თამთა ჩაჩანიძე
(04.05.2023)

მმართველი პარტია პირდაპირ ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევა არც იგეგმება და დღევანდელ პარლამენტში ამ საკითხზე კონსენსუსი ვერ შედგება, თუმცა აქვე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპის პრაქტიკას ახსენებს, სადაც 3-იდან 5-პროცენტამდე ბარიერი ყველაზე ოპტიმალურია.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და „ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები".

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნებას" ახლა ბარიერის თემის მიჩუმათება აწყობს, რადგან თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, „პოლიტიკური ტემპერატურა აიწევა".

ამასთან ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამ მოცემულობით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის სურათი შეიქმნება, რომ ორი პარტია - „ოცნება" და ენმ - გავა.

„ეჭვი მეპარება, რომ „ოცნებამ" ბარიერი დასწიოს, ამაში დარწმუნებულიც ვარ და ამიტომაც მათი განცხადებები ჩემთვის ახალი არაა. პირიქით, ყველაფერი იქითკენ მიდის, ვიღაცას რაღაცას დააბრალებენ, ვითომ გაბრაზდებიან და გაიბუტებიან. ასეთი რამ არ გააკეთეს თუ რა? აგერ ვნახეთ, რომ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ბარიერის დაწევაზე წავიდნენ, მაგრამ თუკი დასწიეს, არა მგონია, რომ 3% ან 4%-ზე ნაკლები იყოს. მათ ბარიერზე დისკუსიაში შესვლა არ აწყობთ, რადგან ეს საზოგადოებაში ცუდად გამოჩნდება, ამიტომაც საერთოდაც ურჩევნიათ თქვან, რომ ეს ჩვენი დღის წესრიგი არაა, მიაჩუმათონ და სალაპარაკოც აღარ იქნება.

„როგორც კი ამ თემაზე პარლამენტში განხილვა დაიწყება, მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ამაზე აეწყობა, ტემპერატურა აიწევა, პრესა და ხალხი ამაზე ილაპარაკებს, რომ ეს უნდათ, ეს არა, ნახეთ როგორ მაიმუნობენ და ა.შ. „ოცნებას" ზუსტად ამ ჭუჭყში და ტალახში ჩასვლა არ უნდა და ამიტომ მგონია, ყველაფერს გააკეთებენ, ეს განხილულიც კი არ იყოს.

„ამ მოცემულობით 2024 წლის არჩევნებზე ის სურათი შეიქმნება, რომ ორი პარტია - „ოცნება" და ენმ - გავა. თუ „ნაცმოძრაობა" გაიყოფა, რეიტინგი იმას ექნება, ვისაც 5 ნომერი შერჩება, ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს მნიშვნელობა არ აქვს.

„თუ მელია მალევე ერთ-ორ თვეში ენმ-ს გამოეყოფა და ახალ პარტიას შექმნის, შეითვისებს და დაელაპარაკება „ნაცმოძრაობიდან" ოდესღაც წამოსულ ხალხს (ასეთები ბევრნი არიან), შეიძლება ენმ-ს მეორე ცენტრი შიქმნას, რომელსაც შანსი ექნება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერის დაწევა არ იგეგმება და ვერც წარმოუდგენია დღევანდელი პარლამენტის შემთხვევაში ამ საკითხზე კონსენსუსი შედგეს.

„სახელმწიფოების გამოცდილებაში, მათ პრაქტიკაში რომ ჩავიხედოთ, კლასიკური გაგებით, მიიჩნევენ, რომ 3-დან 5 -პროცენტამდე ბარიერი არის ყველაზე ოპტიმალური, იქიდან გამომდინარე, რომ რისკებს გამორიცხავს და მეორე მხრივ, პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს და ამ ბალანსში პოულობენ ხოლმე ყველაზე რელევანტურ გადაწყვეტას. საქართველოს მაგალითზე ძალიან უცნაური რამ ხდება. მაინცდამაინც ხუთპროცენტიან ბარიერზე არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ აირაის დასკვნებს, რაღაცა თითქოს მცდელობა არის ყამირი მიწის გამოჩენის პოლიტიკურ ველზე, რომ გაერთიანებისკენ უბიძგონ „ლელოს" და რადიკალური ოპოზიცია რომ არის - ბოლშევიკური ტროიკა იმათ მაგვარ პარტიებს. ამათი გაერთიანება თითქოს არის ახალი ძალების ერთობა, რომელიც შექმნის მესამე ძალას საქართველოში. წარმოიდგინეთ, „ნაცმოძრაობაზე" უარესი „ნაცმოძრაობა" რომ არის, იქიდან რაღაც ის [გაერთიანება] გვიანონსდება. ამის ილუზიით ისინი ხუთპროცენტიან ბარიერს ძალიან არ ურტყამენ. დღეს კონსტიტუციაში ასეა [5%-იანი ბარიერი] და საკონსტიტუციო ცვლილება ამ პარლამენტში კონსენსუსით როგორ მოხერხდება ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა მდინარაძემ.

ერთ-ერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, მაშინ რატომ დაჰპირდნენ წინასაარჩევნოდ ხალხს, რომ შემდგომ არჩევნებზე საარჩევნო ბარიერი 2%-მდე დაიწევდა და იცოდნენ თუ არა თავიდანვე, რომ ეს დაპირება ცრუ იყო, ან რას ნიშნავდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაშიც, ამავეს ჰპირდებოდა.

„კითხვა უნდა გავიმეორო, როგორი ფორმულირებით სვამთ ამ შეკითხვას. „თავიდან იცოდით, თუ არა, რომ ეს დაპირება იყო ცრუ" - მე გეუბნებით, რომ არ იყო ცრუ დაპირება და შემიძლია აგიხსნათ რატომ. თუ მიგაჩნიათ, რომ ცრუ დაპირება იყო, ჩემს პასუხს აზრი არ აქვს. თქვენ იტყუებით, რომ დაპირება ცრუ იყო. ეს თქვენი ინტერპრეტაციაა. თქვენ იტყუებით ამ წუთში, იძულებული ხართ, რადგან წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე მატყუარა ტელევიზიას. რატომ არ იყო ეს ცრუ და რატომ იტყუებით თქვენ: პირველი - შარლ მიშელის შეთანხმებაში რაც ჩაიწერა, იმის შესრულების აღარანაირი ვალდებულება ხელისუფლებას აღარ გააჩნდა, რადგან მთავარი აქტორი მეორე მხარეს, ხელს არ აწერდა ამ დოკუმენტს. თქვენ გინდათ, რომ ტრენდი დანერგოთ, მე და თქვენ რაღაც ხელშეკრულება გავაფორმოთ, მიუხედავად იმისა, ამას ხელს მოაწერთ თუ არა, და მე ვალდებული ვიყო ეს შევასრულო. ცალმხრივი ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს ძალაში. მეორე - ასევე ტყუილი თქვით, თითქოს განგრძობადად ირაკლი კობახიძემ დააანონსა მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ თუ სტატუსს მივიღებდით, დაიწევდა ბარიერი. ჯერ სტატუსი არ მიგვიღია, უკვე ცრუს უწოდებთ განცხადებას და ამით იტყუებით", - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში" განაცხადა, რომ ბარიერის 2%-მდე დაწევა არ განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე