგორც ჩანს ხელისუფლებას აქვს რაღაც ინფორმაცია ამის თაობაზე და ამიტომაც იჩენენ ასეთ სიფრთხილეს," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ოცნების" ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე საუბრისას, მათ შორის რუსეთთან ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენის კონტექსტში.

როგორც ის „რეზონანსთან" აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან მიმართებით თავს იზღვევს, ხოლო ევროკავშირისგან დისტანცირების სურვილი ნამდვილად არ გააჩნია, რადგან ეს „ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

„საქართველოს ხელისუფლებას რომ სდომებოდა დასავლეთისგან დაშორება, ის უკვე 10 წელიწადზე მეტია ხელისუფლებაში და ამას მე მგონი ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხებდა. მაგრამ ის, რისი გაყიდვაც უნდა ოპოზიციას - ევროპისგან და ზოგადად დასავლეთისგან დაშორება ამ ფრენების აღდგენის შედეგად, არის მათი ჩვეულებრივი მესიჯ-ბოქსი. პრინციპში, ამას ამბობდნენ მანამდეც, სანამ რუსეთი ფრენებს აღადგენდა და უვიზო მიმოსვლას დააწესებდა, რომ „ქართული ოცნება" არის პრორუსული და შორდება ევროპას და არაფერი ახალი მათ ამ განცხადებაში არ არის.

„ევროპამაც გამოთქვა შეშფოთება ამის გამო, მაგრამ ევროპა დღეს ისეთ მდგომარეობაშია უკრაინაში მიმდინარე ომის და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რომ ის რუსეთის ნებისმიერ ნაბიჯს, განსაკუთრებით იმ ქვეყანასთან, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად ითვლება ასოცირების ტრიოს წევრად, ეჭვის თვალით და შეშფოთებით უყურებს. ამით არის გამოწვეული პიტერ სტანოს ბოლოდროინდელი განცხადებები, რომელსაც ოპოზიციამაც აუბა მხარი და ეს მესიჯ-ბოქსი მთლიანად გადმოიტანა თავის განცხადებებში.

„ქართული ოცნება" პოლიტიკურ თვითმკვლელობას არ ჩაიდენს, დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი გეოპოლიტიკური ვექტორი შეცვალოს. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება და ამას მოჰყვება საზოგადოების დაახლოებით ისეთივე რეაქცია, როგორიც იყო 7-8 მარტის მოვლენების დროს.

„რაც შეეხება რუსეთსთ, ვიტყოდი, რომ საქართველო უფრო პრაგმატულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. მე მინდა ცოტა ისტორიული ექსკურსი გავაკეთო, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, ამ დაშლის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა საქართველო. იმიტომ, რომ რუსული დათვის ტორი ყველაზე უფრო მძიმედ და მტკივნეულად მოხვდა ჩვენს ქვეყანას. სხვა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა მიიღეს ისე, რომ მაინც და მაინც დიდი ძალისხმევა არ დასჭირდათ და კონფრონტაციებში არ შესულან. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ფრთხილობს, რუსეთმა შეიძლება კუდი და ტორი მოიქნიოს, მითუმეტეს როცა უკრაინაში საქმე ისე არ წაუვიდა, როგორც თავად უნდათ, და შეიძლება ვიღაცაზე იყაროს ჯავრი.

„თუკი საქართველომ დაიწყო ანტირუსული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენ არ მივიღებთ რუსულ ბორტებს, ჩვენ არ გვჭირდება რუსული რეჟიმი და თუ საპასუხოდ დავუწესეთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა ეს გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ, რაღაცა დესტრუქციული მოქმედებებისთვის.

„კი, მართალია, ცალკეული ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს რუსეთს ამის თავი არა აქვს, არ შეუძლია და ის უკრაინაზეა გადართული, მაგრამ ვერ დავეთანხმებოდი მათ ამ მოსაზრებას. რუსეთი ყოველთვის გამონახავს ძალებს, რომ საქართველოს დაარტყას. ამიტომაც ამას უფრთხის საქართველოს ხელისუფლება. შეიძლება ეს თავის გადაზღვევად ჩანდეს ფართო საზოგადოებაში, მაგრამ როგორც ჩანს ხელისუფლებას აქვს რაღაც ინფორმაცია ამის თაობაზე და ამიტომაც იჩენენ ასეთ სიფრთხილეს," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე