ელზა პაპოშვილი
(04.05.2023)

ლევან ხაბეიშვილის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ენმ-ში  შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. პარტიული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა რაიონში საარჩევნო პროცესი 4 მაისიდან დაიწყება. პარტია რაიონული ორგანიზაციების თავმჯომარეებს აირჩევს, არჩეული კანდიდატები კი საბოლოოდ პოლიტიკურ საბჭოში მოხვდებიან.  

ნიკა მელია და მისი მომხრეები პარტიის ახალ  მენეჯმენტს ურჩევენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგშია, უმჯობესია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე კონცენტრირდნენ. ამ არჩევნებმა, მელიას აზრით, შესაძლოა პარტიაში ახალი დაპირისპირება გააჩინოს.  

მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი. მის გუნდს დაუშვებლად მიაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებისა და თავდასხმის ახალი კერების გაჩენა.  

ამ განცხადებას ენმ-ს თავმჯდომარემ უკვე უპასუხა. 

„ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტიდან, ვეღარ იმართება“ - ამბობს ხებეიშვილი მელიას საპასუხოდ. მისი თქმით, პროცესი 20 მაისამდე დასრულდება და „პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული“. 

„პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ იმართება მომავალშიც და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადგილებზე პარტიის ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული. ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ, ცოტა უცნაურია“, - ამბობს ხაბეიშვილი. 

ყველა მიმართულებით იმკიან იმას, რაც დათესეს. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება – აცხადებს ირონიულად უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სერიალი, ერთ სერიაში მელია გადააყენა ხაბეიშვილმა, ამ სერიაში მელია ცდილობს ხაბეიშვილის გადაყენებას.  დავით კეზერაშვილმა უკვე ისაუბრა, შემდეგ სერიაში როგორი სცენარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაცილებულია სერიოზულ საქმიან პოლიტიკას და წარმოადგენს შიდა ძალაუფლების განაწილებას, იმ დესტრუქციული პოლიტიკის შედეგს, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის უნდოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი მიიღო საკუთარ პარტიაში. რაც დათესეს, იმას იმკიან ყველა მიმართულებით. შესაბამისად, ახალ პარტიას შექმნიან თუ ფერს შეიცვლიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ნიკა მელიას პარტიის  დატოვების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ამას რაც უფორ მალე გააკეთებს, მით უკეთესი იქნება. მას მხარდამჭერები ნამდვილად ჰყავს და ეს შიდაპარტიულ არჩევნებშიც გამოჩნდა. 

„არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა მოხდება. იმასაც არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნებიც დანიშნოს. ამიტომ მელიას თუ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება სურს, პარტია მალევე უნდა დატოვოს. თუ ელოდება, რომ შემდგომაზე ხაბეიშვილს გადაირჩევენ, რადგან არ ასრულებს დაპირებებს და სააკაშვილის  გასათავისუფლებლად არ იბრძვის, ფუჭი იმედი მგონია. რომც  გადაირჩიონ, მელიას უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილი არ დააბრუნებენ. ამიტომ სჯობს დრო აღარ გაფლანგოს და პარტია თავის მხარდამჭერებთან ერთად დატოვოს.   

„მგონია მას 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება. შიდა არჩევნებით გამოჩნდა, რომ მხარდამჭერების ხმები ხაბეიშვილსა და მას შორის შუაზე გაიყო. ამიტომ ეს რესურსი უნდა გამოიყენოს. 2024 წლისთვის ოპოზიციურ ფლანგზე თუ გადაჯგუფება არ მოხდა, სავალალო სურათს მივიღებთ. ენმ-ს მელია რომც გამოეყოს, 5%-იან ბარიერს მაინც გადალახავს. „ოცნებასაც“ და ნაციონალებსაც თავისი მხარდამჭერები ჰყავთ. ამიტომ საფიქრალი ისაა, პატარა პარტიები როგორ გადაჯგუფდნენ. ვინაიდან ბლოკების შექმნა აკრძალულია, ამიტომ  საერთო სიებით გასვლა და პარტიის გამსხვილება მოუწევთ. საფიქრალი ბევრია და დრო უკვე ცოტა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლოა „ოცნებამ“ პოლიტიკური მოვლენების განვითარების შესაბამისად რიგგარეშე არჩევნებიც კი დანიშნოს, მერე რას შვრებიან?“ - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე