თამთა ჩაჩანიძე
(04.05.2023)

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მისცეს და „ქართულ ოცნებას" წინაპირობები არ წაუყენეს, „ავტორიტარიზმი გამყარდება და მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც ქვეყანას კარს არ დახურავს, თან „ოცნებას" ავტორიტარიზმის გაძლიერებაში არ დაეხმარება". ამაზე ანალიტიკოსებში აზრი ორად იყოფა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ორი სცენარის განვითარებას ელოდება, ერთის მიხედვით, კანდიდატის სტატუსს იმ დათქმით მოგვცემენ, რომ ეს არა „ოცნების", არამედ ქართველი ხალხის დამსახურებაა და რეფორმების განხორციელება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

მეორე სცენარის მიხედვით კი კანდიდატის სტატუსს ქვეყანას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღებს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ დემოკრატიულად ჩატარდა.

„თუ რამე დათქმა არ იქნება და პირდაპირ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, რა თქმა უნდა „ოცნება" განაცხადებს, რომ ეს მისი დამსახურებაა და მიიჩნევენ, რომ ყველაფერი გაუვიდათ, ეს კი შემდგომში პრობლემას შექმნის. ამის ბევრი მაგალითი უკვე გვაქვს, რომ 2012 წლის მერე „ოცნებას" ბევრი რამე გაუვიდა, რაზედაც დასავლეთი ბევრჯერ თვალს ხუჭავდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართვლი ხალხის არჩევანია, პირველ რიგში, ის დათქმა უნდა მოჰყვეს, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა „ოცნების". თუმცა იმისთვის, რომ შემდგომი ინტეგრაცია მოხდეს, აუცილებელია, შესაბამისი რეფორმები გაატაროს, ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

„კანდიდატის სტატუსი რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მერე საქართველოს ხელისუფლებას შემდგომი რეფორმები მოეთხოვება, თუ ეს არ შესრულდა, შესაძლოა სტატუსი არ გაგვიუქმონ, მაგრამ ფაქტია, რომ ამის მერე ქვეყანა ამ მხრივ წინ ვერ წავა და ევროკავშირში არ მიიღებენ, სანამ შესაბამისი რეფორმები არ განხორციელდება.

„მოლოდინი მაქვს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ მგონია, რომ ევროკავშირი ახლა უფრო პრინციპული იქნება. ან მეორე ვარიანტიცაა, შესაძლოა ქართველ ხალხს, რომ გული არ დაგვწყვიტონ, კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ გადაიწიოს, ამ წლის დეკემბერში არ მოგვცენ და მოთხოვნა იყოს, რომ 2024 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და არჩევნების შემდეგ მოგვანიჭონ.

„ახლა კი განაცხადებს ევროკავშირი, რომ კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის დამსახურებააო, მაგრამ სტატუსი რომ მოგვცენ, როგორც ღარიბაშვილმა ახლახანს ევროპული პერსპექტივა თავის თავზე მიიწერა, შესაძლოა სტატუსიც „ოცნებამ" მიიწეროს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რესონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს - განცხადებებით დაწყებული, ევროპაში ვიზიტებით დამთავრებული.

„რუსული ფულით დასპონსორებული ელენე ხოშტარია და მისი თანამზრახველები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საქართველოს ევროინტერაცია შეაფერხონ და ამისთვის ათასგვარ მიზეზს იგონებენ, მაგრამ საქართველოს მისცემენ თუ არა კანდიდაის სტატუსს, ეს მათი კი არა, ევროკომისიის, მათი ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, თუ დოკუმენტი რა დათქმებით, როგორი შექებით და მეგობრული კრიტიკით იქნება.

„თუკი საქართველომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო, დესტრუქციულ ოპოზიციას ყველა განზრახვა წყალში ჩაუვარდება. ეს მათ საპროტესტო მუხტს დააგდებს და ამიტომაც ამაზე არიან ორიენტირებულები. მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობიანი განვითარება არაა.

„გინდ საქართველოში საჯარო განცხადებებით და გინდ ბრიუსელში მავნებლური ვიზიტებით და შეხვედრებით ყველანაირად ცდილობენ ევროპელი ჩინოსნები გადაარწმუნონ, რომ ის სამართლიანი გადაწყვეტილება არ მიიღონ, რომლიც საქართველოს შარშანდელი წლიდან, პარამეტრებიდან გამომდინარე ეკუთვნის. ოპოზიცია დეკემბრამდე არ დამშვიდდება და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზა შეაფერხონ, თუმცა მათი ნებისმიერი დესტრუქცია ფუჭი იქნება.

„12-პუნქტიან რეკომენდაციებში დეპოლარიზაცია შეუსრულებადია, ამას დასავლეთის წამყვან ქვეყნებშიც ვერ მიაღწიეს. შესაძლოა ამ პუნქტზე გარკვეული რჩევები მოგვცენ. არ მგონია, რომ სხვა პუნტებზე ანალოგიური რჩევები იყოს, თუმცა ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, რომ დარჩენილი ორი პუნქტის შესრულებაზე ხმის მიცემა ჩავარდეს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

„თუ კანდიდატის სტატუსი ყველაფრის მიუხედავად მოგვცეს, არანაირი წინაპირობა არ წაუყენეს „ქართულ ოცნებას", ეს ნიშნავს რომ აქ ავტორიტარიზმი გამყარდება. მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც თან ამ კარს არ დახურავს, თან „ქართულ ოცნებას" არ დაეხმარება ავტორიტარიზმის გაძლიერებაში", - ამის შესახებ „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსთან განაცხადა.მისივე თქმით, ამ კარის დახურვა და მერე მისი გაღება ძალიან რთული იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე