შესაძლოა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 მაისს ევროპარლამენტს სიტყვით ისევ ვერ მიმართოს, ბრიუსელში ამ ვიზიტის შესახებ მთავრობის თანხმობა ჯერ კიდევ არ არის - მმართველი გუნდის წარმომადგენლები შიშობენ, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს გამოსვლას განგებ უბლოკავენ.
ანალიტიკოს გია აბაშიძეს „რეზონანსთან" უჭირს იმის თქმა, საბოლოოდ საქართველოს მთავრობა რას გადაწყვეტს, თუმცა დასძენს, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები საკუთარი ელექტორატისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა წინააღმდეგობაში მოდის.
"ეს არის მთავრობის ექსკლუზიური უფლება, თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.
"ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები პარლამენტში, როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აქვე აღსანიშნავია, რომ 31 მაისს ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის წინ, სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ძლიერდება, რათა მან „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალოს. გვარამიას განთავისუფლების მოძრაობის წევრებმა პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მის ადმინისტრაციასთან აქცია დანიშნეს. როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი აცხადებს, უფრო მძლავრი ზეწოლა პრეზიდენტზე დასავლეთიდან მოდის და არ გამორიცხავენ, რომ შეიწყალოს კიდეც, ან ყველაზე მინიმუმ რაიმე დაპირებისმაგვარი თქვას ტრიბუნაზე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და საბნოლოო სიტყვაც მას ეკუთვნის, თუმცა დასძენს, რომ პრეზიდენტის განცხადებები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„ვერ გეტყვით საქართველოს მთავრობა საბოლოოდ რას გადაწყვეტს, თუმცა პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია თავის ელექტორატისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა წინააღმდეგია. არაერთი დამაზიანებელი განცხადებით გამოდის, რომელი ერთი გავიხსენო: პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა, მისი მავნებლური ტვიტები და ა.შ. პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბერკეტი არაა, თუმცა ვხედავ, რომ ეს განწყობები არის საზოგადოების იმ იდიდ ნაწილში, რომლებმაც 2018 წელს ხმა მისცა, რომ რა გახდა ეს მავნებელი პრეზიდენტი, რით ვერ მოიცილეს თავიდანო.
„სამწუხაროდ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი კონსტიტუციურად და კანონმდებლობით ვერ მოხდება. სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელ და საკუთარი ხალხის შეურაცხმყოფელ პრეზიდენტს მე მგონი დაავიწყდა, რომ ორბელიანების სასახლესთან ათასობით ადამიანი მივიდა და ამ საზოგადოებას მაშინაც უტიფრად მიმართა.
„ჩემთვის რთულია იმის პროგნოზირება, დართავენ თუ არა ევროპარლამენტში გამოსვლის ნებას. ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრია და საქართველოს საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს და არა ზურაბიშვბილი.
„ნიკა გვარამიას შეწყალება-არშეწყალებაზე ზურაბიშვილის ორაზროვანი განცხადებები ძალიან დამაფიქრებელია. ზუსტადაც მის ელექტორატს ეს ორაზროვანი განცხადებები აღიზიანებს. ენმ-ს გარდა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ზეწოლა ევროპიდანაც არის, ეს დაფარული ამბავი არაა, მას ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, როგორც ღიად, ისე კულუარულად მოუწოდებენ, რომ გვარამია გაათავისუფლოს, მაგრამ ეს მისი საზოგადოებრივი რეიტინგისთვის კატასტროფა იქნება. შეიძლება უმართავი პროცესების მცდელობა იყოს აღშფოთებული ხალხის მხრიდან, ეს არც ხელისუფლებას და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უნდა, ასეთი არეულობები შეიძლება „ნაცმოძრაობას", ომის პარტიას, აწყობდეს.
„გაუგებარია ზურაბიშვილი როგორ მოიქცევა, ბოლო დროს, იგი საკმაოდ არაადეკვატური გახდა და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ გვარამიას შემთხვევაში მისთვის კატასტროფულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს", - განაცადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე