„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა პარტიული კრიზისი გასულ კვირას კიდევ უფრო გამწვავდა. მიზეზი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების არჩევნების გამოცხადება გახდა. ხაბეიშვილის თქმით, ეს პროცესი 20 მაისამდე დასრულდება. ნიკა მელიას ფრთა კი მას ამის გამო აკრიტიკებს და მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შემოდგომაზე ენმ-ში თავმჯდომარის ახალ არჩევნებს უნდა ველოდოთ.
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, თავის დროზე პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის გაყვანა მერაბიშვილი-კეზერაშვილის ტანდემს იმისთვის სურდა, რომ ნიკა მელია და მისი გუნდი პარტიის მართვიდან ჩამოეშორებინა. ცენტრალურ დონეზე ეს უკვე მოხდა და ახლა, როგორც ჩანს იგივე პროცესი უკვე რეგიონალურ ორგანიზაციებში იწყება. ამის შემდეგ კი, ანალიტიკოსთა აზრით, ხაბეიშვილი თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ თავს ამოწურას და მისი შეცვლა დადგება დღის წესრიგში.
უკვე სახელდება ხაბეიშვილის სავარაუდო შემცვლელებიც - ლევან ბეჟაშვილი, ან პეტრე ცისკარიშვილი.
„63 მუნიციპალიტეტში, ქალაქში, რაიონში, ყველას, ვისაც აქვს სურვილი და პრეტენზია, რომ ადგილზე მართოს „ნაციონალური მოძრაობა“, 4-დან 9 მაისამდე შაბათ-კვირასაც იმუშავებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანცელარია, შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადები“, - ამბობს ხაბეიშვილი პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლობებში დანიშნულ არჩევნებზე საუბრისას.
ახალი ურთიერთბრალდებები ენმ-ში
ხაბეიშვილის მიერ რეგიონებში შდაპარტიული არჩევნების დანიშვნას ენმ-ის მეორე ფრთხის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ხაბეიშვილი და მისი ჯგუფი პარტიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულეს და წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს.
„არ მიმაჩნია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ადამიანის საკუთრებაა. ეს პარტია ყოველთვის ახერხებდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ერთად გაერთიანებას. დღეს ვხედავთ, რომ პარტიაში არის ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა მიტაცება. გამოჩნდა, რომ რეალურად არჩევნებში მიშა სააკაშვილის განთავისუფლების დროშით მოსული ადამიანების მთავარი მოტივაცია იყო პარტიის ხელში ჩაგდება, პარტიის მიტაცება. მხოლოდ და მხოლოდ სკამები, თანამდებობები - 3 თვის განმავლობაში მხოლოდ ეს მესმის. რეალურად, დაპირებები, რომელიც თავის დროზე უხვად გასცეს, აღმოჩნდა მხოლოდ ფასადი, ტყუილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ლევან ხაბეიშვილი და კონკრეტული ჯგუფია დღეს სათავეში, პარტიის ნახევარი რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე დგას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ სიტუაციის სტაბილურობას და შემდგომ ერთიანობას“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩო დოლიძემ.
ლევაან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ ვინმე სურდა თუ არა, პარტია გაძლიერდება და რეგიონალურ ორგანიზაციებში არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ გაიმართება და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე. ეს აღარ შეიცვლება, პარტიაში პოლიტიკური პროცესი - ვინმეს უნდა ეს თუ არა - იქნება, დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
აქვს თუ არა შანსი მელიას ახალ არჩევნებში
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილის გადაყენება და თავმჯდომარის ახალი არჩევნები უფრო შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი. ამასთან, პარტიის სათავეში ნიკა მელიასა და მისი ჯგუფის დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. აქედან გამომდინარე იგი მელის ურჩევს დროზე გამოეყოს ენმ-ს, თუ ასეთი რამ გადაწყვეტილი აქვს და აქედანვე დაიწყოს მზადება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
„რა თქმა უნდა, ლევან ხაბეიშვილი არ იყო და არ არის ის ფიგურა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს დიდი ხნით დაიკავებდა. ის უბრალოდ ნომინალური ფიგურაა, რომელიც მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა ნიკა მელიას თავიდან მოსაშორებლად დააყენეს. ახლა რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოიშორებენ, ხაბეიშვილის ხელით გაწმენდენ და თავმჯდომარედ სხვა კანდიდატურას დააყენებენ.
„მე ვვარაუდობ, რომ თავმჯდომარის ახალი არჩევნები შემდოგომისთვის დაინიშნება. სწორედ ამას ელოდება მელიაც და მისი ფრთა. ფიქრობენ, რომ არჩევნებში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას და უკან პარტიის მმართველობაში დაბრუნებას შეძლებენ.
„მგონია, რომ ეს მცდარი წარმოდგენაა, რადგან მერაბიშვილი-კეზერაშვილი მას უკან არ დააბრუნებენ, ძლივს მოიშორეს. ახლა ხედავენ, რომ ლევან ხაბეიშვილი უკვე პარტიაშიც მიუღებელია, დაპირებებს შეახსენებენ და მოიშორებენ. თანაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან საკონტაქტოდ უფრო სხვა დონის ფიგურა სჭირდებათ. რომელიც მათ უკეთ იცნობს და მათთან კომუნიკაცია არ გაუჭირდება. ხაბიშვილს ბოლომდე იმას გააკეთებინებენ, რაც უნდათ და მერე გაუშვებენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუკი ნიკა მელიას პარტიიდან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, სჯობს მალევე წავიდეს. სხვაგვარად ის იმ ხმებს დაკარაგვს, რომელიც ლევან ხაბეიშვილთან შიდა არჩევნების დროს აიღო. რაც დრო გავა, პოლიტიკური პროცესები შეიცვლება, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფება დაიწყება და მელიას შემდეგ ახალი პოლიტიკური პლატფომრის შექმნა გაუჭირდება.
„მელიას ორი ვარიანტი აქვს - ან დარჩეს და ძალიან ნიმინალური ფიგურა იყოს, რასაც ფაქტია, არ შეეგუება, ან დროზე გავიდეს და გარკვეული პოლიტიკური ძალა შექმნას. მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნებს ელოდება.
„საქმე კი ისაა რომ, დიდი ალბათობით, ხელისუფლება 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებს. შესაბამისად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველამ თავს უნდა უშველოს. გადაჯგუფება უნდა დაიწყოს. პირადი წყენები დაივიწყონ და საქმეს მიხედონ.
„თუკი ხელისუფლება დაინახავს, რომ პროცესები არ მიდის ისე, როგორც მას სურს, მაშინ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ეს კი პატარა პარტიებისთვის კატასტროფა შეიძლება აღმოჩნდეს. „ოცნებას“ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველაზე მეტად აწყობს. ამიტომ სანამ დროა ენმ-ს ურჩევნია გაიყოს და პატარა პარტიები გადაჯგუფდნენ“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ქოლცენტრების სკანდალი და სააკაშვილის ფაქტორი
რამაზ საყვარელიძეც ასევე ფიქრობს, რომ ხაბეიშვილმა მასზე დაკისრებული როლი უკვე შეასრულა. როგორც ანალიტიკოსი „რეზონანსთან“ აცხადებს, პარტიის რეგიონალურ ორგანიზაციებში არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილის გადადგომაც დადგება დღის წესრიგში.
„მერაბიშვილს და კეზერაშვილს პარტიის სრულად ხელში ჩაგდება უნდათ და მელიას მაქსიმალურად ავიწროვებენ. რეგიონებში მელიას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ მის ხელმძღვანელებს შეცვლიან და იქ თავის ხალხს დანიშნავენ. ხაბეიშვილს პარტიაში ბოლომდე წმენდას ჩაატარებინებენ და გაუშვებენ. რა თქმა უნდა, დანიშნავენ ადამიანს, რომელიც პარტიის ე.წ. ვეტერანი პოლიტიკოსებისთვის მისაღები იქნება, ალბათ პეტრე ცისკარიშვილს, ან ლევან ბეჟაშვილს. ძველი სახეები არიან, თან დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია ნამდვილად შეუძლიათ.
„კეზერაშვილს ახლა, ე.წ. ქოლცენტრების ამბის შემდეგ, დასავლეთთან აქტიური კომუნიკაცია სჭირდება, რომ თავი გაასაღოს პოლიტიკოსად, პარტიის დამფინანსებლად და ლიდერად. ამისთვის კი კაცი დასჭირდება.
„მიშა სააკაშვილი ეხლა არავის ანაღვლებს. პირიქით, გარეთ გამოსული არც არავის უნდა. მისსავე გარემოცვა ურჩევნია შიგნით ამ ფორმით იყოს. ამიტომ ძალთა გადანაცვლება ჯერ არ დასრულდება. უფრო დიდი ამბები იქნება. მელიას ადრე თუ გვიან წასვლა მოუწევს. ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოს, გააგდებინოს თავი მერაბიშვილ-კეზერაშვილს, თუ თავისი სურვილით წავიდეს პარტიიდან“, - ამბობს საყავრელიძე „რეზონანსთან“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე